გურჯაანის ტატიას საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯაანის „ტატიას“ საყდარი (IX-X სს.), არქიტექტურული ძეგლი, დგას ქ. გურჯაანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე, ტყეში. არ არის ცნობილი, ვის სახელზე იყო აგებული. ხალხში მას ტატიას საყდარს უწოდებენ.

ე. წ საყდარი დარბაზულია (8,3 მ X 8 მ), რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (მთელ სიგრძეზე) გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ეკლესია და მინაშენები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით შეკეთებულ ადგილებში (ეკლესიის გარეთა კუთხეების ქვედა ნაწილები აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელების წირთხლები) გამოყენებულია კვადრატული აგური.

ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. კამარა დაბზარულია, აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ფართო (სიგანე – 5-10 სმ) ბზარი დაუყვება, გარედან ჩრდილო-დასავლეთი კუთხე თითქმის მთლიანად მონგრეულია. სამხრეთ მინაშენის გადახურვა ჩამონგრეულია; ჩრდილოეთ მინაშენის ჩრდილოეთი კედლის შუა ნაწილში გამჭოლი ბზარია, კამარა დაბზარულია, ზოგან ჩამონგრეული. ეკლესიას და ჩრდილოეთ მინაშენს სახურავის საფარი ჩამოშლილი აქვს.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთი კარი კედლის შუა ნაწილშია, ჩრდილოეთისა – აღმოსავლეთ კიდეში. ორივე კარის წირთხლები მოგვიანებით (სავარაუდოდ, მინაშენების აგების დროს) აგურით ამოუყვანიათ და ღიობი ფიქლის მოზრდილი ქვით თარაზულად გადაუხურავთ. მათგან სამხრეთ შესასვლელს თავდაპირველად რიყის ქვით ნაწყობი ტიმპანი ჰქონია და შიგნით და გარედან ნახევარწრიული თაღით ყოფილა გადახურული (გარეთა თაღი მოგვიანებით ამოუშენებიათ), ჩრდილოეთ კარი კი შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა.

ეკლესიის შემაღლებული პროპორციების დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით (შიდა ზომები: 7 X 3 მ, სიმაღლე – 5 მ), რომელშიც მაღალი, შიგნიდან და გარედან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული ოთხკუთხა ტრაპეზის ნაშთია შემორჩენილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, მისი თაღი ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია კამარაც. დასალეთ კედელში, შიგნით და გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ერთი ცარიელი სამარხია.

სამხრეთ მინაშენი უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც ვიწრო და მაღალი, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. მინაშენის გადახურვა დაყრდნობილი იყო ეკლესიის სამხრეთ კედლზე მიშენებულ თაღედზე (შემორჩენილია კვალი და აღმოსავლეთ თაღის ქუსლის წყობის ნაწილი).

ჩრდილოეთ მინაშენიც უაფსიდოა. განათებულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილი თითო დაბალი, თითქმის კვადრატული ფორმის სარკმლით. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ერთი მსგავსი ნიში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ერთი ქუსლი დაყრდნობილია ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულ ოთხ პილასტრზე (დანგრევის პირასაა მისული) და მათზე გადაყვანილ თაღებზე. მინაშენის დასავლეთ ნაწილში ქვიშაქვის ქვებით შედგენილი სამარხია (გახსნილია).

ეკლესიის სამხრეთით 200 მ-ზე, სადიაკვნედ წოდებულ ადგილში, ნახევარწრიული კამარით გადახურული და სამი მხრიდან მთლიანად მიწაში ჩამჯდარი რეზერვუარია (1,8 მ X 1,6 მ, სიმაღლე – 1,7 მ). იგი ნაშენია საშუალო ზომის რიყის და წვრილი ნატეხი ქვით. შიგნიდან გალესილია კირის მტკიცე ხსნარით. ნაგებობის დასავლეთ კედელში მოწყობილია ორი პატარა ხვრელი, საიდანაც მიწიდან ნაჟონი წყალი რეზერვუარში (სანახევროდ მიწითაა ამოვსებული) გროვდებოდა. რეზერვუარს წყლის სადინარი ღარი აქვს დატანებული.

თ. მარკოზაშვილი

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები