გურია-სამეგრელოს ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურია-სამეგრელოს ეპარქია — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსოს ეპარქია. კათედრლური ტაძარი – ფოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსოს გურიისა და სამეგრელოს ეპარქიების ტერიტორიების შერწყმის შედეგად 1885 წ. მოიცავდა დასავლურ ქართულ ისტორიულ პროვინციებს: სამეგრელოს (1829-1873 წწ. სამეგრელოს ეპარქიის შემადგენლობაში, 1873-1885 წწ. იმერეთის), გურიის (ოზურგეთის მაზრა; 1844-1885 წწ. გურიის ეპარქიის შემადგენლობაში), სვანეთისა და ოდიშის (ლეჩხუმის, ზუგდიდისა და სენაკის მაზრები; 1857-1885 წწ. გურიის ეპარქიის შემადგენლობაში), აჭარის, შავშეთის, კლარჯეთის, იმერხევის, კოლას, არტაანის, ოლთისის (ართვინის, ბათუმის და ოლთისის ოლქები; 1878-1885 წწ. გურიის ეპარქიის შემადგენლობაში). 1901 წ. გურია-სამეგრელოს ეპარქიაში 322 ათასი მორწმუნე მართლმადიდებელი ირიცხებოდა. იყო 352 სამრევლო და 458 ეკლესია, სადაც მსახურობდა: 8 დეკანოზი, 425 მღვდელი, 90 დიაკონი და 375 მედავითნე.

მოქმედი იყო: ჯუმათის მონასტერი, იოანე ნათლისმცემლის უდაბნო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მარტვილის მონასტერი, ნახარებოს ხარების მონასტერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ხობის მონასტერი, შემოქმედის მაცხოვრის მონასტერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის თეკლათის დედათა ზოგადცხოვრებული მონასტერი, ჯიხეთის დედათა მონასტერი. გურია-სამეგრელოს ეპარქიის ტერიტორიაზე გაიხსნა 2 სასულიერო სასწავლებელი (სამეგრელოსა და ოზურგეთის), 141 სამრევლო სამზრუნველო, 7 საეკლესიო ბიბლიოთეკა, 135 სამრევლო და 16 დაწყებითი სკოლა, 4 სამონასტრო სკოლა. მოქმედებდა საეპარქიო კანცელარია და სასულიერო წოდების უპოვართა სამზრუნველო.

XX ს. დასაწყისში კავკასიაში ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტთან დაკავშირებით იგეგმებოდა გურია-სამეგრელოს ეპარქიიდან გამოეყოთ სვანეთი და ჩაერთოთ ის სოხუმის ეპარქიაში, რადგანაც ქუთაისსა და რაჭიდან სვანეთში მიმავალი გზა ღია იყო მხოლოდ ზაფხულის თვეებში, ხოლო შავი ზღვის სანაპიროს მხრიდან მდ. ენგურის გაყოლებით მშენებარე გზა უზრუნველყოფდა მომავალში სვანეთში მისვლას მთელი წლის განმავლობაში. კავკასიაში ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შემდეგ, სინოდის საგანგებო კომისიის სხდომაზე (1916 წ. 29 თებერვალი – 1 მარტი), დაისვა საკითხი, რომ შეეცვალათ საქართველოს საეგზარქოსოს სახელწოდება კავკასიის მიტროპოლიით და გურია-სამეგრელოს ეპარქიის შემადგენლობაში შეეყვანათ სამურზაყანოსა (სოხუმის ოკრუგი) და აჭარის (ბათუმის ოკრუგი) ტერიტორიები.

გურია-სამეგრელოს ეპარქიამ არსებობა შეწყვიტა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსოს გაუქმებისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთანავე – 1917 წ.

გურია-სამეგრელოს ეპარქიას მართავდნენ: გრიგოლი (დადიანი; ხელდასხმა 1886 წ. 25 მარტს; 1898 წ. 20 მარტს გათავისუფლებულია ეპარქიის მმართველობისაგან; გ. 1907წ. 12 ოქტომბ.); წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე; გორის ყოფილი ეპისკოპოსი, ქართლის ეპარქიის ვიკარი 1898 წ. 20 მარტიდან; 1903 წ. 4 ნოემბრიდან პენსიაზეა; გ. 1907 წ. 9 ნოემბერს); ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე; ალავერდის ყოფილი ეპისკოპოსი, საქართველოს ეპარქიის ვიკარი 1903 წ. 4 ნოემბრიდან; 1905 წ. 16 აპრილიდან ბალტის ეპისკოპოსი, პოდოლსკის ეპარქიის ვიკარი); ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი; ხელდასხმა 1905 წ. 25 სექტ.; 1908 წ. 1 თებერვლიდან იმერეთის ეპისკოპოსი); წმ. ლეონიდე (ოქროპირიძე; იმერეთის ყოფილი ეპისკოპოსი, 1908 წ. 1 თებერვლიდან; 1917 წ. 12 აგვისტოდან თბილელი მიტროპოლიტი; 1919 წ. (21-ში აირჩიეს), 23 თებერვალს მოხდა მისი აღსაყრდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად).

ე. ბუბულაშვილი

ლიტერატურა

  • ბუბულაშვილი ე. რუსეთის ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები, საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, 8, თბ., 2004;
  • Дурново Н., Правда о Грузинской Церкви, Tфл., 1907;
  • Иоселиани Пл., Краткая история Грузинской Церкви СПб., 1843;
  • Кирион, Краткий очерк истории Грузинской Церкви и экзархата за XIX столетие, Тфл.,1901;
  • Рункевич C., Грузинский экзархат, ПЭБ., т. 4.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები