გულგულის ყველაწმიდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულგულის ყველაწმიდის ეკლესია – (XVI ს. ბოლო), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფრლ გულგულის (თელავის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია) შუა ნაწილში, მთავარი გზის პირას.

ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა საშენი მასალით არის შესრულებული. თავდაპირველი ფენა, რომელიც მეტნაკლებად ყველა კედელს შემორჩა, სავარაუდოდ, მოზრდილი ზომის რიყის ქვით ირეგულარულადაა ნაწყობი. კედლის ზედაპირი გასწორებულია მოყვითალო ფერის კირის წმინდა ხსნარით, რომელიც ქვებს შორის არსებულ არეებს ავსებს და ნაწილობრივ მათ ზედაპირებსაც ფარავს. ეს ფენა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შემორჩა. აღმოსავლეთ ფასადზე იგი თითქმის ფრონტონის ძირამდე აღწევს, ჩრდილოეთისაზე – მიწის დონიდან 1 მ-ის სიმაღლეზე, დასავლეთ ფასადზე კი, 2-2,5 მ სიმაღლეზე. დანგრეული ეკლესია მოგვიანებით აღუდგენიათ (სავარაუდოდ, XIX ს.). განახლებული ნაწილები რიყის წვრილი ქვის და აგურისაა. თითქმის მთლიანადაა განახლებული სამხრეთი კედელი. მასში ძველი ფენიდან უმნიშვნელო ნაწილებიღა შეიმჩნევა.

ეკლესია დარბაზულია (6,2×3,8მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან დასრულებულია ნახევარწრიული თაღით, რომელსაც აშკარად ატყვია გვიანდელი შეკეთების კვალი. ადრე იგი ჩასმული ყოფილა კედლის მცირედ შეღრმავებულ, სწორკუთხოვან არეში (თითქმის მთლიანადაა ამოშენებული), რომელსაც კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი ვიწრო ზოლი აგვირგვინებდა (შემორჩენილია შეღრმავების სამხრეთი კიდე და ზოლის მცირე ნაწილი). შესასვლელს შიგნიდან ხის ბრტყელი გადახურვა აქვს.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია თითქმის სწორკედლებიანი საკურთხევლით, რომელიც აღმოსავლეთისკენ შესამჩნევად ვიწროვდება. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა, უსწორმასწორო გვერდების მქონე სარკმელი. მისი ღიობი გარედან მოგვიანებით (შესასვლელის თაღის შეკეთებისას) ამოუშენებიათ და კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად შეულესავთ. ერთი სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშიცაა, იგი კედლის განახლებულ ფენაშია მოქცეული და ინტერიერისკენ შესამჩნევად ფართოვდება. როგორც შემორჩენილი კვალით დგინდება, ქვის ბრტყელი გადახურვა ჰქონია.

საკურთხევლისა და დარბაზის საზღვარზე ქვით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას, რომლის მსგავსი ნაგებობა საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიცაა, ამ ადგილას არსებული მცირე ნიშის ქვემოთ. როგორც ჩანს, იგი სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ერთი სწორკუთხა ნიში საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშიცაა. საკურთხეველს ტლანქად ნაწყობი კამარისებრი გადახურვა აქვს. გადახურვის ქუსლის დონეზე – ჩრდილოეთითა და სამხრეთით – თითო მცირე სამალავია. დარბაზი გადახურულია კვერცხისებრი კამარით.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, მცირე ნიში ყოფილა მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ.

XXI ს. პირველი ათწლეულის II ნახევარში სოფლის მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია. შიგნით შეულესავთ გაჯით, განუახლებიათ კედლების ზედა ნაწილები, მოუწყვიათ აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი და შენობა ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.

თ. დვალი


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-II, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები