გუდალეთის ტაძრის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი - ტაძარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე, სოფელ გუდალეთში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე-გალავანი.

სარჩევი

აღწერილობა

ღვთისმშობლის ტაძარი

ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები 1-2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული, არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთით კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები. ტაძარი ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი – სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვანესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთის ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.


ციხე-გალავანი

ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს ხუთკუთხა გალავანი (28X30 მ), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე-გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული კოშკი დგას. თაღოვანი, ვიწრო და მაღალი ჭიშკარი სამხრეთით კოშკის პირველ სართულზეა. კოშკების ყოველ სართულს ცალკე თაღოვანი შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სართულებზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით კოშკის პირველ სართულზე ორმალიანი შესასვლელია. ეს კოშკი დანარჩენებზე რამდენადმე დიდია. ყველა კოშკის მეორე სართულზე, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის სათავსი – საპირფარეშოა, რომელსაც ცალკე სწორკუთხა შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კოშკებში ეს სათავსები უფრო მოზრდილია, ფასადიდან გამოწეულია და გალავნის კედელსა და კოშკს შორის არის ჩამოკიდებული. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკები უფრო პატარაა და გალავნის კედელშია მოქცეული. კოშკების ყოველი სართულის კედლებში გაჭრილია სათოფურები, სარკმლები და სხვადასხვა ზომის თახჩები და ნიშები; მეორე და მესამე სართულებზე შესასვლელების პირდაპირ ბუხარია. კოშკების ფასადებზე ოდნავ შესამჩნევ აქცენტებს ქმნის სათოფურებისა და სარკმლების ვიწრო ხვრელობები. გალავნის კედლები ორიარუსიანია: ქვედა ყრუა, ზედაში კი სათოფურეებს ქვემოთ საბრძოლო ბილიკის საყრდენი ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოებია. გალავნის დასავლეთ კედელზე, ჩრდილო-დასავლეთ კოშკთან, მეორე იარუსის სიმაღლეზე ორი ბუხარია, მათ შორის თახჩებია. აქვე შემორჩენილია საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთები, რომელიც კოშკს საბრძოლო ბილიკით უკავშირდებოდა. გალავნის სამხრეთ კედელზე, მის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ეზოს მხრიდან ნიშის მაგვარი ორი მაღალი ხვრელებია. აქ, ფასადის მხარეს, კედლიდან გამოწეული სათოფურის მაგვარი შვერილი ყოფილა. გალავნისა და კოშკების კედლებში ორი ტიპის სათოფურია: ცალმაგი და ორმაგი. როგორც გალავნის, ისე კოშკების კედლებში საცეცხლე არის გასადიდებლად ზოგი სათოფური დახრილია. გალავანი დასრულებული იყო ნახევარწრიული ქონგურით. (ამჟამად მონგრეულია).

გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები, ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურეები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილია. გალავნისა და კოშკის ქონგურები ჩამონგრეულია. გალავნის კედელზე ამჟამად სკოლის ხის შენობაა მიდგმული.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები