გომართის ეკლესია (გურჯაანის მუნიციპლიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომართის ეკლესია – გვიანდელი შუა საუკუნეების კომპლექსი. დგას სოფელ ვაჩნაძიანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია), დასავლეთით 1 კმ-ზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. კომპლექსში შედის: ეკლესია, (არ არის ცნობილი, ვის სახელზეა აგებული) სატრაპეზო და გალავანი.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,6 მ), დგას გალავნით შემოზღუდული პატარა ეზოს (ფართობი დაახლ. 350 კვმ) შუაში. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი და ხეებია ამოსული, ჩამოშლილია ლავგარდანი და კედლების ზედა ნაწილებში ალაგ-ალაგ – საპირე ქვები, დაბზარულია კამარა.

შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნით – თარაზულად. კარის გასწვრივ პატარა სწორკუთხა სარკმელია. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რასაც კუთხეების ქვედა ნახევარი ოდნავ აქვს მომრგვალებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა რიყის ქვითა და აგურით ნაგები კანკელით (შემორჩენილია 0,5 მ სიმაღლეზე). კანკელს მხოლოდ აღმოსავლეთის კარი აქვს. აღმოსავლეთი კედლის შუაში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ორივე კუთხესთან თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შესასვლელის წინ არის სამარხი (გახსნილია). შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ერთიანი ცილინდრული კამარით.

გალავანი არაწესიერი ფორმისაა (სიმაღლე 1-1,5 მ), ნაგებია რიყის ქვით და კირის ხსნარით. გალავნის სამხრეთ კედელში ჩართულია კამაროვანი კარიბჭე (4X2 მ), ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების შეერთების ადგილზე კი დგას ოთხკუთხა ნაგებობა (კედლები შემორჩენილია 1-1,5 მ სიმაღლეზე). შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. შიგნით, კარის სამხრეთით, მცირე, სწორკუთხა ნიშია. ერთი მსგავსი ნიში ჩრდულოეთ კედელშიცაა. გალავნის ჩრდილოეთი კედლის შუაში მოწყობილია ვიწრო შესასვლელი.

თ. მარკოზაშვილი


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები