გიორგი II (აფხაზთა მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი II – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (922-957), ზ. ანჩაბაძის აზრით (929-957). კონსტანტინე III-ია ძე.

კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ გიორგის სამეფო ტახტს ეცილებოდა უმცროსი ძმა ბაგრატი. კონსტანტინეს გიორგი შეეძინა მეფე ადარნასეს ასულისგან, ხოლო ბაგრატი მეორე ქორწინებიდან, სომეხთა მეფის ასულისაგან. მაგრამ ბაგრატი მალე გარდაიცვალა და გიორგიმ განიმტკიცა მეფობა. მან ქართლის გამგეობა თავის უფროს ძეს კონსტანტინეს ჩააბარა, მაგრამ მან ურჩობა დაიწყო, აუჯანყდა მამას: „ვითარ დაყო სამი წელიწადი იწყოდ მტრობად მამისა თჳსისა და ძებნად მეფობისა“. კონსტანტინემ უფლისციხე გაამაგრა. გიორგიმ „ვითარცა დაიდასტურა განდგომა ზისა თჳსისა“ გაილაშქრა დიდი ჯარით, ალყა შემოარტყა ციხეს და მოტყუებით ხელში ჩაიგდო ურჩი შვილი. მამამ არ აპატია კონსტანტინეს ურჩობა და სიკვდილით დასაჯა იგი ჯერ დააბრმავეს, ხოლო შემდეგ მრავალი წამებისაგან გარდაიცვალა, მის ადგილე კი გიორგიმ თავისი მეორე ძე – ლეონი დასვა.

გიორგიმ კახეთის წინააღმდეგ გაილაშქრა: „მოსწუა და ასწყჳდა და წარიდა თჳსადვე ქვეყნად“, მან შეიპყრო კვირიკე ქორეპისკოპოსი. კვირიკემ აღიარა გიორგის ბატონობა კახეთზე და აფხაზთა მეფემ იგი გაათავისუფლა, მაგრამ კვირიკემ ფიცი გატეხა და გიორგის განუდგა, მეფემ თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით ჯარი გაგზავნა კახეთში. ამ ლაშქრობის დროს გიორგი უეცრად გარდაიცვალა და ლეონი იძულებული გახდა ზავი დაედო კვირიკესთან, კვირიკემ კვლავ აღიარა აფხაზთა მეფის ბატონობა.

გიორგის მეფობის დროს აფხაზეთის სამეფომ საზღვრები გაიფართოვა და ქართულ სამეფო-სამთავრობოებს შორის პირველობა მოიპოვა. გიორგის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ოსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი მადლობას უხდის გიორგი II-ს ალანთა მეფისა და ხალხის გაქრისტიანების ხელშეწყობისათვის. ამავე დროს პატრიარქი სხვა გაგზავნილ წერილებში გიორგი II-ს უწოდებს „ბრწყინვალე ექსუსიატს“.

ქართული წყარო გიორგის ეკლესიათა აღმშენებელს უწოდებს. მან დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.

გიორგი II-ის მეფობის დროს აფხაზეთის სამეფო გამხდარა ერთ-ერთი ცენტრი ქართული საეკლესიო მწერლობისა. ამ დროს აფხაზეთში მოღვაწეობდა განთქმული ქართველი მწერალი, პოეტი-ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი, რომლის საგალობელნი საეკლესიო ჰიმნები ქართულ ენაზე აფხაზეთიდან ვრცელდებიან მთელ საქართველოში. გიორგი II პირადად მფარველობდა მას. იოანე მინჩხის ერთ-ერთი ჰიმნს დართული აქვს გიორგი მეფის სახოტბო წარწერა: „ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდისა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები