კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე III – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (893-922), ზ. ანჩაბაძის აზრით (893-929), ბაგრატ I-ის შვილი. იბრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის პირველობისთვის. 904 წელს დაიკავა შიდა ქართლი. „მას ჟამსა გამოვიდა კონსტანტინე აფხაზთა მეფე. დაიპყრო ქართლი“. მის წინააღმდეგ გამოილაშქრა სომეხთა მეფე სუმბატმა, რომელსაც ბრძოლაში ქართველთა მეფე ადარნასე ეხმარებოდა „და ემტერა სომეხთა მეფე სუბატ ტიეზერაკლი. გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხეს“. მოკავშირეებმა უფლისციხე აიღეს. კონსტანტინემ ზავი შესთავაზა. საზავო მოლაპარაკებების დროს ადარნასეს ბრძანებით აფხაზთა მეფე დაატყვევეს და სუმბატმა იგი ანისში გაგზავნა. ამ ამბავმა აღაშფოთა კონსტანტინეს მომხრეები „მეგრელები“ და მათ ახალი მეფის ძებნა დაიწყეს. ამის გამო სომეხთა მეფემ ოთხი თვის შემდეგ გაათავისუფლა კონსტანტინე და უკან დაუბრუნა უფლისციხე და ქართლი. კონსტანტინე დაუმოყვრდა სომეხთა მეფეს და სუმბატის ასული შეირთო ცოლად.

ამან ძალიან განარისხა ადარნასე ქართველთა მეფე. ამ დროს არაბები შემოიჭრნენ, იგი არაბთა სარდალს აბულ-კასიმს მიემხრო. არაბებმა სომხეთი ააოხრეს და სუმბატი მოკლეს.

ამის შემდეგ კონსტანტინემ კახეთის ქორეპისკოპოსთან კვირიკესთან ერთად ჰერეთში გაილაშქრა: „ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა… და ვითარცა მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი გამოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზევის პირი. მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი და კჳირიკეს ორჭობი“.

კონსტანტინე ასევე ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა ოსეთზე. ამ დროს იწყება ოსეთში ქრისტიანობის გავრცელება, რასაც მხარს უჭერდნენ აფხაზთა მეფეები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები