გზოვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გზოვანი – ცნობილი მთა არის მთიულეთში (დაბა ფასანაურის აღმოსავლეთით). „აქედან მოჩანს ხახაბნის სერები და გზოვნის დიდი ტყეები. ადგილობრივი მოსახლეობა სახელწოდება გზოვანს სიტყვა გზას უკავშირებს: „დიდი გზობა უნდა იქამდე“ (მიხა წიკლაური, დაბა ფასანაური, 1986 წ.) თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მთიულურ დიალექტში გზოვანი მართლაც შორეულ ყანას, სოფლიდან ძალიან შორს მდებარე ყანას ეწოდება,“ მაშინ ზემოაღნიშნული ხალხური ვერსია ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ გზოვანი ერთი შეხედვით -ოვან- სუფიქსით ნაწარმოებ ფლორონიმს მოგვაგონებს (ბზა-ბზოვანი?)

მთიულეთში ძალზე პოპულარულია რელიგიური დღეობა (ხატობა) გზოვნის წვერის ანგელოზი. ეს ხატი წმ. გიორგის სახელობისაა. მთიულთა აღიარებით გზოვნის (გზონის, მგზოვნის) წმ. გიორგი მთელ ამ მხარეში უპირველესი და უძლიერესი ხატი ყოფილა. მის დღეობას (29 ივნისი) მარტო „ასი ცალთვალა ივანე უნდა დასწრებოდა“. ამჟამად გზოვნის წვერის ანგელოზი ქავთარაძეების საგვარეულო ხატს წარმოადგენს, ძველად კი მისი სიძლიერის შესახებ არაგრთი ლეგენდა იყო ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა 1930-იან წლებში ჩაუწერია ცნობილ ეთნოგრაფს ს. მაკალათიას. ამ ლეგენდის მიხედვით როდესაც ხორასნელებს (იგივე ხვარაზმელებს) არაგვის ხეობა დაულაშქრავთ (ივარაუდება ჯალალ-ედ-დინის შემოსევა, გ.ბ.) და 7000 კაცი ტყვედ წაუყვანიათ, ამ ტყვეებს მთიულეთის მთავარი ხატი-გზოვნის წმ.გიორგი თან წაუბრძანებიათ. ხატს მთელი ხორასანი შეუკრავს, შეუჩვენებია: გადამხმარა ნათესები, გაბერწებულა მიწაც, საქონელიც, ხალხიც, ყველაფერი უნაყოფოდ ქმნილა, დამშრალა, დაწრეტილა. გაოცებულ სულთანს მისნები მოუწვევია. მათ უთქვამთ, ჩვენი უბედურების და განსაცდელის მიზეზი გურჯისტანიდან ტყვეთა მიერ ჩამოტანილი ხატიაო. განრისხებულ სულთანს ხატის დაწვა უბრძანებია. მსახურებს იგი გახურებულ საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ ოდნავ შერუჯული სასწაულთმოქმედი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე განგებით გაჩენილ თეთრი ხარის რქებზე დაბრძანებულა. მაგრამ თეთრი ხარი ადგილიდან მანამ არ დაძრულა, სანამ სულთანს 7000 ქართველი ტყვე პირწმინდად არ გაუთავისუფლებია. ამის შემდეგ ხარი თავის ხატიანად საქართველოსაკენ წამოსულა. უვლია თეთრ ხარს, უვლია, ბოლოს ასულა ლომისის მთაზე, ქსნისა და არაგვის ხეობებს თავს რომ დაპყურებს, ძალაწართმეული დაცემულა და მომკვდარა (გამსკდარა). ხატიც აქ დაფრენილა. ხალხი მთის წვერიდან არაგვამდე გაბმულა, ხელიდან ხელში ქვის წოდებით ტაძრის აგებას შესდგომია. და როცა ტაძრის აგება დაუსრულებიათ, მისთვის ლომისა უწოდებიათ, –- ქართველ ტყვეთა გადამრჩენელი თეთრი ლომა ხარის სახელი.

ლომისის სახელი საქვეყნოდ განდიდებულა, გზოვნის ხატის სახელი კი თანდათან შემცირებულა. დღეს მას საგვაროვნო სალოცავის მნიშვნელობაღა შემორჩენია და, როგორც ზემოთ ვთქვით, ქავთარაძეების საგვარეულო ხატად არის ქცეული.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები