გეც ფონ ბერლიხინგენი (დრამა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეც ფონ ბერლიხინგენი

გეც ფონ ბერლიხინგენი – იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ისტორიული დრამა, (1773), რომელშიც მწერალმა გერმანულ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები წარმოაჩინა.

„გეც ფონ ბერლიხინგენი“ მიჩნეულია პირველ მხატვრულ-ისტორიულ გერმანულ პიესად. გოეთემ დრამა გამოიყვანა ვიწრო საოჯახო ჩარჩოებიდან და მოქმედება ხალხის, საზოგადოების ცხოვრებაში გადაიტანა. მკითხველის წინ იშლება ნაციონალური ცხოვრების სურათი. ნაჩვენებია სოციალურ ფენებს შორის ბრძოლა. მოქმედება სხვადასხვა ადგილას წარმოებს. ამბავი ვითარდება რაინდი გეც ფონ ბერლიხინგენის ირგვლივ. მას უწოდებენ „რკინის ხელს“ (ხელი დაკარგა ბრძოლაში). გეცი იბრძვის სამართლიანობისათვის, სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ. გეცი, ღარიბი ფენის თხოვნით, გლეხთა ამბოხებას უდგება სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ იცის – დამარცხდება, მათ არ ღალატობს. მტრები დაიჭერენ და სიცოცხლის შენარჩუნების პირობით, ამბოხებულების მიტოვებას მოსთხოვენ. ტყვედ ჩავარდნილი გეცი არ ეპუება უსამართლობას და კვდება. პიესაში პარალელურად სხვა მოქმედებაც ვითარდება. ცუდ როლს თამაშობს გმირის ცხოვრებაში მისი მეგობარი ფრანც ფონ ვეისლინგენი. იგი ღალატობს მეგობარს და შეყვარებულს, გეცის დას, მარიას. ფრანცი გეცის მტრების მხარეს გადადის. დრამაში ნაჩვენებია ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ბრძოლა.

მიმართვა ნაციონალური თემატიკისადმი, გერმანიის წარსულისადმი, ხალხის ცხოვრებით დაინტერესება, ძლიერი გმირის სახე, ვნებების ბრძოლა, ბუნების სიყვარული – ეს და სხვა თემები „ქარიშხლისა და შეტევის“ პროგრამის ძირითადი მახასიათებლები იყო. „გეც ფონ ბერლიხინგენში“ ასახულია XVI საუკუნის გერმანიაში რეფორმაციის პერიოდი და გლეხთა ომი. გოეთე შექსპირისეული რეალიზმით გვიხატავს ეპოქის სურათს. ამ დრამაში მესამეხარისხოვანია რეფორმაცია. პირველ ადგილზე დგას საზოგადოებრივი ფენების წინააღმდეგობები, კლასობრივი ბრძოლა. შტურმერების მსგავსად, გოეთე ცდილობს აამაღლოს ძლიერი პიროვნების სახე, მაგრამ რეალისტის ინტუიცია კარნახობს, რომ გეცი ვერ შეძლებს ყველაფერს. რაც არ უნდა ტიტანური იყოს გმირი, ის დამოკიდებულია თავისი დროის სოციალურ მდგომარეობაზე. ისტორიულად ეს გმირი იყო ჩვეულებრივი ტიპური რაინდი. გოეთემ კი ის აამაღლა. გეცი ოცნებობს ჰარმონიულ სოციალურ წყობაზე. დრამაში გეცი გოეთეს იდეალის მატარებელია.

გლეხთა ომის ეპოქაში ერთმანეთს დაპირისპირებული ორი სოციალური ძალა იყო – მსხვილი ფეოდალები და გლეხები. გოეთემ რეალისტურად ასახა XVI საუკუნის გერმანიის ისტორიაში არსებული ძირითადი სოციალური მომენტები. მსხვილ ფეოდალებად პიესაში გამოყვანილნი არიან: ბამბერგის ეპისკოპოსი და მისი მიმდევრები. ასევე ნაჩვენებია გლეხობა. ამ ორ ძალას შორის ორჭოფობდნენ საზოგადოების სხვა ფენები. გოეთემ, მოღალატე მოქალაქეთა სახით, რომლებიც ამბოხებულ გლეხებს ღალატობენ, მშიშარა გერმანელი ბიურგერების პროტოტიპები შექმნა. გეცი მსხვილი ფეოდალების მოწინააღმდეგეა. დრამაში ნაჩვენებია გლეხთა ომის ნაკლოვანებები: დაქუცმაცებულობა, ნათელი პროგრამის უქონლობა, მოქმედების გეგმის არქონა. გეცს კარგად არ ესმის ხალხის, მაგრამ ის თანხმდება ამბოხებულებს, თუ ისინი უარს იტყვიან „ყველა დანაშაულზე“ და ისე იცხოვრებენ, როგორც მართალი ადამიანები.

გეცი მალე რწმუნდება, რომ ვერ „მოთოკავს“ ხალხის სტიქიურობას და წყვეტს კავშირს აჯანყებულებთან. გეცი ტრაგიკულ მარტოობაშია. ის მტერია ფეოდალების, მაგრამ საერთო ენას ვერ გამონახავს ხალხთან (ასეთ დღეში იყვნენ გერმანელი განმანათლებლები). მეორე გმირი – ვეისლინგენი, გეცისგან განსხვავებით, შინაგანად არ არის მართალი. ის ეგოისტია, მხოლოდ თავისთვის ცხოვრობს, მასში გრძნობა და გონება გათიშულია ერთმანეთისაგან. ის ხან მარიასკენ მიისწრაფვის, ხან კი, მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე ადელგეიდის მონა ხდება. (აქ გოეთე უპირისპირდება შტურმერების იდეოლოგიას: ინდივიდუალიზმს და გრძნობის აპოლოგიას). გოეთე, როგორც განმანათლებელი, მოითხოვს ადამიანისაგან სულიერ ჰარმონიას, მიზანდასახულობას და ძლიერ ნებისყოფას. დემონური სილამაზის მზეთუნახავი ადელგეილი – ძლიერი ნებისყოფის, მიზანდასახული ადამიანია. ის ფეოდალიზმის ტიპური წარმომადგენელია. სიკვდილის პირას მყოფი გეცის მონოლოგში გოეთემ საკუთარი ფილოსოფიური შეხედულება ჩააქსოვა. სიკვდილი გეცისთვის არც ზეცაში ასვლა და არც ჯოჯოხეთში ჩავარდნაა, სიკვდილი ბუნებაში შთანთქმაა. ადამიანის სხეული სიკვდილის მერე ხვდება მატერიის მუდმივ მოძრაობაში. გეცი ამბობს, რომ თავისუფლების მოპოვება შეიძლება მხოლოდ სიკვდილში. აქ აისახა უპერსპექტივობის გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია შურისძიება. „გეც ფონ ბერლიხინგენში“ გოეთემ თავისი დროის შეფასება მოგვცა. დრამა მთავრდება მებრძოლი შეძახილით – სიმართლისკენ, ბრძოლისკენ.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები