გერონტი (პაპიტაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერონტი – (პაპიტაშვილი გრიგოლი), (1803, სოფ. კირბალი, გორის მაზრა, – 01.07.1871, გელათის მონასტერი), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი გერონტი (პაპიტაშვილი)

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1822 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1823 წ. 8 იანვარს გორის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასის მასწავლებლად დაინიშნა. 1823 წ. 3 მაისს მეორე კლასის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1830 წ. 20 თებერვალს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში დიაკვნად, 23 თებერვალს კი მღვდლად აკურთხეს. 20 მარტს გორის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ინსპექტორად, ხოლო 6 სექტემბერს კეთილმოწესის თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1831 წ. 1 იანვარს სამრევლო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. 1836 წ. 5 სექტემბერს დაჯილდოვდა საგვერდულით, ხოლო 1838 წ. 14 აპრილს ჯილდოდ იისფერი სკუფია უბოძეს. 1839 წ. 14 აგვისტოს საეკლესიო ყმებისა და მამულების მმართველად განაწესეს. 1839 წ. 3 ოქტომბერს დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1842 წ. 16 მაისს ეწყალობა კამილავკა, ხოლო 1845 წ. 21 აპრილს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1846 წ. 14 სექტემბერს ენქერით დაჯილდოვდა. 1851 წ. 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1852 წ. 26 ივლისს აირჩიეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად. 1852 წ. 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად გერონტი უწოდეს. 1852 წ. 30 აგვისტოს გერონტის არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა და ხირსის წმ. სტეფანეს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1855 წ. 16 აპრილს დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით. 1855 წ. 17 სექტემბერს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და აღმოსავლეთ საქართველოს მამათა მონასტრებისა და მცხეთის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1857 წ. 6 ოქტომბერს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი), იმერეთის ეპისკოპოს გერმანეს (გოგოლაშვილი) და გორის ეპისკოპოს იოანეს (ავალიანი) მიერ ეპისკოპოსად ეკურთხა და აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. გერონტი აფხაზეთში 1858 წ. დასაწყისში ჩავიდა და ეპარქიის მართვას შეუდგა. 1859 წ. 16 ნოემბერს სამეგრელოს ეპარქიაც მას ჩააბარეს. გერონტის იქ ეპისკოპოსობის პერიოდში, 1861 წ. აფხაზეთში სოფ. ათარში პირველი მართლმადიდებლური ეკლესია აიგო.

1862 წ. 19 მაისს გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1867 წ. 15 მაისს წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1869 წ. 30 მაისს პენსიაზე გავიდა და გელათის ყოვლადწმიდა ღვითისმშობლის შობის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც საბოლოოდ აღესრულა კიდეც.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „დროება“, №23;
  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №7465; საქმე №17928; საქმე №18526; საქმე №25252; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №14715; საქმე №14716; საქმე №1767; მონასტრების ფ. 500, აღწერა 2, დავით გარეჯის მონასტერი, საქმე №75.
  • გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005;
  • თორაძე ვ. ა., თორაძე ნ. ვ., საქართველოს მართლმადიდე ბლური ეკლესია მე-19 და მე-20 საუკუნეებში, თბ., 1995.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები