გერასიმე (შარაშენიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გერასიმე

გერასიმე – (შარაშენიძე გიორგი), (დ. 20.06.1958, ქ. თბილისი), მიტროპოლიტი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი.

დაიბადა დაიბადა რევაზ შარაშენიძის ოჯახში. 1975 წ. დაამთავრა თბილისის №55 საშუალო სკოლა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. 1978-1983 წწ. თბილისში სამმართველო „მრეწკავშირმონტაჟში“ მუშაობდა კავშირგაბმულობის ინჟინრად, 1983-1990 წწ. თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოში, 1990-1992 წწ. კი ერთობლივ საწარმო „თბილისი-ლინკში“. 1992-1997 წწ. მოსკოვში საწარმო „ჯოლუშის“ დირექტორის მოადგილეა. პარალელურად იყო მოსკოვის აღდგომის ტაძრის, შემდეგ კი წმ. გიორგის ტაძრის სტიქაროსანი. მისი სულიერი მოძღვარი იყო აღდგომის ტაძრის დეკანოზი პროკოპი ხარიტოშკინი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი მოძღვარი გახდა ქ. ვისაგინასის (ლიტვა) წმ. პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი. 1997 წ. მარტიდან საქართველოში დაბრუნდა და ურბნისისა და რუისის ეპარქიის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში მორჩილის კაბით შემოსეს. 1997 წ. 28 ივნისს ხაშურის საკათედრო ტაძარში რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. 1997 წ. 20 ივლისს მანვე დიაკვნად აკურთხა და ხაშურის საკათედრო ტაძარში დანიშნა, ხოლო 1997 წ. 10 აგვისტოს წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში მისივე ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წ. 15 იანვარს საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიაში გადაიყვანეს და პატარძეულის წმ. შიო მღვიმელის ტაძრისა და პატარძეულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წ. 18 თებერვალს საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა (გარმელია) საეპარქიო საბჭოს მდივნად დანიშნა. 1998 წ. 29 მარტს გერასიმე ოქროს ჯვრითა და ენქერით დაჯილდოვდა და იღუმენის პატივი მიენიჭა. 1998 წ. 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1998 წ. 11 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ წმ. სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად აკურთხა. 2002 წ. 9 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2003 წ. 7 მარტიდან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეა. 2003 წ. 10 ივნისიდან 2005 წ. 25 იანვრამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იყო. 2006 წ. 11 ივნისს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წ. 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა. 2007 წ. 21 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. გიორგის ხარისხის ორდენით. 2017 წ. 9 თებერვლიდან შეთავსებით დადგენილ იქნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად.

გ-ს მოღვაწეობის პერიოდში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში არაერთი ეკლესია-მონასტერი აშენდა, აღდგა უძველესი ტაძრები, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. სხვადასხვა მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ხატები და წმ. ნაწილები. ეპარქიაში გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი, დაარსდა სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი, ტარდება შემეცნებითი და სამეცნ. კონფერენციები.

გერასიმე როგორც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებში.

დაჯილდოებულია ელადის, რუსეთის, უკრაინის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ჯილდოებით.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი გერასიმე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები