გაღმა ვაშლობის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი

გაღმა ვაშლობის სამონასტრო კომპლექსი – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, სოფელ ხავეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ციცაბო ფერდობზე, თურქეთთან საზღვრისპირა არეალში. ძეგლის დანახვა მხოლოდ თურქეთის მხრიდანაა შესაძლებელი.

გაღმა ვაშლობის სამონასტრო კომპლექსი

იგი წარმოადგენს სამ იარუსად განლაგებულ ქვაბებს, რომლის სათავსებიც შიდა ჰორიზონტული და ვერტიკალური გვირაბებით უკავშირდება ერთმანეთს. კირქვის ქანი, რაშიც ეს კომპლექსია განთავსებული, საკმაოდ არამყარია, რის გამოც არქიტექტურული ფორმები მეტ-ნაკლებად მორღვეული და ამორფულია. საცხოვრებელ სენაკებთან ახლოს, რამდენიმე მეტრში, კლდეში უცნაური კონფიგურაციის დარბაზული ეკლესიაა გამოკვეთილი. მისი თითქმის ნახევარსფეროსებრი შიდა სივრცის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიულფასიდიანი საკურთხეველია მოთავსებული. აფსიდის ძირს მასიური საფეხურები მიუყვება, ხოლო საკურთხეველი დარბაზისგან შვერილი, მართკუთხა პროფილის სატრიუმფო თაღითაა გამოყოფილი. დარბაზის დასავლეთ მხარეს, ცენტრში დიდი ღიობია, რომელშიც სავარაუდოდ კარი იქნებოდა გაჭრილი. დარბაზის სამხრეთ კედელში ამორფული ფორმის სარკმელია.

ძეგლი სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ძეგლთან მისვლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული – მისი მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვითა და მესაზღვრეთა თანხლებით შეიძლება. ძეგლი მიკვლეული იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პროექტის ფარგლებში, 2012 წლის ზაფხულში ისტორიულ ერუშეთში (თურქეთი) მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში. ეკლესიის აზომვის გარდა, გადაღებულ იქნა სფერულ-პანორამული ფოტოები. ძეგლს სახელი ეწოდა პირობითად მდ. მტკვრის ჭალაში მდებარე „ვაშლობის” სახელით ცნობილი ეკლესიის გამო.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები