გარდაბანი (მხარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდაბანისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვემო ქართლის ისტორიული „ქვეყნის“ ზოგადი (კრებითი) სახელწოდებაა, კონკრეტული პუნქტის აღნიშვნა მან მოგვიანებით, ჩვენი საუკუნის შუა წლებიდან, იკისრა. გარდაბანი მოიცავდა მდინარეების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფჩაის აუზებს (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) და ხრამის და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (ახლანდელი საქართველოს ტერიტორია). ამ ტერიტორიაზე არსებობდა ჯერ ხუნანის, შემდეგ გაგის საერისთავოები

შემთხვევითი არ არის, რომ გარდაბანს, როგორც დასახლებული პუნქტის სახელს, არ იცნობს არც ვახუშტი და არც იოანე ბატონიშვილები. ვახუშტი ბატონიშვილისთვის „გარდაბანი“ საქართველოს დედაქალაქის შემოგარენში მდებარე სახნავ-სათესი სავარგულების („დაბების“) ზოგადი სახელია. მისი განსაზღვრით გარდაბანი ის „ქვეყანაა“, რომელსაც აღმოსავლეთით უდის მტკვარი, ხოლო სამხრეთით უძევს „შულავრის, ჭაპალისა და ბოლნისის გორაები, ჩდილოთ მტკვარიდან ტფილისის გორაები ტაგნაგეთამდე; დასავლით-ჴევი ასურეთისა, წინწყაროს გამომართებით, ნახიდურამდე და ბოლნისის მცირე მთამდე“. აქვე ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდის დამატებით ცნობას იმის შესახებ, რომ გარდაბანში ანუ აგარანში, ზემოთ ჩამოთვლილი მიწების გარდა, შედიოდა გრდანი, ლილო, მარტყოფი და „იწოდებოდა ესენი გარდაბანად“. იგი გვთავაზობს სახელწოდება გარდაბნის ეტიმოლოგიასაც: ეს ტოპონიმი თურმე ქართველთა მითოლოგიური მამის – ქართლოსის ძის გარდაბოსის საკუთარი სახელის მიხედვით ყოფილა წარმომდგარი.“? ვახუშტი ბატონიშვილი ამ შემთხვევაში ზუსტად იმეორებს ქართველი მემატიანის – ლეონტი მროველის – ცნობას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის კუთხეთა უმეტეს ნაწილებს (ქართლი, კახეთი, კუხეთი, ჯავახეთი, ჰერეთი.…) სახელები მიკუთვნებული აქვთ თარგამოს-ქართლოსიანთა შთამომავლების საკუთარ სახელთა მიხედვით.“

ცნობილია სხვაგვარი ვარაუდი, რომლის მიხედვითაც გარდაბანი გარდაუბანი-საგან გვქონია მიღებული. ამ თვალსაზრისის მიხედვით გარდა-უბან-ი გადაღმა უბანთან არის გაიგივებული და ისეთივე გაფორმების სახელად არის მიჩნეული, როგორც გარდა-ატენი.

სპეციალისტთათვის ცნობილია სრულიად განსხვავებული ვარაუდიც. ნ. მარი, მაგალითად გარდაბან- ფორმაში სატომო სახელს – ქართს ხედავდა: ქართ-აბან-ი. აღნიშნული თვალსაზრისი ერთგვარად განავრცო პ. ინგოროყვამ, რომელმაც ქართ-აბანი „ქართველთა მხარედ“ განმარტა, რაკი სომხურ წყაროებში გარდაბნის კუთვნილი ტერიტორია წყაროებში ვრაც დაშტის („ქართველთა მხარე“) სახით მოიხსენიებო. გარდაბან- სახელში სატომო სახელის ქართისა და – -აბან (||ობან, უბან) სიტყვათა ძიება, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია.

ტენდენციური, ამდენად, არამეცნიერულია მ. ჰაჯიხალილოვის „მტკიცება“, გარდაბანი აზერბაიჯანული Гора-язы-საგან მომდინარეობსო მისთვის, როგორც ჩანს, ძალიან ცოტას, ან საერთო არაფერს ნიშნავს საისტორიო წყაროების მონაცემები. მკვლევარი, ეტყობა, განსხვავებას ვერ ხედავს ისტორიულ გარდაბანსა (X-XI ს.) და ლამის ჩვენს თვალწინ (XIX ს-ის 30-იანი წლები) შექმნილ Кара-яз-ს შორის, რომელიც აზერბაიჯანულად შავ ტბას თუ შავ ტბორს (გუბეს) ნიშნავს. გარდაბანი კი, როგორც ზემოთ მივუთითეთ, ნიშნავს: „აგარანი“, „ტფილისის გარეთ მდებარე სახნავ-სათესი მიწები, დაბნები“, „გარე დაბანი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები