ბურნაშეთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბურნაშეთის ეკლესია

ბურნაშეთის ეკლესია − მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან ჩრდილოეეთით 20 კმ-ზე სოფ. ბურნაშეთში (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია).

ბურნაშეთის ეკლესია. აღმოსავლეთი ფასადის რელიეფი

ბურნაშეთის ეკლესია ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან მინაშენები ერთვის. ტაძრის ფასადები და ინტერიერის კედლები ძირითადად, კარგად გათლილი სხვადასხვა ფერის (ღვინისფერი, რუხი, მოყვითალო-ქვიშისფერი) ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. ნაკლებად აღსაქმელი ადგილები კი უხეშად გათლილი ქვით არის ნაგები. ტაძრის მხატვრულ სახეს, ფასადების ფერადოვან ქვის წყობასთან ერთად, სამი თაღით გახსნილი სამხრეთ მინაშენის სვეტისთავების ჩუქურთმები და აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული ფიგურული რელიეფი ქმნიან. რელიეფური კომპოზიცია საკურთხევლის სარკმლის სათაურის ფილაზეა გამოკვეთილი. საგანგებოდ შერჩეულ, ფასადის წყობის კვადრებზე დიდი ზომის (87 X 94 სმ) და ფერითაც განსხვავებულ, მომწვანო-ნაცრისფერ ფილაზე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ დანიელის სასწაულებრივი ხსნის სიუჟეტია წარმოდგენილი. აქ „დანიელი ლომთა ხაროში“ ქრისტიანული ხელოვნებისთვის ტრადიციული, შემოკლებული იკონოგრაფიული ვერსიით – სამფიგურიანი, ჰერალდიკური კომპოზიციის სახითაა მოცემული. მაღალი რელიეფით (რელიეფის სიმაღლე – 3-4 სმ) გამოკვეთილი, მოზრდილი ზომის გამოსახულებები მკაფიოდ აღიქმებიან ფასადის სიბრტყეზე. ასევე, მკაფიოდ იკითხება ფილის ზედა, საგანგებოდ დატოვებულ არეზე ამოკვეთილი მსხვილი, ღრმად ჩაკვეთილი ასომთავრული გრაფემებით შესრულებული წარწერა: „უ(ფალ)ო ვ(ითარც)ა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა ეგრე იხსნენ ამის წ(მიდის)ა ეკლესიისა მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა“. ბურნაშეთის ეკლესიის მაშენებელთა სავედრებელი წარწერის შინაარსი ადასტურებს, რომ ბიბლიური ნინასწარმეტყველის სასწაულებრივი ხსნა აქ ადამიანის სულის ხსნის კონტექსტშია მოცემული. რელიეფის ზედაპირი – ფიგურები და წარწერის გრაფემები – დაფერილია სინგურის წითელი საღებავით. საკურთხევლის სარკმლის რელიეფური კომპოზიცია თავისი ზომითა და ფერით მკაფიოდ გამოიყოფა აღმოსავლეთ ფასადზე. ის ტაძრის მთავარ მხატვრულ და აზრობრივ მახვილს წარმოადგენს.

ტაძრის ხუროთმოძღვრება რელიეფური კომპოზიცია და წარწერა მხატვრულ-სტილისტური და პალეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, სამეცნიერო ლიტერატურაში X ს.-ით არის დათარიღებული.

კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა – „სახელითა ღმრთისალთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისათა დაგიწერე მე გიორგიმან თქუენ ბურნაშნელთა მღდელთა – მოგეც ყანაჲ თიქაროანს ჩემგან ნასყიდი“, რომელიც ეკლესიის ინტერიერში, ჩრდილოეთ კედელზეა მოთავსებული, XII-XIII სს.-ით თარიღდება. ეს წარწერა უპირველესად მნიშვნელოვანია იმით, რომ ტექსტში მოხსენიებულია ბურნაშეთი („ბურნაშნელთა“), რაც ამ ტოპონიმის სიძველეს ადასტურებს.

თ. ხუნდაძე

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ.: 1, თბ., 1964;
  • ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959;
  • ხუნდაძე თ., ბიბლიურ წინასწარმეტყველთა (დანიელი და იონა) სასწაულებრივი ხსნის თემები X საუკუნის ქართულ ქვაზე კვეთილ რელიეფებზე, „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბ., 1999, №1;
  • ჯავახეთი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000;
  • Ростомов И., Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа – СМОК, Том в Тфл., 1898;
  • Чубинашвили Г., Памятники типа джвари, Тб., 1948; Чубинашвили Н., Церовани, Тб., 1976;
  • Brosset M., Melanges Asiatiquest II, 3-me livre, St. Petersburg, 1854.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები