ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – ქართული ხელნაწერები ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ფონდებში XIX ს-ის დასაწყისში შევიდა. ესაა სასულიერო შინაარსის სამი კრებული და ორ ერთეულად გაერთიანებული ფრაგმენტები, რომლებიც აღმოსავლეთში არსებული სკრიპტორიუმებიდან უნდა იყოს გამოტანილი. მათი გადაწერის ქრონოლოგიური ზღვრები VII- XVII სს-ს მოიცავს. გარდა ამისა, ბიბლიოთეკის ფონში Or 5315 შიფრით დაცულია მე-19 საუკუნის დასასრულის არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალ „მუშის“ ნომერი. დღეს ეს არის ჟურნალის ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი. ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ხუთი ქართული ხელნაწერის პირველი აღწერილობა, ქართულ და რუსულ ენებზე შედგენილი ალ. ხახანაშვილის მიერ, გამოქვეყნდა 1905 და 1913 წლებში (ხახანაშვილი 1905: 12-20; Хаханов 1913: 5-14). 1913 წელს ბრიტანეთის მუზეუმის სომხური ხელნაწერების კატალოში დაიბეჭდა ოლივერ უორდროპის მიერ მუზეუმის აღმოსავლურ და სლოანის ფონდებში დაცული 6 ქართული ხელნაწერის აღწერილობა ანდერძებითა და კომენტარებით, თუმცა ამ შრომაში არ შესულა ჰარლეის ფონდის ბერძნულ ხელნაწერში არსებული 3-ფურცლიანი ქართული ფრაგმენტები (Wardrop 1913: 397-409). წინამდებარე გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობა ზემოთ დასახელებულ აღწერილობებს, ტექსტების პუბლიკაციებისა და, ზოგადად, კოლექციის ერთეულების ანალოგიური კრებულების კვლევასთან დაკავშირებულ სამეცნიერო პუბლიკაციებს. Add. Ms. 11282 ხელნაწერის რაობა დაზუსტებულია წინამდებარე ნაშრომის ავტორთა მიერ ბრიტანეთის ბიბლიოთეკისმ ვებგვერდზე არსებული ციფრული ასლის საფუძველზე (http://www.bl.uk/manuscripts/BriefDisplay.aspx).

სარჩევი

Add.Ms.11281. აგიოგრაფიული კრებული

1034-1042 წწ. 369ფ.; ეტრატი; 34,5×25,5 სმ.; ნუსხური. გადამწერი: იოანე შავი. ყდაზე არსებული მინაწერის თანახმად, წიგნი 1837 წელს ნაყიდია ალექსანდრიაში სომეხ მღვდელ კაზანჯისგან. კრებული შედგება კიმენური რედაქციის 14 აგიოგრაფიული ძეგლისგან. მასში შესულია: ანტონი თებაიდელის, საბა განწმენდილის, ხარიტონ აღმსარებლის, თევდოსი დიდის, ბარლაამ მოღუაწის, ეფრემ ასურის, იოვანე ურჰაელის, კჳრიაკოზ პალავრელის, სტეფანესა და ნიკონის, პავლე ეპისკოპოსისა და იოვანე ხუცის, იოვანე შეყენებულის, სვიმეონ მესუეტის (სალოსის), ჯერასიმეს ცხოვრებები. გადამწერის მინაწერის თანახმად, კრებული გადაწერილია ჯვრის მონასტრის წიგნსაცავისთვის გიორგი პროხორეს დავალებით: „ღირს ვიქმენ გლახაკი და ფრიად ცოდვილი...შავ იოვანე დაწერად წმიდასა ამას წიგნსა წმიდათა მამათასა ბრძანებითა და ლოცვითა წმიდისა მამისა სულიერისა, მოძღურისა პროხოლისითა თავისა სიგლახაკითა რომელ კურთხეულმან მიქაელ მეფემან ევლოგიაჲ გაყო და სადაჲცა ქრისტემან მოიღის, გავასრულე და შევმოსე და დავდევ წმიდასა ამას ადგილსა ჯუარისასა, რომლისა შენებასა თანა ვშავდებოდე ურჩი ესე და ...სალოცველად ღვთივშემკობილთა მოძღუართა ჩემთა იოვანეჲს და პროხოლისი მამისა“ (369r-v). თხზულებები ადრეული, საბაწმინდური, რედაქციისაა. კრებული სამეცნიერო ლიტერატურაში „პალესტინური პატერიკის“ სახელითაა ცნობილი.

კრებული მრავალი თვალსაზრისით იპყრობს ყურადღებას. უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ინტერესის საგანს წარმოადგენს მასში შემავალ თხზულებათა რედაქციული თავისებურების საკითხი. საქმე ისაა, რომ პალესტინურ პატერიკში გაერთიანებულ თხზულებათა იდენტური ბერძნული თუ სხვაენოვანი დედნების მოძიება პრობლემად რჩება ისევე, როგორც ეს, ზოგადად, ეხება IX-X სს-ის ქართულ კლარჯულ-პალესტინურ ხელნაწერებში დაცულ თხზულებებს. არაა ერთგვაროვანი არც კრებულში შესული ტექსტების დედნის ენა და არც ქართული თარგმანის შესრულების თარიღი (იმნაიშვილი1975: 331; მენაბდე 1980: 87; გაბიძაშვილი 2014: 3-146). საბა განწმენდილის „ცხოვრების“ ტექტის გამოცემისას ძალზე საინტერესო თვალსაზრისს გამოთქვამს კ. კეკელიძე. მკვლევრის თანახმად, პალესტინური პატერიკის ამ ტექსტის ბიბლიური ციტაცია არ ემთხვევა წმინდა წერილის ცნობილვერსიებს, რაც თარგმანის წარმოშობის ადრეულ პერიოზე მიგვითითებს, კონკრეტულად კი, იმ დროზე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ბიბლიის თარგმანების კანონიზაციის პროცესი (კეკელიძე 1946: 139-219). პალესტინური პატერიკის წარმოშობის არეალმა და ანდერძ-მინაწერების ცნობებმა თავიდანვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. გამოიცა კრებულში შემავალი თხრობები: „სტეფანესა და ნიკონის ცხოვრება“ (ხახანაშვილი 1905: 2-9; Хаханов 1913: 5-9), „იოვანე შეყენებულის ცხოვრება“ (კეკელიძე 1918: 15-27; Garitte 1954: 79- 80), “იოვანე ურჰაელისა ცხოვრება“ (კეკელიძე 1918: 139-219), „საბა განწმენდილისა ცხოვრება“ (კეკელიძე 1946: 139-219), „ეფრემ ასურის ცხოვრება“ (Garitte 1957: 78-117); „კჳრიაკოზ პალავრელის ცხოვრება“ (Garitte 1962: 408-440), „ანტონ თებაიდელის ცხოვრება“(იმნაიშვილი 1970), სრული ხელნაწერი სათანადო ვრცელი გამოკვლევით (იმნაიშვილი 1975). მკვლევართა განსხვავებული თვალსაზრისები წარმოშვა წიგნისგადაწერის ადგილის, თარგმანთა შესრულების თარიღისა და გადამწერის ვინაობის საკითხებმა (ხახანაშვილი 1905: 2, 6; კეკელიძე 1946: 120; Garitte 1957: IX; 1962: 399;

გოგუაძე 1968: 250). გადამწერის ვინაობასთან დაკავშირებით ოლივერ უორდროპს გამოთქმული აქვს თვალსაზრისი, რომ წიგნი ცნობილი კალიგრაფ, გიორგი პროხორეს მიერ შეკრებილ მწიგნობართა გუნდის წევრ იოვანე დვალის მიერ უნდა იყოს გადაწერილი. მკვლევარი იოვანე დვალის შესახებ მსჯელობას საგანგებო ყურადღებას უთმობს (Wardrop 1913: 401). მაგრამ ანდერძების ჩვენება არ გვაძლევს ამ თვალსაზრისის გაზიარების საშუალებას. პალესტინური პატერიკის გადამწერ საბაწმინდელ კალიგრაფ იოვანე შავის იოვანე დვალთან გაიგივების თვალსაზრისი დღეს არაა გაზიარებული ქართული ხელნაწერი წიგნის მკვლევართა წრეში (მენაბდე 1980: 82,84,87). გადამწერის მიერ ანდერძში ჯვრის მონასტრის მშენებლობის პროცესისა და იმპერატორ მიხეილის (მიხეილ IV , 1034-1041 წწ. ან მიხეილ V,1041-1042 წწ.) მოხსენიებამ მკვლევრებს მისცათ საშუალება წიგნის გადაწერის თარიღი 1034-1042 წწ-ით შემოესაზღვრათ (კეკელიძე 1946: 120; მენაბდე 1980: 87). ხელნაწერს ახლავს ნუსხურითა და მხედრულით ქართველ სასულიერო პირთა და პილიგრიმთა მიერ შესრულებული არაერთი მინაწერი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდებაა როგორც წიგნზე მზრუნველობის, ასევე მისი შემდგომი გადანაცვლების ისტორიის აღდგენა.

Add.Ms.11282. პარაკლიტონი

XI ს. 221 ფ.; ეტრატი; 25×17,5 სმ.; ნუსხური; თავ-ბოლო ნაკლული; ხელნაწერის ანდერძი დაკარგულია. ყდაზე ინგლისურენოვანი წარწერა გვამცნობს, რომ წიგნი ნაყიდია ალექსანდრიაში სომეხ მღვდელ კაზანჯისგან 1837 წელს. კრებული იწყება VI რვეულიდან. იგი პარაკლიტონია. შედგენილობით ყველაზე ახლოს დგას ქართული სინური კოლექციის Sin.Geo.O.3 ხელნაწერთან – XI ს-ით დათარიღებულ პარაკლიტონთან (აღწერილობა 1979: 58-79), თუმცა არ მიჰყვება მას აბსოლუტური სიზუსტით.

ხელნაწერი საგანგებოდაა გადაწერილი და კარგადაა ორგანიზებული. სათაურები, ოდები და გალობათა დასაწყისები ნაწერია სინგურით; კრებული მოგვიანებით ნასწორებია ზოგან შავი, ზოგან წითელი მელნითა და განსხვავებული კალიგრაფიით. მასში შესულია: ღვთისმშობლის სტიქარონები, თეოდორე სტუდიელის ტრიოდიონი, კონდაკნი აღდგომისანი, ათორმეტთა სახარებათა საცისკროთა გამოავლინენი; სახარებათა საცისკრონი. სტიქარონები ოთხივე ხმისა გაწყობილია კვირა-პარასკევის დღეებზე; ხმა ბ. აღდგომის დასდებლები, კვირას – ღვთისმშობლისანი, ორშაბათს– მთავარანგელოზთა, სინანულისა და წმიდათანი, ღვთისმშობლისანი, სამშაბათს– ნათლისმცემლისანი, სინანულისა და წმიდათანი, ღვთისმშობლისანი, ოთხშაბათს– ღვთისმშობლისანი და ჯუარისანი, ღვთისმშობლისანი, ხუთშაბათს – წმ. მოციქულთა, წმ. ნიკოლაოსასნი, ღვთისმშობლისანი, პარასკევს – ჯუარისა, ღვთისმშობლისანი; შაბათს – წმიდათა და სულთა, სულისა და წმიდათა, წმ. წინასწარმეტყველთა და მოწამეთა, ღვთისმშობლისანი. ხმა გ. დ. ხმების ორშაბათის, სამშაბათის, ხუთშაბათის კანონები მიჰყვება ბ ხმისას, სხავობაა ოთხშაბათის კანონებში: გ ხმისა – ჯუარისა და ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლისა, დ ხმისა – ღვთისმშობლისა და ჯუარისა; ჯუარისა და წმიდათა, ღვთისმშობლისა; ასევე, პარასკევს: გ ხმისა – ჯუარისა, ღვთისმშობლისა, დ ხმისა – ჯუარისა და წმიდათა, გალობანი ღვთისმშობლისა ორნი, თეოფანესნი და მიტროფანესნი; შაბათს:გ. ხმისა – წმიდათა და სულთა, სულისა, წმ. წინასწარმეტყველთა და მოწამეთა, ღვთისმშობლისა, დ. ხმისა – წმიდათა და სულისა, სინანულისა, წმ. წინასწარმეტყველთა, წმ. ღვთისმშობლისა. ხშირ შემთხვევაში თითოეული შესხმისთვის 2, ზოგან 3 განგებაა დადებული. ამ კანონებს მოსდევს მცირე თავსამკაულით გამოყოფილი გალობები: „გალობანი წმიდისა და ერთარსებისა სამებისანი ჴჲ ა“, „სხუანი გალობანი ბრძოლისანი ჴ˜ჲ ბ გ˜ი“, „გალობანი უწჳმროებისანი ჴ˜ჲ დ, გ˜ი, „გალობანისავედრებელნი ღმრთისა და წმიდისა ივლიანე მოწამისა მკალთათჳს ჴ˜ჲ ბ გ˜ი“, „გალობანი სავედრებელნი და სამადლობელნი ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი ჴ˜ჲ ბ გ˜ი“, ,, გალობანი სატფურებისანი ჴ˜ჲ ბ“, გალობები მოციქულთა, ღვთისმშობლისა, კვირიაკისა, სინანულისა, ჯუარისა, მოციქულთა, წმიდათა, სულისა, ღვთისმშობლისა. საინტერესოა, რომ ხელნაწერის აშიებზე, სხვადასხვა გვერდზე გადამწერისგან განსხვავებული ხელით გაკეთებულია ლიტურგიკული შენიშვნები, მაგ. “მასუუ ზედა“, „უგალობდითსა მწუხრი ღამისთევად“, „ღვთისმშობლისანი ოთხშაბათსა ჰპოვნე“ ანდა „წარდგომანი მოციქულთანი“, „წარდგომანი ღვთისმშობლისანი“ (7r-v, 8r, 21v, 24r... 198v, 200r, 201r და სხვ.). ამავე ხელით 206r-ზე მინაწერია: „გიორგის შეუნდოს ღმერთმან.“ აღნიშნული მარგინალური შენიშვნების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინამდებარე წიგნი გიორგი ათონელის პარაკლიტონის ერთ-ერთი ახლადშედგენილი ვერსიაა. საქმე ისაა, რომ ქართული სასულიერო მწერლობის სწორედ ამ დიდი რეფორმატორისთვის იყო დამახასიათებელი, არ დაეკონკრეტებინა ამა თუ იმ გალობის ლიტურგიკული ფუნქცია და ამიტომაც მისი რედაქციის ლიტურგიკულ წიგნებს ამ სახის განმარტებით შენიშვნეს ურთავდნენ ის პირები, რომლებიც ახალი რედაქციის პრაქტიკაში დანერგვის პასუხისმგებლობას გრძნობდნენ (ხევსურიანი 2016: 87-90). ჩვენი ხელნაწერის შემთხვევაში ზემოთ დასახელებული გიორგი უნდა იყოს სწორედ ამგვარი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი. წიგნის რედაქციული და ტიპოლოგიური თავისებურების საფუძველზე მისი გადაწერის თარიღი XI ს-ით უნდა განისაზღვროს. Or. 6581. ქართულ-ებრაული პალიმფსესტი. VI-VIIსს. 3 მცირე ფრაგმენტი. ეტრატი; 4,5×5 სმ.; 5×5,5 სმ, 5×2,5 სმ.; პალესტინის სირიის წრიდან. ფრაგმენტების ქართული ფენა პალეოგრაფიული ნიშნებით თარიღდება VI ს-ით. ფრაგმენტები შეძენილია ეგვიპტეში, კაიროს გენიზაში, სხვა ებრაულ ხელნაწერებთან ერთად. პალიმფსესტზე იკითხება მხოლოდ რამდენიმე ასო და ორიოდე სიტყვა, მაგრამ იგი უნდა იყოს კემბრიჯისა და ოქსფორდის ქართულ-ებრაული პალიმფსესტების ნაწილი (დანელია 1997: 122). შესაბამისად, ფრაგმენტების თარიღი უნდა განისაზღვროს VIVII სს-ით.

Sloane 1338. ღვთისმშობლის დაუჯდომელი

1622 წ. 128 ფ.; უჭვირნიშნო ქაღალდი; 15×10,5 სმ.; ნუსხური, აბზაცების დასაწყისი – მთვარულით. ხშირია სინგურით ნაწერი გრაფემები. ხელნაწერი წარმოადგენს ღვთისმშობლის საგალობელთა კრებულს, ნუსხურით ნაწერი ტექსტი იწყევა 3r-დან: „უფალო ღაღადყავი, დაუჯდომელთანი ჴმაჲ დ.“, 35v-ზე ორნამენტული თავსამკაულით გამოყოფილია: „იბაკონი ღმრთისმშობლისანი“; 112v-ზე „ლოცვაჲ ზიარებისა „თქუმული წმიდისა დიდისა ბასილისი“. სავარაუდოდ, წიგნი პირადი კოლექციის ნაწილი უნდა ყოფილიყო. წიგნის მომგებელი: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე, გადამწერი: ლაზარე: “გამოუთქუმელო და ყოვლითურთ გამოუკულეველო ძლიერებითა… შენ დაიცვენ ორთავე შინა ცხორებათა ყოვლისა საქართჱლოსა (!) შენ მიერ კათოლიკოზი პატრიარქი, უფალი და მეუფჱ პატრონი ქრისტეფორე, რომლისა ბრძნებითაჲ აღიწერაჲ წმიდაჲ წიგნი ესე ხელითაჲ მონისა შენისა გარნა მონებაჲჲ(!) შენდა უღირსისა ცოდვილისა და გლახაკისა ლაზარესითაჲ ქორონიკონსა ტი“ (1622 წ.) (124r-125r). წიგნის მფლობელი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ის ამალათან. 2r-ზე პრიმიტიული ლორანული ჯვრის გაყოლებაზე შავი მელნით მხედრულით შესრულებულია მინაწერი: „ქ. თუესა იუნისსა ოცდაორსა დღესა პარაზქეუსა (!) სადილობა იყო, ისრე მზე დაბნელდა ასტრახანს ჯავით ქვასა ტანად(?).“ ხელნაწერს ერთვის მინაწერები, მხედრულით სავედრებელი ლოცვა, დასაბამითგანისა და ქრისტესით თარიღები, ათასეულების უშინაარსო სიტყვიერი ჩანაწერები, წითლით ანბანი. 1r-ზე იკითხება თომას სმიტის ხელმოწერა.

Sloane 1350. ფსალმუნი.

XVI ს., 154+2 ფ.; ქაღალდი; 13×19 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და ფსალმუნთა დასაწყისები – წითლით. საცავ ფურცელზე იკითხება თომას სმიტის ინგლისურენოვანი მინაწერი, რომელიც განმარტავს, რომ ხელნაწერი ნაწერია ქართული ანბანით, ნუსხურით. საფიქრებელია, რომ ეს მცირე ზომის წიგნი პირადი ბიბლიოთეკის საკუთრება იყო, ვინაიდან ფურცელთა კიდეები დაფერილია ოქროთი. რესტავრირებულია; ჩასმულია ევროპულ ტიპის ყდაში; ყდის ზედა ფრთაზე გამოსახულია მაცხოვარი ოთხ მახარებელთან ერთად, ახლავს ლათინური წარწერა: “St. Ioannes, St. Matteus, St. Marko, St. Lu…“ ტექსტის დასაწყისში 1v-ზე აყვავებული ჯვრის პრიმიტიული გამოსახულებაა, რომელსაც გასდევს ტექსტის ხელით შესრულებული სავედრეელი მინაწერები. ტექსტი მიჰყვება ფსალმუნის ქართულ რედაქციათაგან ყველაზე გვიანდელ G -ს (შდრ. შანიძე 1960). ამ ნუსხის მიხედვით ტექსტი არაა გამოცემული და ნაკვლევი.

Harley MS 5623. ბერძნული ლიტურგიკული კრებული.

XI ს. 254r-256v. შედის 2 სხვადასხვა ფრაგმენტი: 254r-255v – საწელიწდო სახარება, ეტრატი; 15×10 სმ.; ნუსხური, სათაურები სინგურით, მელანი ყავისფერი, X-XI სს-თა მიჯნა; 256rv პარაკლიტონი, ეტრატი, 21,4×15 სმ.; ნუსხური, მელანი შავი, სათაურები სინგურით. ფრაგმენტების პირველი ნაწილი (254r-255v)– საწელიწდო სახარება უნდა იყოს ტაოკალრჯული წარმომავლობისა, რაზეც მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ. ტექსტი ოპიზისა დაა ადიშის რედაქციებს მიჰყვება (Blake 1950). პარაკლიტონი ათონური წარმომავლობის ხელნაწერის ფრაგმენტი, სავარაუდოდ, გიორგი ათონელის ავტოგრაფული ნუსხის ნაწილი უნდა იყოს (Khintibidze 1998: 404-411).

Or. 5315. ჟურნალი „მუშა“.

XIX ს., 138 ფ.; ქაღალდი, 23×19 სმ.; მხედრული; სტატიებისა და ლექსების ავტორები არიან: ტ. რუისელი (ტატო ქობულაშვილი), ვ. დორელი (ივანე(ვანო) დოლმაზაშვილი), ვ. ჭერეთხეველი (ვასო ყულიჯანაშვილის), ნორიელი სლესარი (გრიგოლ ბასილაშვილი), ს. ზ. (სოლომონ აზმაიფარაშვილის) და რედაქტორი მ. ხომიზუროვი (მიხეილ სიდამონიძე).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები