ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის სამხრეთით, 8-9 კილომეტრზე, მდინარე სკრის ერთ-ერთი განშტოების მარცხენა ნაპირას, ტყეში, მაღალ ფერდობზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესის ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5X10,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია. შემორჩენილია მომდევნო ორი რეგისტრი. პირველში გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურაა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფრონტალური ფიგურა. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა, რომლებიც ქვემოდან შემოსაზღვრულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნით თარიღდება.
დარბაზის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი გადის ჩრდილოეთ ეკლესიაში, რომელსაც სარკმლები აღმოსავლეთითა და დასავლეთით აქვს. სამხრეთ ეკლესია უკეთაა შემონახული. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა.
ფასადებზე სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გვერდით შემორჩენილია წარწერიანი ქვა (გამოფიტულია და არ იკითხება).
ბიბლიოგრაფია
- სკრა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაუროანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ.,1907.-გვ.60-61; 64.სკრის ხეობაში თავად შალიკაშვილების მიერ აგებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მოკლე აღწერილობა.
- სკრის ხეობა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.84-85.გალისხევის, ბნელეთის ღვთისმშობლის, გომარეთის წმ. გიორგის, ელენთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიათა აგების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა მოხატულობის სტლისის მიხედვით, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. მოცემულია ბნელეთის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა.