სულიწმინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულიწმინდა - სულიწმინდას, ისევე, როგორც მამა ღმერთსა და ძეს – ქრისტეს, უფალი ეწოდება. სულიწმინდა არის მამა ღმერთის სული და ქრისტეს სული. იგი მარადიული, შეუქმნელი და ღმრთეებრივია; წმინდა სამების ერთობაში მამასთან და ძესთან ერთად მუდმივად თაყვანცემული და განდიდებული სულიწმინდა მარადმყოფობს მამასა და ძესთან. როგორც არასოდეს არ ყოფილა დრო, როცა არ არსებობდა ძე, ასევე, არასდროს არ ყოფილა ჟამი, როცა არ იყო სულიწმინდა. სულიწმინდა „გამოდის მამისაგან“ მარადიულ, ღმრთეებრივი და უწყვეტი „გამომავლობით“ (იოანე, 15:26)

მართლმადიდებლური სწავლება ამბობს, რომ მამა ღმერთი სულიწმინდის მარადიული საწყისი და წყაროა, ისევე, როგორც ძე ღმერთისა, მაგრამ მამისაგან ძისა და სულიწმინდის წარმომავლობა სხვადასხვაგვარია, რადგან ძე „იშვება“, ხოლო სულიწმინდა „გამოდის”. ბევრი ღვთივშთაგონებული წმინდანი ცდილობდა აეხსნა განსხვავება სულიწმიდის გამომავლობასა და ძის შობას შორის, მაგრამ ჩვენთვის საკმარისია გავიგოთ განსხვავება ღმრთეებრივ პირებს, აგრეთვე, მამისა და, შესაბამისად, ქვეყნიერების მიმართ ძისა და სულიწმინდის მოქმედებას შორის.

როგორც უკვე ვთქვით, ადამიანები უფალს შეიცნობენ იმდენად, რამდენადაც ღმერთი უცხადებს თავს, მაგრამ ღმერთის სამერთიანი ყოფიერების არსი ჩვენთვის რჩება (და საუკუნოდ დარჩება) დაფარული ჩვენი გაგებისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მსჯელობას ღმერთზე აზრი არ აქვს, უბრალოდ, ამ მსჯელობას არ შეუძლია გადმოსცეს ის სინამდვილე, რომლის გამოხატვასაც ვცდილობთ.

უნდა შევნიშნოთ, რომ რომაულ-კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები რწმენის სიმბოლოს ამ ნაწილს განსხვავებულად აყალიბებენ, კერძოდ, ამატებენ, რომ სულიწმინდა გამოდის მამისა „და ძისაგან“ („ფილიოქვე“). ასეთი დამატება მიუღებელია მართლმადიდებლებისათვის, რადგან იგი არ ეთანხმება წმინდა წერილსა და ღმერთის მართლმადიდებლურ გაგებას.

არსით სულიწმინდა და ძე მამის ერთარსია და, შესაბამისად, სულიწმინდა სამყაროში ღმერთის ყველა ქმედების მონაწილეა. ამიტომაც, დაბადების წიგნში შესაქმის შესახებ აღნიშნულია: „სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (დაბადება, 1:2). ეს იგივე სულია, რაც „სული სიცოცხლისა“, რომელიც მიეცა ყველა ცოცხალ არსებას და ყველაზე მეტად ადამიანს, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბადება,1:30, 2:7). ივრითზე სულს ასეც ჰქვია – იეჰოვას „სუნთქვა“ ან „ქარი”. ეს სულიწმინდაა „სიცოცხლის მომნიჭებელი“, რომელიც ინარჩუნებს და განამტკიცებს სამყაროს მის არსებობაში (ფსალმ. 103:29, იობი, 33:4).

სულიწმინდა შთააგონებს წმინდანებს, რომლებიც ღაღადებენ ღვთის სიტყვას და აღასრულებენ ღვთის ნებას: ის ცხებს წინასწარმეტყველებს, მღვდლებსა და ძველი აღთქმის მეფეებს; სულიწმინ და „გარდამოვიდა და დაადგა“ იესო ნაზარეველს და ქმნა იგი ღვთის მესიად (ცხებულად) და ასეთად გამოუცხადა იგი ქვეყნიერებას. ამიტომ ახალ აღთქმისეულ პირველ ღვთის განცხადებაში – იოანეს მიერ ქრისტეს ნათლობაში სულიწმინდა გაცხადდა ქრისტეზე გარდამომავალად და მასზე „დადგრომილად“, „ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით (იოანე, 1:32). საჭიროა შევნიშნოთ, რომ სულთმოფენობისას სულიწმინდის გარდამოსვლის დღის აღწერის დროსაც, აგრეთვე, წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც, გამოყენებულია სიტყვა „როგორც“ და „მსგავსად“, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი მატერიალისტური გაგება მოვლენებისა, რომლებზეც თავად ბიბლია სიმბოლურ ენაზე საუბრობს.

თავისი მსახურების დაწყებისთანავე იესო ქრისტემ მაშინვე განაცხადა, რომ ესაიას მესიანისტური წინასწარმეტყველება – „სული უფლისაჲ ჩემზედა“ მას ეხებოდა (ესაია, 61:1; ლუ კა, 4:18). და თავისი ცხოვრების ყოველ დღეს – ქადაგებისას, სწავლებისას, კურნებისას, დემონების განდევნისას... – იესო ქრისტე აღვსილი იყო სულიწმინდით: თვით ღმერთისათვის ჯვარზე მისი მსხვერპლშეწირვა აღსრულებულ იქნა სულიწმინდის მიერ (ებრ. 9:14), და იმავე სულიწმინდით ქრისტე და ყველა ადამიანი აღდგენილ იქნა მკვდრეთით (ეზეკიელი, 1-6) და სულთმოფენობის დღესაც სულიწმინდის გარდამოსვლა ქრისტეს მოწაფეებზე არის ქრისტეს ამქვეყნიური მისიის დასრულება და ქრისტიანული ეკლესიის დასაწყისი.

ქრისტიანული ეკლესია ცხოვრობს სულიწმინდით და მხოლოდ სულიწმინდით შეუძლია ადამიანსა და სამყაროს იმის აღსრულება, რისთვისაც შეიქმნა ისინი.

სულიწმინდა არის სული სიცოცხლისა.

„უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკვიდრ არს თქუენ შორის, რომელ მან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნი ცა ეგე ხორცნი თქუენნი დამკვიდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა (რომ. 8:11).

სულიწმინდა არის სული ჭეშმარიტებისა.

„ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამე თუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი-რაჲ ეს მეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე, 16:13).

სულიწმინდა არის ღმრთეებრივი ძეობილობის სული.

„რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!“ (რომ. 8:15).

სულიწმინდა არის ადამიანსა და ღმერთს შორის ახალი და მარადიული აღთქმის პირადი მყოფობა, ღვთის სასუფევლის აღბეჭდვა და სიმტკიცე, ადამიანებში ღვთის მყოფობის ძალა.

„საცნაურ ქმნილ, რამე თუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა. ხოლო სასოებაჲ ესე ვითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ ... რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორინთ. 3:3-4, 6).

„არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამ კვიდრებულ არს თქუენ შორის?“ (1 კორინთ. 3:16).

„....რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სული თამამისა მიმართ. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ, რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორ ძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, რომელსაზე და თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებელად ღმრთისა სულითა“ (ეფეს.2:18-22).

სულიწმინდაში ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც გააკეთა თვით ქრისტემ, აღასრულოს „ერთმანეთისადმი სიყვარულის „ახალი მცნება“:

„ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ... ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნე... რამე თუ რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (გალატ. 5:22-25; 6:8).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

იხილე აგრეთვე

სამება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები