ბიჭვინთის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიჭვინთის მონასტერი – უძველესი სასულიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოში.

ბიჭვინთის ტაძრის აღდგენის იდეა XIX საუკუნის დასაწყისიდან გაჩნდა. მაშინ აქ ჯერ კიდევ ინახებოდა XIV ს. ქართული სახარება. 1809 წ. 23 დეკემბერს სამეგრელოს სამთავრო კარის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე იოსელიანმა, აფხაზეთში მისიონერული საქმიანობის დაწყების მიზნით მთავარმართებელა. ტორმასოვის წინაშე უძველესი სასულიერო ცენტრების, მათ შორის, ბიჭვინტის ტაძრის აღდგენისა და იქ ღვთისმსახურების განახლების საკითხი დააყენა. შუამდგომლობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ამის თაობაზე სერიოზული მსჯელობა დაიწყო. 1821 წ. იმპერატორ ალექსანდრე I-მა საქართველოს მთავარმართებელ ა. ერმოლოვს დაავალა ბიჭვინთის ტაძრის აღდგენა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზთა აჯანყებამ ხელი შეუშალა ამ დავალების შესრულებას. 1832 წ. იმპერატორ ნიკოლოზ I-მა მხარი დაუჭირა ბიჭვინთის ტაძრის განახლებას; 1835 წ. ივლისში სასულიერო მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთში არქიტექტორი ანტონ დადიანი სთხოვდა საქართველოს ეგზარქოს ევგენის ტაძრის აღდგენასა და მისიონერებისათვის მის გადაცემას, რის წინააღმდეგაც წავიდა მხოლოდ მთავარმართებელი გ. როზენი იმ მოტივით, რომ ტაძრის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფი იყო დისლოცირებული. მთავარმართებელმა ე. გოლოვინმა კი 1838 წ. 17 ნოემბერს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორ ნ. ა. პროტასოვის წინაშე დასვა საკითხი ბიჭვინთის ტაძრის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან ეს იქნებოდა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და არც მისიონერული თვალსაზრისით მოიტანდა რაიმე სარგებლობას; მისი აზრით, ჯობდა ტაძრის, როგორც წარსულის უბრწყინვალესი ძეგლის, შენარჩუნება. ამის შემდეგ ნიკოლოზ I-მა ადრინდელი გადაწყვეტილება შეცვალა და ბრძანა ბიჭვინთის ტაძრის აღდგენის გადადება. მიუხედავად ამისა, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შუამდგომლობა ტაძრის აღდგენის თაობაზე მთავარმართებელმა ა. ნეიდგარდტმა განაახლა. იმპერატორის საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 1844 წ. მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის მმართველობის დროს იქნა მიღებული, გამოიყო შესაბამისი სახსრებიც. 1851 წ. აპრილში, როცა უწმ. სინოდის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ეპარქია დაფუძნდა, საეპიკოპოსო კათედრისა და სასულიერო სკოლის ადგილსამყოფელად ბიჭვინთა დადგინდა. აქვე მონასტერიც უნდა გახსნილიყო. მიუხედავად ამისა, ტაძრის განახლების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ამასობაში ყირიმის ომმაც მოუსწრო და აფხაზეთში შემოსულმა თურქებმა ბიჭვინთა დაარბიეს, თან წაიღეს 1429 წ. ჩამოსხმული საეკლესიო ზარიც; 1860 წ. ბიჭვინთის ტაძრის განახლებას ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გ. ერისთავი ცდილობდა, მაგრამ ხარჯთაღრიცხვის შედგენის იქით საქმე არ წასულა. 1863 წ. აგვისტოში აფხაზეთის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ეს საკითხი ეგზარქოს ევსევის წინაშე დასვა, ეგზარქოსმა კი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენ საზოგადოებას მიმართა; საზოგადოების თავმჯდომარემ, მეფისნაცვალმა მ. ნ. რომანოვმა, რომელმაც 1863 წ. სექტემბერში ბიჭვინთა მოინახულა, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დ. სვიატოპოლკ-მირსკის იმავე წლის დეკემბერში ჯერჯერობით მხოლოდ ტაძრის შენარჩუნებისათვის ზრუნვა დაავალა. სახურავის შესაკეთებლად მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების სახსრებიდან 2000 მან. გამოიყო, რომელიც ბიჭვინთის ასეულის მეთაურს, მაიორ ა.ს. ვორონოვს გადაეცა. გამოყოფილ თანხას ღრმად მორწმუნე ოფიცერმა საკუთარი 1746 მან. დაუმატა და ხუთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ტაძრის ხელახლა გადახურვა, არამედ მისი განახლებაც მოხერხდა – კანკელი ეპისკოპოს გაბრიელის შეკვეთით ქუთაისში დამზადდა; აშენდა სამღვდელმთავრო სახლი და შენობა სასულიერო სასწავლებლისათვის, რომლის გასახსნელად 1867 წ. სასწავლო წლისათვის ყველა წინა პირობა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ შეამზადა. ყველა აღდგენითი და სამშენებლო სამუშაო ჯარისკაცების მიერ იქნა შესრულებული.

სოხუმის ეპარქიის იმერეთის ეპიკოპოსის დაქვემდებარებაში გადასვლამ (1869) დღის ნესრიგიდან მოხსნა ბიჭვინთაში საეპისკოპოსო კათედრის გადატანის საკითხი. 1869 წ. 27 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბიჭვინტის ტაძარი (როგორც სამრევლო ეკლესია) საზეიმო ვითარებაში აკურთხა და მეორე დღეს ლიტურგია ჩაატარა. წინამძღვრად დაინიშნა მოსკოვის სასულიერო აკადემიადამთავრებული, რუსი ეროვნების მღვდელმონაზონი იონა, რომელიც აფხაზეთში 1867 წლიდან მოღვაწეობდა.

კავკასიის საერო და სასულიერო ხელისუფლება ჯერ კიდევ ტაძრის კურთხევამდე სერიოზულად იხილავდა ბიჭვინთაში რუსული მონასტრის დაფუძნების საკითხს. აღნიშნულ იდეას მხარს უჭერდნენ ეგზარქოსი ევსევი, სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი ვ. გეიმანი და, რაც მთავარია, მეფისნაცვალი მ. ნ. რომანოვი. ამ უკანასკნელმა ბიჭვინთის რუსული მონასტრისა და მასთან სკოლის დაფუძნების აუცილებლობის საკითხი 1869 წ. 7 ნოემბერს უწმ. სინოდის ობერპროკურორ დ. ტოლსტოის წინაშე დასვა და შესაბამისი დაფინანსება მოითხოვა, მაგრამ აუცილებელი სახსრები ფინანსთა სამინისტროს და უწმ. სინოდს არ აღმოაჩნდა. მაშინ წარმოიშვა ბიჭვინტის მომავალი მონასტრის კიევ-პეჩერის ლავრასთან ან მოსკოვის ტროიცე-სერგიევის მონასტერთან მიერთების იდეა. დახმარებისა და რჩევა-დარიგებისათვის მ. ნ. რომანოვმა 1870 წ. 9 ივნისს მოსკოვის მიტროპოლიტ ინოკენტის მიმართა. საპასუხო წერილში (1870 წ. 6 ნოემ.) მიტროპოლიტმა ბიჭვინთის მიერთება სიშორის გამო მიზანშეუწონლად მიიჩნია, მაგრამ გამოთქვა მზადყოფნა, მფარველობა გაეწია მომავალი მონასტრისათვის, დახმარებოდა ფინანსურად, გაეგზავნა ბიჭვინთაში ბერები მოსკოვიდან.

იმპერატორის ბრძანებისა და უწმ. სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე ბიჭვინთის მონასტერი (სკოლის გარეშე) 1872 წ. 18 ივლისს დაფუძნდა, ყოველწლიური ბიუჯეტი 1200 მანეთით განისაზღვრა. მოსკოვის მიტროპოლიტ ინოკენტის რეკომენდაციით ახლად დაფუძნებული მონასტრის წინამძღვრად ტროიცე-სერგიევის ლავრის არქიმანდრიტი თეოფილე დაინიშნა. გარდა წინამძღვრისა, ბიჭვინთაში იმავე ლავრიდან მღვდელმონაზონი ეფრემი, მთავარდიაკონი ისაია და კიდევ ხუთი მორჩილი მიავლინეს. აფხაზეთში ისინი 1873 წ. დეკემბერში ჩავიდნენ. რეალური ფუნქციონირება მონასტერმა 1874 წ. დაიწყო. იმავე წლის 9 მაისს ბიჭვინთას ეპისკოპოსი გაბრიელი ესტუმრა. თავის ანგარიშში მან აღნიშნა: „უძველესი ბიჭვინთის ტაძარი საანგარიშო წელს გარდაიქმნა მომცრო რუსულ სამისიონერო სავანედ. მასში უკვე დაბინავდა წმ. ტროიცე-სერგიევის მონასტრიდან გამოგზავნილი საძმო, რომელიც შედგება არქიმანდრიტის, მღვდელმონაზონის, მთავარდიაკონისა და რამდენიმე მორჩილისგან; მაგრამ მათ ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს სათანადოდ მოწყობა.“ არქიმანდრიტ თეოფილეს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მისცა წერილობითი ნებართვა მისიონერული მოგზაურობების განხორციელებაზე გაგრიფშში, ზვანდრიფშსა და მუსლიმებით დასახლებულ სხვა სოფლებში.

1875 წ. საქართველოში ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალის დაფუძნება გადაწყდა. როცა ათონელი ბერები მღვდელმონაზონ არსენის ხელმძღვანელობით აფხაზეთში ჩამოვიდნენ, მაშინვე გაჩნდა წინადადება მათთვის ბიჭვინთის მონასტრის გადაცემის თაობაზე. მას იზიარებდნენ სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსი პ. კრავჩენკო, ეგზარქოსი ევსევი, კავკასიელ მთიელთა მთავარი სამმართველოს უფროსი ვ. ფრანკინი და მეფისნაცვალი მ. ნ. რომანოვი.

ბიჭვინთაში დროებით დაბინავებულ ათონელ ბერებს ეპისკოპოსი გაბრიელი პირველად 1875 წ. 24 სექტემბერს შეხვდა და იმავე დღეს ლიტურგია ჩაატარა მღვდელ-მონაზონ არსენის თანამწირველობით; აქვე შედგა მათ შორის საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. 1875 წ. 15 ოქტომბერს კი ბიჭვინთის მონასტრის საძმომ და ათონელმა ბერებმა ეპისკოპოს გაბრიელს ერთობლივი განცხადება წარუდგინეს, რომელშიც ორივე მხარე წმ. პანტელეიმონის ფინანსურად ძლიერი მონასტრისათვის უსახსროდ დარჩენილი ბიჭვინთის გადაცემის მიზანშეწონილობას ასაბუთებდა. ამ საკითხის გადაჭრა მთლიანად იყო დამოკიდებული კავკასიის საერო და სასუიერო ხელისუფლების ნებაზე და არა გაბრიელის სურვილზე. რეალურად, აფხაზეთის მწყემსთავარს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლო. ის დაეთანხმა განცხადების ავტორთა წინადადებას, მაგრამ იმავდროულად ეგზარქოსისა (1875 წ. 30 ოქტ.) და მთიელთა სამმართველოს უფროსისათვის (1875 წ. 12 ნოემ.) გაგზავნილ წერილებში მოითხოვდა, რომ ათონელ ბერებს წმ. მთის წესდების შესაბამისად ეცხოვრათ და მისიონერული მიზნები საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე მაღლა დაეყენებინათ.

მიუხედავად ყველა დონეზე მიღწეული თანხმობისა, ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის დაქვემდებარებაში ბიჭვინთის გადაცემა რუსეთ-თურქეთის ომამდე ვერ მოესწრო. ომის შედეგად კი ბიჭვინთის მონასტერი დაცარიელდა; არქიმანდრიტი თეოფილე და სხვა ბერები 1876 წ. ნოემბერში გელათის მონასტერში გადავიდნენ, იქიდან კი მოსკოვში დაბრუნდნენ. შემდგომში გაბრიელმა მონასტრის საკათედრო ტაძრად გარდაქმნის წინადადება წამოაყენა. მისი განხორციელება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ 1880 წ. 10 ივნისს ბიჭვინთაში ჩამოსულმა მეფისნაცვალმა, მ. ნ. რომანოვმა, ამ უძველესი ტაძრის ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტერთან მიერთების სურვილი გამოთქვა. 1885 წ. 2 მარტს იმპერატორის ბრძანებულებით დამტკიცდა დებულება ბიჭვინთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ახალი ათონის მონასტრისათვის გადაცემის შესახებ. ბიჭვინთის მონასტერი – 1049 დესეტინა მიწის ნაკვეთით, ფიჭვნარითა და ინკითის ტბით – ახალი ათონის სვიმონ კანანელის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი (ქილა) გახდა. ახალ სტატუსში მისი კურთხევა 1885 წ. 3 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ, მთავარმართებელ ა.შ. დონდუკოვ-კორსაკოვის თანდასწრებით შეასრულა. 1924 წ., როცა ახალი ათონის მონასტერი გაუქმდა, ბიჭვინთის ტაძარმაც ფუნქციონირება შეწყვიტა.

ჯ. გამახარია

წყაროები და ლიტერატურა

  • Акты, собранные Каказской археографической комиссией, т. 4. Тфл., 1870.
  • გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.), თბ., 2005;
  • წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2006;
  • წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2007;
  • Мурзакевич Н., Древнейший Пицундский правосланый храм на восточом берегу Черного Моря, Одесса., 1877;
  • Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь на Кавказе и древний храм Успения Богоматери в Пицунде, Одесса., 1888.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები