ბზიანის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბზიანის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამი ეკლესია და გალავანი.

ეკლესიების კამარები ჩანგრეულია, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, გალავნისაგან შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი.

ეკლესია

კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდგარი ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვით. კონსტრუქციის ადგილებში (კამარა, კონქი, თაღები) გამოყენებულია გათლილი შირიმის ქვა. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,25X7,75 მ). შესასვლელი ორი ჰქონია, ჩრდილოეთითა და დასავლეთით (დასავლეთისა ამოქოლილია). ორივე კარი თაღოვანი იყო. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს თაროს, დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი შირიმის კაპიტელები აქვთ.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია წაგრძელებული დაბალი სათავსი. რომელიც განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი ოთახი (სამკვეთლო) კარით უკავშირდება ეკლესიას. კარი ეკლესიის მხრიდან არქიტრავითაა გადახურული. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში სწორკუთხოვანი ნიში. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილო-დასავლეთის სათავსი სვეტზე დაყრდნობილი ორი ნალისებრი თაღით უკავშირდება დარბაზს. აღმოსავლეთ თაღის მარჯვნივ იმპოსტის პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. თაროს ზედაპირი მოჩუქურთმებულია. მოპირდაპირე იმპოსტი შეწყვილებული გრეხილი ლილვის სახითაა დამუშავებული. დასავლეთის თაღის მარჯვენა იმპოსტი მარტივი თაროსებრი ფორმისაა, მარცხენა იმპოსტის პროფილს ორ ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირი წარმოადგენს. სათავსის ნალისებრ კამარას ნალისებრივე საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა.

ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია ქვიშაქვის ქვებით, თარაზული რიგები მკაცრადაა დაცული. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლებს ჰორიზონტულგადანაკეცებიანი რელიეფური თაღოვანი თავსართი აქვთ. ლავგარდნის (შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში) პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს.

წმინდა გიორგის ეკლესია

პირველი ეკლესიის აღმოსავლეთით 10-12 მეტრზე დგას წმ. გიორგის ეკლესია, აგებულია XII საუკუნეში. მისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მეორე ეკლესია მიუშენებიათ. ორივე ეკლესია ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით, ორივე დაზიანებულია: ჩამონგრეულია ცილინდრული კამარა, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნავები 1 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია მიწით.

წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (11,85X5,7 მ), შესასვლელი ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. აფსიდსა და ბემას საფეხური (სიმ. 0775 მ) გასდევს. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია (შემორჩენილია სამხრეთ კედელზე); დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია.

ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები, (გამოსახულებები აბრისების სახითაა წარმოდგენილი). სტილისტური ნიშნებით მხატვრობა XII საუკუნით თარიღდება.

აფსიდში შემორჩენილი მოხატულობა მოწითალო ზოლით დაყოფილია სამ რეგისტრად, კონქში გამოსახულია ვედრება ექვსფრთედებით. ქრისტეს მარცხენა ხელში გაშლილი წიგნი უჭირავს, მკერდთან მიტანილი მარჯვენათი აკურთხებს. კომპოზიცია მონუმენტური ხასიათისაა. შემდეგ რეგისტრში გამოსახულნი არიან მოციქულები, რომლებსაც ხელში წიგნები ან გრაგნილები უჭირავთ. აფსიდის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამოსახული წმინდანი ბემაში გამოსახულ სამ ფიგურაზე უთითებს. ერთი მათგანი, გვირგვინოსანი, წინასწარმეტყველია. უჩვეულოდ მცირე ზომის ქვედა რეგისტრში, როგორც ჩანს, მღვდელ-მოძღვართა გამოსახულებები იყო. ძლივს გაირჩევა მათი შარავანდები. აფსიდის სარკმლის შიდა მხარეს შემონახულია მღვდელმოძღვართა ორი წელზედა გამოსახულება, როლმესაც კიდეში ორნამენტული ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტისათვის დამახასიათებელია მოწითალო ოქრა (გამოსახულებათა აბრისები, სამოსი), ოქროსფერი ოქრა (შარავანდები), ღია მწვანე (მიწა), ცისფერი.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები