ბეტონის მინერალური დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის მინერალური დანამატი – ბუნებრივი ან ტექნოლოგიური ნედლეულის (ნაცარი, დაფქული წიდა, მთის ქანი, მიკროკაჟმიწა და სხვ.) ფხვნილი. შემვსებისაგან განსხვავებით აქვს წვრილი მარცვლები (0,16 მმ-ზე ნაკლები); არ იხსნება წყალში და ფაქტობრივად ბეტონის მყარი ფაზის წვრილი შემავსებელია. ეწყობა (ლაგდება) ცემენტთან ერთად შემვსების სიცარიელეში, რითაც ამკვრივებს ბეტონის სტრუქტურას და რიგ შემთხვევაში ცემენტის ხარჯის შემცირების საშუალებასაც გვაძლევს. ამიტომ ბეტონის მინერალურ დანამატს ხშირად უწოდებენ მინერალურ შემვსებს. თუ ამ დანამატს შევაფასებთ ცემენტისა და ბეტონის სტრუქტურაზე გავლენით, მაშინ დისპერსიულობის მიხედვით ის შეიძლება დავყოთ როგორც ცემენტის გამზავებელი და როგორც – შემამკვრივებელი. გამზავებელს, მაგ., ნაცარს, აქვს ცემენტთან მიახლოებული გრანულომეტრიული შედგენილობა (ხვედრითი ზედაპირი 0,2-0,5 მ2/გ), შემამკვრივებელს კი მაგ., მიკროკაჟმიწას, აქვს ცემენტზე 100-ჯერ უფრო წვრილი მარცვალი (ხვედრითი ზედაპი-რი 20-30 მ2/გ) და წარმოადგენს მეტად ეფექტურ დანამატს, რადგან შეუძლია შეავსოს ცემენტის მარცვლებს შორის სიცარიელე და აქვს რეაქციისადმი მაღალი უნარი. მინერალური დანამატი არის აქტიური და ინერტული. აქტიურს უნარი აქვს წყლის თანდასწრებით იმოქმედოს კალციუმის დიოქსიდთან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, წარმოქმნას ნაერთი, რომელსაც ექნება შემკვრელის თვისება. დანამატის თვისებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აგრეთვე, მარცვლოვან შედგენილობას, რომელიც განსაზღვრავს ხვედრით ზედაპირს და, შესაბამისად, მის რეაქციულ თვისებას ან ბეტონის სტრუქტურის შემკვრივების შესაძლებლობას. ინერტული დანამატი (მაგ., საჩხერის დაფქული კვარცის ქვიშა) რომელიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ცემენტის კომპონენტებთან რეაქციაში არ შედის, გარკვეულ შემთხვევაში (მაგ., ავტოკლავური გამაგრებისას) ამჟღავნებს რეაქციულ თვისებას. ინერტულ დანამატს ხშირ შემთხვევაში იყენებენ ბეტონის მყარი ფაზის მარცვლოვანი შედგენილობის და სიცარიელის რეგულირებისათვის: შემვსები (ცემენტი) – მინერალური დანამატი ბეტონის ნარევისა და ბეტონის თვისების რეგულირების მიზნით. ბუნებრივი მინერალური დანამატი მიიღება ბუნებრივი ვულკანური (ტუფი, პემზა, ტრასი) ან დანალექი ქანების (დიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა) წმინდად დაფქვით. ამ დანამატებმა ფართო გამოყენება პოვეს ცემენტის წარმოებაში. მათი ნაკლია მაღალი წყალმოთხოვნილება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები