ბეროლა სკამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეროლა სკამი - (ჰასკამ, სასკამი), სარიტუალო სკამი. კეთდებოდა „ლიფანალის“ - მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი დღეობისთვის. ჰქონდა საუფროსო სავარძლის სიმაღლე, ზურგსაბჯენი ფიცარი და ოთხი ფეხი.
მიცვალებულთა მოსაგონარ სარიტუალო წესს სვანები „სანათლიღებოდ“ ასრულებდნენ. იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა პირველი კვირის ორშაბათამდე. თუ ლიფანალი გარდაცვლილის ოჯახს წლამდე მოუსწრებდა, სულის მოსახსენებელი ცერემონიალისთვის საკურცხილის მაგივრად ბეროლა სკამს იყენებდნენ. მასზე დადებდნენ მიცვალებულის კუთვნილ ტანსაცმელს და, როგორც წესი, სუფრასთან ახლოს დადგამდნენ. ჰასკამს ორმოცი დღის შემდეგ წვავდნენ ან ეკლესიას სწირავდნენ.
ლიტერატურა
ლ. ბედუკიძე, სვანური ავეჯი (ფიჩქი, ჰასკამი) სსმმ XXVI, 1982.