ბერთის ოთხთავები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერთის ოთხთავები – ორი ოთხთავი – გადაწერილი ბერთის მონასტერში.

ბერთის პირველი ოთხთავი

სარჩევი

ოთხთავის პირველი ხელნაწერი

პირველი ხელნაწერი (IX-X სს.) შეიცავს 257 ფურცელს, დაწერილია ეტრატზე ორ სვეტად ასომთავრულით. გაირჩევა 4 ხელი, თუმცა მთავარი გადამწერნი არიან ვინმე გაბრიელი და მისი მეუღლე. ხელნაწერი ინახებოდა აშშ-ის ქ. ნიუტონში (ქ. ბოსტონის ახლოს). ამჟამად იგი დაცულია ქ. კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლოთეკაში (მიკროფირი არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ხელნაწერი ინახებოდა გურიაში, და რომ ერთ-ერთ გურიელს გაუტანია ყარსში, სადაც ინახებოდა იქაურ სომხურ ეკლესიაში, აქედან კი ამერიკელ მისიონერებს 1830 წელს წაუღიათ ამერიკაში.

ხელნაწერის ერთ-ერთ ანდერძში მოხსენიებულია სუმბატ ერისთავთერისთავი და მისი შვილები – დავით და სუმბატ (ხელნაწერს აკლია ბოლო ფურცელი, რომელზედაც ანდერძის ნაწილი და ქორონიკონი უნდა ყოფილიყო მოთავსებული).

შ. ამირანაშვილის აზრით, ხელნაწერი გადაწერილია 889 წელს (8 წლით ადრე, ვიდრე ადიშის ოთხთავი). რ. ბლეიკი და ს. ტერ-ნერსესიანი ხელნაწერს X საუკუნით ათარიღებენ (იზიარებენ ი. აბულაძე, რ. შმერლინგი, ა. შანიძე).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანდერძში მოხსენიებულია არა სუმბატ I, რომელიც გარდაიცვალა 889 წელს, არამედ სუმბატ III ერისთავთერისთავი (გ. 988), რადგან სუმბატ I არ ყოფილა ერისთავთერისთავი და არც შვილები ჰყოლია.

ოთხთავი შემკულია კამარებითა და მახარებელთა გამოსახულებებით. შემორჩენილია 9 კამარა. მისი არქიტექტონიკა წარმოადგენს სვეტებზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღედს, რომელიც შემკულია აკანის ფურცლებით, ფრინველებით.

ხელნაწერს დასაწყისში ახლავს 4 მახარებლის გამოსახულება. მახარებლები წარმოდგენილი არიან წყვილწყვილად, ფეხზე მდგომარენი წიგნებით ხელში, ერთმანეთისაკენ მობრუნებულნი.

ბერთის მეორე ოთხთავი

ოთხთავის მეორე ხელნაწერი

მეორე ოთხთავის ხელნაწერი (XII ს., Q 906) შეიცავს 342 ფურცელს, ზომით – 24.5 X 17.5; დაწერილია ეტრატზე ნუსხურით ორ სვეტად. მინაწერების თანახმად, ოთხთავი დაუწერია და უბოძებია ბერთის მონასტრისათვის იოანე ოპიზის მოძღვარს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს. 1921 წელს ხელნაწერი გადაიტანეს პარიზში და 1945 წელს დააბრუნეს, იგი შემკულია მახარებელთა გამოსახულებებით. მახარებლები დაკვეთილია იოანე ოპიზელის მიერ, ჩართული არიან შესაბამისი სახარების ტექსტის წინა ფურცლის verso-ზე (1v, 97v, 161v, 265v) და წარმოდგენილი არიან მჯდომარე პოზაში სამუშაო მერხის წინ. მინიატიურები მრავალშრიანი ტექნიკითაა შესრულებული. ოსტატი ხმარობს სქელ, გაუმჭვირვალე საღებავებს. კოლორიტში გამოირჩევა ღვინისფერი, ყავისფერი, ლურჯი და მწვანე. ფორმები დამუშავებულია თეთრაშერეული საღებავით. ფონი დაფერილია ოქროთი. სათაურები შესრულებულია სინგურით.

ბერთის მეორე ოთხთავი ჩასმულია ბეშქენ ოპიზარის მიერ მოჭედილ ყდაში (მოოქრული ვერცხლი). ჭედური ყდის საერთო კომპოზიცია მსგავსია ბექა ოპიზარის მიერ XII ს. წყაროსთავის ოთხთავის (Q 907) ჭედური ყდისა, როგორც ჩანს, სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ოპიზის საგანმანათლებლო ცენტრის მხატვრულ სკოლასთან არსებობდა დამოუკიდებელი და თავისებური, ნაციონალურ ნიადაგზე აღმოცენებული საოქრომჭედლო სახელოსნო.

ბერთის მეორე ოთხთავის ჭედური ყდის ზედა მხარეს გამოსახულია ჯვარცმის რელიეფური კომპოზიცია, ხოლო ზურგის მხარეს – ვედრება. ყდის ზედა მხარე მოოჭვილია 8 ძვირფასი თვლითა და 3 მარგალიტის მძივით. ფიგურები ზოგან დაზიანებულია (ჩაჩხვლეტილია), მარგალიტის მძივების დიდი ნაწილი დაკარგულია. ზედა მხარეს, ჯვარცმული ქრისტეს ზემოთ, აქეთ-იქით ანგელოზთა წელზევითა გამოსახულებებია.

ყდას ორსავე მხარეს დაჰყვება ჩარჩოს სახით წვრილი გრეხილი ორნამენტი, ხოლო კუთხეებში მცენარეული ორნამენტით შევსებული სამკუთხა ფორმის ფართო ზოლებია. თითოეულ გამოსახულებას ასომთავრულით შესრულებული წარწერები ახლავს. ყდის ზურგის მხარეს ქრისტეს გამოსახულების ქვემოთ ვკითხულობთ: „მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა“.

ე. მაჭავარიანი

წყაროები და ლიტერატურა

  • ხელნაწერთა აღწერილობა Q კოლექცია, ტ. 2, 1958.
  • ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, 1956;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ტურაშვილი ი, ბერთის ოთხთავის მინაწერები, „მნათობი“, 1979, №7;
  • Kондаков H. П., Бакрадзе Д., Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, CПБ., 1890 (ქართ. წარწერების განმარტება დ. ბაქრაძისა);
  • Шмерлинг Р., Художественное оформление грузинской рукописной книги IX-XI столетий, Tб., 1979;
  • Такаишвили E., Tбетское четвероевангелие XII вeкa. MAK, XII, Tфл., 1909;
  • Blake R., Ter-nersesian S., The gospel of Berthay. An old-Georgian manuscript of the tenth century...Bizantion, v.16, f.1, Boston, 1944.

იხილე აგრეთვე

ჰოუტონის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები