ბედიის გულანი
ბედიის გულანი - წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერ ძეგლს. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ.
გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ბედიის გულანი შეიცავს 960 ფურცელს, მინიატურის ზომაა 45,5 სმ. X 33,5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე ნუსხური დამწერლობით, ორ სვეტად, ლამაზი გაკრული ხელით. მელანი შავია, სათაურები გამოყოფილია სინგურით.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ბედიის გულანი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება.