ბედიის ბარძიმის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედიის ბარძიმის წარწერა – ქართული ჭედური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშზე – ბაჯაღლო ოქროს ბარძიმზე შესრულებული წარწერა. მდიდრული „სიწმიდის ჭურჭელი“ ახალაშენებული ბედიის ტაძრისათვის შეუწირავთ ფეოდალური ხანის ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III-სა (975/78-1014) და მის დედას – დედოფალ გურანდუხტს. ჩვენამდე მოაღწია ბარძიმის ზედა ნაწილმა – თასმა, რომლის სადგარიც დაკარგულია. თასი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. იგი გამოჭედილია მთლიანი ოქროს ზოდისაგან; წონა – 752 გ, სიმაღლე – I2,5 სმ, პირის დიამეტრი – 13,5XI4 სმ. (წრე ოდნავ გაღუნულია) ქვედა ნაწილის დიამეტრი – 9,5XI0 სმ. თასის ზედაპირი თაღნარით დაყოფილია I2 ნაწილად. მათში წარმოდგენილია ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულებისა და მახარებლების გამოსახულებები. ქრისტე და ღვთისმშობელი გამოსახული არიან ერთმანეთის პირისპირ, ხოლო სხვები – წრიულად მათ შორის დარჩენილ არეზე ღვთისმშობელი მუხლებზე ყრმა იესოთი ტახტზე ზის. ღვთისმშობლის გამოსახულება უწარწეროა. ქრისტეს გამოსახულებას ახლავს ბერძნული განმარტებითი წარწერა, ხოლო სხვა ფიგურებს – ნაჭდევით შესრულებული განმარტებითი ასომთავრული წარწერები, რომელთა თანმიმდევრობა ქრისტეს გამოსახულების მარცხნიდან მარჯვნივ ასეთია: „წმიდაჲ იოვანე“, „წმიდაჲ ანდრია“, „წმიდაჲ ლუკა“, „წმიდაჲ მარკოზ“, „წმიდაჲ პავლე“, „წმიდაჲ პეტრე“, „წმიდაჲ ლებეოზ“, „წმიდაჲ თადეოზ“, „წმიდაჲ ბართლომე“, „წმიდაჲ იაკობ“. დამკვეთების – ბაგრატ III-ისა და მისი დედის გურანდუხტის – ერთსტრიქონიანი, ასომთავრული, ნაჭდევით შესრულებული წარწერა დაუყვება თასის პირის კიდეს მთელ სიმრგვალეზე. წარწერის ტექსტი შემდეგია:

† წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გუარანდუხტ დედოფალსა – ამის ბარძიმისა შემომწირეელთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმაშჱნებელთა, ამენ!

რადგან წარწერაში ბაგრატ III კურაპალატის ტიტულით არ იხსენიება, წარწერა 1001-მდეა შესრულებული. ერთი ქრონოლოგიური ჩანაწერით, „წელსა შჟთ. ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან, კურაპალატმან, ბედია აღაშენა“. „წელი შჟთ“ 999 წელია. ბაგრატმაც ბარძიმი, ალბათ, ტაძრის შენების დროისათვის დაამზადებინა. ამდენად, შესაძლებელია წარწერაც ამავე წლით დათარიღდეს (გ. ჩუბინაშვილი).

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ჩუბინაშეილი გ, ბედიის ოქროს ბარძიმი. – „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, I940.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები