ბაქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქარი − ქართლის მეფე 1717-1719 წლებში, ვახტანგ VI-ის ძე.

იგი იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთში გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი.

1712 წელს ვახტანგ VI-ის ირანში გაწვევის შემდეგ, ბაქარი ბიძასთან ერთად − იესე ალი ყული-ხანთან ერთად მართავდა ქართლს.

1716 წელს, როცა შაჰმა იძულებით გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა. იგი სამშობლოში არ გამოუშვეს, ხოლო ქართლის „ჯანიშინად“ დანიშნულ მის მემკვიდრეს − ბაქარს გადასცა. ბაქარმაც შეიცვალა სჯული და 1717 წლიდან შაჰ ნავაზ-ხანის სახელით ქართლის მართვა-გამგეობას შეუდგა.

ბაქარის პირველი ღონისძიებანი დაკავშირებული იყო ქვეყნის მოღალატეების განადგურებასთან. მან შეიპყრო ქართლის ყოფილი მეფე, ირანის ერთგული მოხელე იესე ალი ყული-ხანი, დაიმორჩილა გადამდგარი ქსნის ერისთავი.

ბაქარი 20-იანი წლების დასაწყისშიც მედგრად იბრძოდა შინაური თუ გარეშე მტრის წინააღმდეგ, ცდილობდა ჯარის რეორგანიზაციას, კავკასიის მეზობელ ხალხთან - სომხებთან, დაღესტნელებთან, ჩეჩნებთან, ოსებთან ურთიერთობის განმტკიცებას.

1723 წელს, როცა ოსმალები ქართლის საზღვრებს მოადგნენ, ვახტანგ VI-მ მორჩილების ნიშნად მათ ბაქარი მიაგება. ოსმალებმა გამგებლად ბაქარი დანიშნეს, მაგრამ „არა ნებისაებრ თჳსისა ამეფეს“, ამიტომ იგი იმ დროს ცხინვალში ვახტანგ VI-ის მეთაურობით მდგომ ქართველებს შეუერთდა, ხოლო 1724 წელს მათთან ერთად რუსეთში გადასახლდა.

1727 წელს ბაქარს რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს და მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად დანიშნეს.

1739 წელს მან მოსკოვში პრესნიაზე სახლი აიშენა და იქვე დასახლდა.

ვახტანგ VI-ის რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ, ბაქარი ჩაუდგა სათავეში მოსკოვის ქართულ ახალშენს.

1735 წელს მოსკოვში ბაქარის ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გაჩაღდა ქართული სტამბის შესაქმნელად, სასწავლო წიგნებისა და ქართული ბიბლიის გამოსაცემად, საქართველოს რუკის შესადგენად.

1743 წელს ბაქარი ასტრახანში, შემდეგ კი ყიზლარში ჩავიდა. მან პეტერბურგში ჩაიყვანა ყაბარდოელი მთავრის სახლის წარმომადგენლები, რომელთაც რუსეთის საიმპერატორო კარს ქვეშევრდომობა სთხოვეს.

1744 წელს დიპლომატიური მისიით ყაბარდოში მყოფ ბაქარს, ქართლის ტახტის დასაკავებლად და მისი მეფის თეიმურაზ II-ის (1744-1762) წინააღმდეგ საბრძოლველად მოუხმეს, მაგრამ ბაქარი დარწმუნდა, რომ მისი ამ მისიით დაბრუნება სამშობლოს უფრო დიდ ზიანს მოუტანდა.

ბაქარის მოღვაწეობა რუსეთში ერთგვარად ნიადაგის მომზადება იყო რუსეთის მხარდაჭერითა და მთელი იმიერკავკასიის მოსახლეობის დახმარებით ქვეყნის მაჰმადიანური აგრესიისაგან გასათავისუფლებლად.

1749 წელს ბაქარი გათავისუფლდა რუსეთის სამსახურიდან და საქართველოში გამომგზავრება დააპირა, მაგრამ ავად გახდა და 1750 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

ბაქარი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. 1725 წელს პეტერბურგში მან დაიწყო რუსულ-ქართული სასაუბრო ლექსიკონის „ვაკაფის“ შედგენა, ფრანგულიდან თარგმნა „ეკონომიის“ წიგნი. ბაქარის ხელმძღვანელობით ნოვგოროდის არქიეპისკოპოსმა იოსებმა (ქომელაშვილი) მოსკოვში გახსნა ქართული სტამბა, სადაც დაიბეჭდა მრავალი სასწავლო და სამღვდელმსახურო წიგნი. ბაქარის წინადადებით, ვახუშტი ბაგრატიონმა დასაბეჭდად მოამზადა ბიბლიის ტექსტი, რომლის გამოცემის ხარჯები ბაქარმავე გაიღო. 1743 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ეს ბიბლია „ბაქარის ბიბლიის“ სახელით არის ცნობილი. მან დიდი წვლილი შეიტანა ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნაში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები