ბალღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალღა (ოს. Бæлгъа) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების მტერი, ველებისა (Бæлгъайы быдыр) და უთვალავი ჯოგის მეპატრონე. გადმოცემაში „ნართების ლაშქრობა“ („Нарты балц“) ნართები გოლიათი ვაიგების (დევების) ტყვედ ჩავარდებიან და გარდაუვალი სიკვდილისაგან მათ სირდონი იხსნის. ნართების ჭირად გაჩენილი სირდონი მოძმეებს დასცინებს, რის გამოც მას ხის კენწეროზე დაჰკიდებენ. სირდონის საბედნიეროდ ამ ხესთან ნახირს მორეკავს ბალღა ალდარის (ბატონის) მწყემსი, რომელსაც სირდონი მოტყუებით ადგილს გაუცვლის, ბალღას ნახირს ნართების ქვეყანაში წამოასხამს და ნართებს ატყუებს, რომ ბალღა ბატონის ველი სავსეა დაუცველი ნახირით. ნართები იქითკენ გაეშურებიან და მწყემსისა და ჯოგის საძებრად წამოსულ ბალღას ჯარებს (Бæлгъайы æфсад) გადააწყდებიან.

მართალია, ეპოსში თავად ბალღა ბატონი არსად ჩანს, მაგრამ მისი ველებისა თუ სტეპების, მწყემსისა თუ ლაშქრის გამუდმებული ხსენება ზოგიერთ ავტორს აფიქრებინებს, რომ ბალღა არის არა გამოგონილი ეპიკური პერსონაჟი, არამედ რომელიღაც ისტორიული პირი. ტ. გურიევი მასში ბათუ ყაენის ძმას – ბერქეს (ბერქას) ხედავს. ნიშანდობლივია, რომ ბერქე ტახტზე ასვლამდე (1257 წ.), ქართული წყაროების მიხედვით, ოსეთში იჯდა და ოსეთის ველებს ფლობდა. ამასთან იგი იყო ალანების (ოსების) დაუძინებელი მტერი, რომლის გამო ალანი უფლისწულები, ფერეჯანი და ბაღათარი, სხვა თავადებთან ერთად ილხანების კარს ხშირად სტუმრობდნენ. ეპოსის ზემოაღნიშნული ეპიზოდი ასახავს ალანთა (ოსთა) ბრძოლას მონღოლი სარდლის – ბერქას წინააღმდეგ XIII საუკუნეში. საინტერესოა, რომ ჩეჩნური თქმულებების მიხედვით, ნართები თავიანთ გმირობებს ბალღაის სტეპებში სჩადიან.


ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004;
  • Гуриев Т. А. Антропонимия осетинского нартовского эроса. Орджоникидзе, 1981.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები