ბალსაჯი ცალხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალსაჯი ცალხ-ი (ოს. Балсæджы цалх – „ბალსაგის ბორბალი“) – ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟის – ბალსაგის დამანგრეველი ძალის მქონე ბორბალი, რომელსაც შეუძლია ზეციდან მიწაზე დაეშვას, ტყეებისა და ველების გავლით შავ ზღვამდეც კი მიაღწიოს და იქ წყალში ჩავარდეს. ზოგიერთი ვარიანტით, ეტყობა, ესაა ცეცხლოვანი ბორბალი, რადგან წინაღობის შემქმნელ ხეებს (არყის ხის გარდა) ფერფლად აქცევს. ცეცხლოვანია იგი მაშინაც, როდესაც პატრონი მას სოზირიყოზე (სოსლანზე) მიუშვებს. პირველი შეხვედრის დროს სოზირიყო არყის ხის დახმარებით ატყვევებს კიდეც ბორბალს, მაგრამ მალევე ათავისუფლებს. მეორედ, როცა გმირისგან შეურაცხყოფილმა მზის ქალიშვილმა იგი სოზირიყოსკენ მიმართა, ბორბალმა გმირს მუხლები გადაუჭრა და მოკლა. სოზირიყოს ვაჟებმა ბალსაგის ბორბალს შავ ზღვამდე მისდიეს, მაგრამ ბორბალი ზღვაში ჩაეშვა. ეპოსის იმ ვარიანტებში, სადაც სოსლანისა და ბალსაგის ბორბლის ორთაბრძოლაზეა საუბარი, გმირი ნართების ჭირად გაჩენილი სირდონის ღალატით კვდება.

დიგორელ ოსთა თქმულებების მიხედვით, ბორბალი, რომელმაც სოსლანი მოკლა, არის „იონონის ბორბალი“. ეს უკანასკნელი კი იგივეა, რაც ვ. მილერის მიერ დამოწმებული „ფიდ იუანეს ბორბალი“ (Фыд Иуане – „მამა იოანე“ ანუ წმ. იოანე ნათლისმცემელი). იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ივნისის თვეში, ზაფხულის მზებუდობის ჟამს ანუ იოანეს დღეებში, როცა ევროპაში აღნიშნავენ „მოგიზგიზე ბორბლების“ უდიდეს დღესასწაულებს, ხოლო ოსებში – სოსლანის დღეობას („სოსლანი ქუვდი“), ცნობილი ნართოლოგი ჟ. დჲუმეზილი ასკვნის: ბორბლის მფლობელის – ბალსაგის გაიგივებას წმ. იოანესთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ბალსაგი ინგუშური მალხ-საგია („მზე-კაცი“), ბუნებრივია, რომ ბალსაგის ანუ „მზე-კაცის“ ბორბალი არის მზიური ბორბალი ანუ თვით მზის სიმბოლო. შეუძლებელია არ დაეთანხმო მკვლევარს; აუხსნელი რჩება მხოლოდ ერთი რამ: სოლარული ანუ მზიური გმირისა და მზის ბორბალის ანუ მზის ბრძოლა, რომელიც სოსლანის სიკვდილით მთავრდება. ეპოსში მოტანილი მოტივაცია (მზის ქალიშვილისა და სოსლანის კონფლიქტი) გვიანდელია და იგი ამ ბრძოლის მიზეზის ახსნის ცდაა. ჟ. დჲუმეზილის არგუმენტიც (მითრასა და მზის ბრძოლის თაობაზე) არ არის საკმარისი. როგორც ჩანს, ასეთი მოტივაცია უნდა ვეძიოთ ე. წ. „მზის მოტაცების“ მითში, რომელიც ძალზე სუსტად და ბუნდოვნად ნართული ეპოსის აფხაზურ და ყაბარდოულ ვერსიებშია ასახული. „მზის მოტაცების“ ანუ გმირის მიერ „მზის დახსნის“ უძველესი მითოლოგემის გათვალისწინებით, აგიზგიზებული ბორბალი უნდა განვიხილოთ არა როგორც ზოგადად მზის, არამედ დატყვევებული, გველეშაპის (მოგვიანებით დევის) წრეში მოქცეული მზის სიმბოლო. ამდენად, სოსლანის ბრძოლა ცეცხლოვან ბორბალთან არის არა მზესთან ბრძოლა, არამედ გმირის ბრძოლა მზის დამტყვევებელთან მზისავე დასახსნელად.


ლიტერატურა

  • Сказания о Нартах; В пяти томах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. II. Л., 1973;
  • Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Гуриев Т. А. Кто есть кто в аланской нартиаде. Владикавказ, 1999;
  • Таказов М. Ф. Архетипы солнца в осетинской мифологии // Фундаментальное исследование. Вып. № 10-11/2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები