ბათუმ-შემოქმედის ეპარქია
ბათუმ-შემოქმედის ეპარქია – საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია (1917-1995).
შეიქმნა საქართველოს ეკლესიის პირველი კრების (1917) განჩინებით. ეპარქიის სამწყსოდ დადგინდა გურია, ტაო-კლარჯეთი და ჭანეთი, ე.ი. იმდროინდელი რუსეთის საზღვრებში შემავალი ოზურგეთის მაზრა, ბათუმის (ბათომის), ართვინისა და ოლთისის ოლქები და თურქეთის საზღვრებში მყოფი ოლქები: თორთომი, კისკიმი, ისპირი, რიზე, ათინა და ხოფა. ეს ვრცელი ტერიტორია ადრეულ საუკუნეებში მცხეთის საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შედიოდა და აერთიანებდა ხინოწმინდის, შემოქმედის, ჯუმათის, ტბეთის, ანჩის, იშხნის, ბანის და სატრაპელას ისტორიულ ეპარქიებს. შუა საუკუნეებში ახლანდელი აჭარის ტერიტორიის ნაწილი (ზემო აჭარა) შედიოდა ანჩის, შემდეგ ტბეთის, ხოლო ზღვისპირა ზოლი (ქვემო გურია) – ნინოწმინდისა და შემოქმედის ეპარქიების შემადგენლობაში. ოსმალეთის სამსაუკუნოვანი ექსპანსიის შედეგად ქრისტიანული ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თითქმის მთლიანად მოიშალა, რასაც ძველი ისტორიული კათედრების გაუქმება მოჰყვა. XIX საუკუნეში, რუსეთის მმართველობის შემოღების შემდეგ, გურია გაერთიანდა ახალშექმნილ იმერეთის ეპარქიაში, ხოლო 1844 წ. შეიქმნა ცალკე გურიის საეპისკოპოსო, რომელიც მოგვიანებით თავის იურისდიქციას ავრცელებდა 1878 წელს დედასამშობლოსთან შემოერთებულ მთელ შავშეთ-აჭარაზედაც. 1885 წელს მოხდა გურიისა და სამეგრელოს ეპარქიების გაერთიანება და ახლანდელი აჭარის ტერიტორია მოექცა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის იურისდიქციაში. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის შექმნიდან მის ორ (ბათუმ-სხალთის ეპარქიად და შემოქმედის ეპარქიად) ეპარქიად გაყოფამდე (1995) მისი მმართველი მღვდელმთავრები იყვნენ: 1920-1921 წწ. – მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი); 1921-1922 წწ., 1930-1935 წწ. – მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე); 1924-1926 წწ. – ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი); 1926-1927 წწ. – მიტროპოლიტი იოანე (მარგიშვილი); 1928-1930 წწ. – ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია);
1950-1953 წლებში – ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე); 1953-1960 წლებში – მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ I); 1963-1967 წლებში – ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II); 1974-1978 წლებში – მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი); 1978-1981 წლებში – მთავარეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა); 1981-1984 წლებში – მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი); 1984-1992 წლებში – მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე); 1992 წელს – ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე); 1992-1995 წლებსი ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი).
საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქია გაიყო ბათუმ-სხალთისა და შემოქმედის ეპარქიებად.
დეკანოზი გ. გუგუშვილი
ლიტერატურა
ღვთივკურთხეული ბათუმისა და სხალთის ეპარქია, შემდგ., ი. ხაჟალია, ბათ., 2004.