მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტროპოლიტი რომანოზი

მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი)მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი.

დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა – ვასილ პეტრიაშვილი – ცნობილი ბუნებისმეტყველი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში. 1921-1924 წლებში – პატიმართა დამხმარე კომიტეტში. 1924-1944 წლებში – კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს, რომ სურვილი ჰქონდა ემსახურა საქართველოს ეკლესიაში. იმავე წლის 6 მარტს უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს – მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა.

1952 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1954 წლის 17 მაისს სიონის ეკლესიიდან გადაყვანილ იქნა კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაში. 1955-1959 წლებში იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1960 წლიდან 1967 წლამდე იყო თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი. 1962 წელს მოსკოვში ახლდა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს, დააჯილდოვეს მიტრით. 1965 წ. აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ მიებოძა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით.

1977 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ. მიტროპოლიტ რომანოზს მისცა პირველი ადგილი მიტროპოლიტთა შორის.

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) მღვდელმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის არჩევის შემდეგ მიტროპოლიტი რომანოზი გავიდა პენსიაზე. გარდაიცვალა 92 წლის ასაკში 1979 წლის მარტს. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები