ბადმინტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადმინტონი – (ინგლ. badminton). სპორტული თამაში ფრთიანი ბურთით (ვოლანით) და ჩოგნით. მოთამაშის მიზანია ვოლანის ისე ტყორცნა, რომ იგი მეტოქის მოედანს შეეხოს.

სარჩევი

ისტორია

ფრთიანი ბურთით თამაშს სულ ცოტა ოცსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ინდოეთში ნაპოვნია კლდეზე შესრულებული, დაახლოებით 2 ათასი წლის წინანდელი ნახატები თანამედროვე ბადმინტონის მსგავსი თამაშის — „პეონუს” სცენებით. ამგვარ თამაშს იცნობდნენ ჩინელებიც, რაც დასტურდება იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს ჩანაწერებით. იგი პოპულარული ყოფილა ფეოდალურ ევროპაშიც, მეტწილად დიდგვაროვანთა შორის. ამას მიგვანიშნებს არაერთი ისტორიული თუ ლიტერატურული წყარო, მათ შორის შილერის „დონ კარლოსი”. მფრინავი ბურთით თამაშობდნენ ძველ საფრანგეთში („მფრინავი მამალი”), იაპონიაში („მფრინავი ფრთა”), მალაიზიაში, ვიეტნამში. ჩოგნად, როგორც წესი, ბრტყელ ფიცარს ხმარობდნენ, თანამედროვე ვოლანის დანიშნულებას კი ბატის ფრთებით გაწყობილი გამხმარი ალუბალი ან რაიმე სხვა ხეხილის ნაყოფი ასრულებდა. თანამედროვე ბადმინტონის სამშობლოდ მიჩნეულია ინგლისი, რადგან ამ ქვეყანას უკავშირდება თამაშის წესების დახვეწა და პოპულარიზაცია. ინდოეთიდან დაბრუნებულ ლორდ ბოფორტს სხვა ეგზოტიკურ ნივთებთან ერთად სამშობლოში რამდენიმე ფრთიანი ბურთი და ჩოგანიც ჩაუტანია. ლორდის ნაცნობ-მეგობრები ახალი თამაშით დიდად დაინტერესებულან, კლუბიც ჩამოუყალიბებიათ და თამაშისთვის ბოფორტის მშობლიური ადგილ-მამულის სახელი – ბადმინტონი უწოდებიათ.

წარწერის ტექსტი

ამგვარად, 1872 წელს ძველი აღმოსავლური თამაში ხელმეორედ იშვა, ახლა უკვე ბადმინტონში. იმდროინდელი პრესის მიხედვით, ბადმინტონი არისტოკრატთა საყვარელ თამაშად იქცა. 1873 წელს მოეწყო პირველი ოფიციალური ტურნირი (შოტლანდია – ინგლისი), 1876 წელს ჩამოყალიბდა ბადმინტონისტთა კლუბი. ბადმინტონი სწრაფად გავრცელდა დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც. XX საუკუნის 30-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფედერაცია შეიქმნა და ვოლანებისა და ჩოგნების სერიული წარმოება დაიწყო, ბადმინტონის პოპულარობამ კიდევ უფრო იმატა. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ლონდონელ ჯორჯ თომასს და სახელოვან ამერიკელ ბადმინტონისტ ქალს ბეტი უბერს. მათი ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტურნირები – თომასის (1948, კაცებისთვის) და უბერის (1956, ქალებისთვის) თასების გათამაშება.

1972 წელს მიუნხენში მოეწყო ოლიმპიური საჩვენებელი ტურნირი ბადმინტონში, 20 წლის შემდეგ კი იგი ოფიციალურ ოლმპიურ სახეობად აღიარეს.

ბადმინტონი საქართველოში

საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. დპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა პირველმა საკავშირო ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, თელავში, გურჯაანსა და გაჩიანში.

პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი, დავით ასტახიშვილი და სხვები. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს საბჭოთა გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა.

საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.

წესები

ოფიციალური შეჯიბრებები იმართება დარბაზებში. ბადმინტონის მოედანი სამი სახისაა: ა)ერთეულთა თამაშებისთვის; ბ) წყვილთა თამაშებისთვის; გ) კომბინირებული. პირველის საერთო ზომებია 13,4 X 5,18 მ, მოწოდების მოედნებისა – 4,72 X 2,59 მ; მოწოდების წინა ხაზსა და ბადეს შორის ზოლის სიგანეა 1,98 მ; წყვილთა თამაშებისთვის განკუთვნილი მოედნის სიგრძე ასევე 13,4 მეტრია, სიგანე - 6, 1 მ. აქ მოწოდების მოედნების ხარჯზე, ედნის თავსა და ბოლოში გამოყოფს მოწოდების უკანა ხაზის ზოლი, რომლის სიგანეა 0, 76 მ; კომბინირებული მოედნის საერთო ზომები წყვილთა სარბიელის ანალოგიურია, ოღონდ აქ მოწოდების მოედნების ხარჯზე მოედნის ორივე მხარეს გამოყოფილია 0, 46 მეტრის სიგანის გვერდითი ზოლები. მოედანს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს იატაკიდან 1,55 მეტრის სიმაღლეზე გაჭიმული ბადე, რომლის ზომებია 6,1 X 0, 75 მ.

ბადმინტონს თამაშობენ ხის, ლითონის ან ლითონპლასტიკის ჩოგნით. მისი მაქსიმალური სიგრძეა 68 სმ, ჩოგნის ჩარჩოს მაქსიმალური სიგანე - 23 სმ, სიგრძე - 29 სმ. სათამაშო ვოლანი 16-ფრთიანია და მზადდება ტყავგადაკრულ კორპზე დამაგრებული ბუნებრივი ან ხელოვნური მასალისგან. მისი წონაა 4,74 - 5,5 გ, ფუძის დიამეტრი - 25-28 მმ, ფრთიანი კონუსის ზედაპირის დიამეტრი - 58-68 მმ, მთლიანი სიგრძე - 64-70 მმ.

თამაში იწყება მოწოდების მარჯვენა მოედნიდან. მიმღები დგას მოედნის საპირისპირო დიაგონალურ კუთხეში. მოწოდებისას ვოლანზე დარტყმა შეიძლება მხოლოდ ქვემოდან ისე, რომ ჩოგნის ჩარჩო მომწოდებლის საქამრეს არ ასცილდეს. მოწოდების შესრულებისას არც მომწოდებელს და არც მიმღებს უფლება არა აქვთ ფეხები მოედანს მოსწყვიტონ და პოზიცია შეიცვალონ. წყვილთა თამაშის დროს, როცა გუნდი მოწოდებას აგებს, მოწოდების უფლება ეძლევა ამ გუნდის მეორე წევრს, რომელიც საპირისპირო მხრიდან აწვდის. თუ გუნდმა ორივე მოწოდება წააგო, ახლა უკვე მეტოქე გუნდის წევრები აწვდიან.

ბადმინტონში ქულას იგებს მომწოდებელი მხარე, მიმღებ მხარეს მხოლოდ მოწოდების უფლების მოგება შეუძლია. თითოეულ მხარეს ვოლანის მოგერიებისთვის თითო დარტყმის უფლება ეძლევა. ვოლანი თამაშიდან გასულად ითვლება, თუ ბადეს ვერ გადასცდა, მოედნის ფარგლებს მიღმა დაეცა ან ჭერს მოხვდა.

ერთეულთა და წყვილთა შეხვედრები 3 პარტიისაგან შედგება. თუ ერთმა მხარემ ზედიზედ 2 პარტია მოიგო, მესამე პარტია აღარ გათამაშდება. თითოეული პარტია 21 ქულამდე გრძელდება. ერთეულების ან წყვილთა შეჯიბრების დროს, როცა ანგარიში გახდება 20:20, ვოლანის მიმღებ მხარეს შეუძლია აირჩიოს თამაშის გაგრძელების ვარიანტები: 17 ქულამდე ან დადგენილ 15 ქულამდე. ქალთა შეხვედრებში, როცა ანგარიშია 10:10, მიმღებ მხარეს უფლება აქვს აირჩიოს თამაშის გაგრძელება 13 ქულამდე ან დადგენილ 11 ქულამდე. კაცთა ტურნირის გადამწყვეტ პარტიაში, როცა მეტოქეთაგან ერთ-ერთი 8 ქულას დააგროვებს, მოთამაშეები მოედნის მხარეებს ცვლიან, ქალთა შეჯიბრების გადამწყვეტი პარტიის დროს კი მოედნები მაშინ იცვლება, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს 6 ქულა დაუგროვდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები