ახმეტის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახმეტა. წმ. სამების ეკლესია

ახმეტის სამების ეკლესია – ახმეტის სამების ეკლესია, მდებარეობს ქ. ახმეტის (ალავერდის ეპარქია), სამხრეთ-დასავლეთ განაპირა მხარეს, უტოს უბნის თავზე, სასაფლაოსთან ახლოს, მთის ფერდობის გავაკებულ ტერიტორიაზე.

ახმეტის სამების ეკლესია (7.7 X 5.7 მ.) დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით, კუთხეების წყობაში, ფასადებზე სარკმელთა გადასახურად და ლავგარდნისათვის შირიმია ნახმარი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის სახურავი, კუთხეებისა და საფასადო წყობის დიდი ნაწილი; დაბზარულია განივი კედლები და კამარა; აგურის კანკელის (გვიანდელია) ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტიმპანიანი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. მის ღერძზე გაჭრილია ერთი თაღოვანი სარკმელი. აღმოსავლეთის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ნიშის ზემოთ, კონქის ქუსლის დონეზე, მცირე სამალავია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაწყობი ტრაპეზი. შემაღლებული პროპორციების დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის დასავლეთ და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელს ეკვდერი ფარავს. ინტერიერი შელესილია.

XVI-XVII სს. ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე.

საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. ქრისტე მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება (განირჩევა კონტურები) უჭირავს. აცვია ლურჯი ჰიმატიონი და ღია მოწითალო-ყავისფერი ქიტონი. ყვითელი ფეხსადგამის ზედაპირი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც წერტილებია ჩაწერილი (მარგალიტების იმიტაცია). ქრისტეს ორივე მხარეს ფონი ჭადრაკულია – დიდ სწორკუთხედებში ჩახატულია მოწითალო-ყავისფერი ან მუქი ლურჯი უჯრედები. ამ ორნამენტის ქვემოთ ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მცირე ზომის ფიგურების ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტებია. შედარებით კარგადაა შემონახული ფიგურების დიდი ხელის მტევნები, რომლებიც ქრისტესკენაა გაწვდილი. ღვთისმშობლის უკან მთავარანგელოზის სილუეტი ჩანს. კონქის წვერში ცის სეგმენტი და სხივი გაირჩევა.

საკურთხევლის მეორე რეგისტრში, სარკმლის ჩრდილოეთითა და სამხრეთით, მხოლოდ ორ-ორი მოციქულის ფრონტალური გამოსახულებაა შემორჩენილი. სამხრეთით, სარკმლის გვერდით, მოციქულის სამოსის ორნამენტი ქსოვილის სახეებს იმეორებს.

მესამე რეგისტრში, სარკმლის ქვემოთ, შემორჩენილია უწვერულვაშო მაცხოვრის დიდი ზომის მარჯვენა თვალი, ყელისა და ლოყის ნაწილი. სარკმლის წირთხლებზე ორი წინასწარმეტყველია გამოსახული. ორივეს გაშლილი გრაგნილი უჭირავს. სამხრეთ წირთხლზე გამოსახული წმინდანი ახალგაზრდაა, ჩრდილოეთისაზე – შუახნისა. მას მოწითალო-ყავისფერი წვერ-ულვაში აქვს. სარკმლის თაღში შემორჩენილია მარტივი გეომეტრიული ორნამენტი (მუქი ლურჯი და მოწითალო-ყავისფერი ტალღისებური ხაზები).

ქვის ტრაპეზზე „მარგალიტებით“ შემკული ჯვარია გამოსახული, კანკელის სამხრეთ ნაწილში – გეომეტრიული ორნამენტი (ტალღისებური ხაზებით).

დასავლეთ კედელზე ზემოთ, სარკმლის სამხრეთით, მოცემულია დატირების კომპოზიცია თავისებური რედაქციით. განირჩევა ჯვრის ფრაგმენტი, მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელსაც მუხლებზე თვალღია ქრისტე ჰყავს. ქრისტე უწვერულვაშოა და გამოსახულია მთელი ტანით. ამ ჯგუფის უკან მოხუცის გამოსახულება შეიმჩნევა. სარკმლის თავზე ჭადრაკული ორნამენტია, წირთხლებზე – ტალღისებური ხაზები. ქვემოთ, კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, წმინდანის სახე გაირჩევა. ამავე კედელზე, შესასვლელის ტიმპანზე, მთავარანგელოზის წელზედა ფიგურაა. მისი სახის ძირითადი ღია ვარდისფერი ტონი მუქი ვარდისფერი ხაზებითაა დამუშავებული. მთავარანგელოზის სამოსი დაფარულია ტალღისებური თეთრი ხაზებით.

კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ღია ვარდისფერი, თეთრი, ლურჯი ფერები.

ეკლესიის ფასადები სადაა, დეკორის გარეშე. კედლები დასრულებული იყო შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო და ცერად გამოკვეთილი სიბრტყე. განივ ფასადებზე ლავგარდანს ჰორიზონტალური გადანაკეცები ჰქონია. ეკლესია კრამიტით ყოფილა დახურული.

ეკლესიას დასავლეთიდან თითქმის მთელ სიგანეზე რიყის მოზრდილი ქვებით ნაგები, გეგმით კვადრატული კარიბჭე ეკვროდა (ოთხ ბურჯზე დაყრდნობილი ოთხი ფართო თაღი). ამჟამად კარიბჭე დანგრეულია. შემორჩენილია სამხრეთის ორი ბურჯი და მათზე დაყრდნობილი თაღი.

ახმეტის სამების ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია ეკვდერი (4 X 3.4 მ.). შენობის კედლების ქვედა ნაწილი (სარკმელთა გადახურვის დონემდე) შიგნით და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ფილებით. წყობა რეგულარულია, წესიერი. კედლების დანარჩენი ნაწილები და კამარა რიყის ქვისაა. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელია. ეკვდერი უაფსიდოა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ბრტყელი თაღით გადახურული თითო სარკმელია. ორივე სარკმლის ქვემოთ კედელზე, მიდგმულია ქვის ტრაპეზი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, ეკლესიის კამაროვანი გადახურვა ჩრდილოეთით გრძივ კედელს ეყრდნობა, სამხრეთით – ეკლესიაზე მიშენებულ ორმალიან თაღედს. ორივე თაღი კვადრატული აგურისაა და კვერცხისებური ფორმა აქვს. ეკვდერის ქვეშ გეგმით სწორკუთხა, კამაროვანი საძვალეა.

ეკვდერის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული ოდნავ შეზნექილი მრუდე. სახურავი ორფერდაა.

ახმეტის სამების ეკლესიის აღმოსავლეთით 3 მ-ზე დგას მცირე დარბაზული (6 X 4.2 მ.) ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი, სარკმლები, კამარა აგურისაა. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი შიგნით სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, აფსიდის ღერძზე – ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, აგურით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთითაც, ფრონტონის არეში. კანკელი (გვიანდელი) აგურისაა. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

ეკლესიის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი ზედაპირი, ლავგარდანი რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია და ნალესობითაა შევსებული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თაღი მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც აგურის ორი რიგისგან შედგენილი ფრიზი აქვს. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ფ. დევდარიანი
თ. დვალი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები