ახალციხის (ხევი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხე (ხევის). ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ახალციხის (ხევი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია – (IX-X სს.) (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სნოს თემი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია). მდებარეობს სოფ. ახალციხის განაპირას.

ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, გეგმით თითქმის კვადრატული (11.9 X 12.4 მ.), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული: ცენტრალური და ჩრდილოეთის ნავების კამარები აღდგენილგია ხის კამაროვანი გადახურვით. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადების საპირე ქვებიც. ეკლესიაში შესასვლელი ცენტრალური ნავის დასავლეთ კედლის ღერძზეა გაჭრილი. გარედან სწორკუთხა კარი შიგნით ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხკუთხა ბოძებზე დაყრდნობილი სამი წყვილი თაღით. თაღები ეყრდნობა მარტივი პროფილის კაპიტელებს. ბოძებს შუა ნავის მხარეს პილასტრები აუყვებათ, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. თავდაპირველი სახით მოღწეულია სამხრეთის ნავის კამარა. რომელიც ერთ ვიწრო საბჯენ თაღს ეყრდნობა. შუა ნავი დანარჩენებზე განიერია და მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სამხრეთითა და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც კარით შესაბამის გვერდით ნავებს უკავშირდება. ორივე სათავსი რამდენადმე წაგრძელებულია სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით და გადახურულია ნახევარსფერული კამარით. ქამარის კვადრატის საფუძვლის შესაქმნელად ორივე ოთახში, აფსიდის მხარეს, თითო თაღია მოწყობილი. კვადრატიდან წრეზე გადასვლა სადიაკვნეში აფრების საშუალებით ხდება, სამკვეთლოში – ტრომპებით. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ორივე გარედან მცირედ შეღრმავებული სწორკუთხა არეში არის მოქცეული. საკურთხევლის სარკმელი ჩასმულია ვიწრო და მაღალ სწორკუთხა ჩარჩოში (გვიანდელია), რომელიც გრეხილისა და სადა ლილვისგან შედგება.

ტაძარი მოქმედია. მასში ინახება XII ს. ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლის სახლში აღმოაჩინეს.

პ. ზაქარაია

ლიტერატურა

  • ზაქარაია პ., ახალციხის ეკლესია, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004;
  • შმერლინგი რ., დოლიძე ვ., თბილისიდან კავკავამდე. თბ., 1991.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები