ახალციხელები
ახალციხელები – საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII სს., თორელთა განშტოება, იხსენიებიან როგორც თორელ-ახალციხელები.
გვარის წარმომავლობა ქ. ახალციხის მფლობელობასთანაა დაკავშირებული. საგვარეულოს აღზევება გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ძმების – შალვა და ივანე ახალციხელების - სახელს უკავშირდება. გიორგი რუსის შემოჭრისას (1188) „ამირსპასალარ გამრეკელსა და ოთხთა მხარგრძელთა“ გვერდით დასახელებული „სხუათა თორელთა, ზემოთა და ქვემოთა“ შორის იგულისხმებოდნენ ძმები ახალციხელებიც. ამან განაპირობა, რომ ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავის, ამირსპასალარ გამრეკელ-თორელის, გარდაცვალების შემდეგ (1188 წ. ახლო ხანები) თამარ მეფემ ჯავახეთის მონაპირის სახელო შალვა ახალციხელს უწყალობა, ხოლო კარის (ახლანდელი ყარსი, თურქეთის რესპუბლიკა) აღების შემდეგ (1204) „დაუტევა კარის მცველად, ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირთა ამირაობა... უბოძა კარული და მისი ქუეყანა“. შალვა ახალციხელი უმაღლეს თანამდებობებს ფლობდა სამეფო კარზე. თავდაპირველად იყო მეჭურჭლეთუხუცესი (1190-1203), შემდეგ – მანდატურთუხუცესი (1203-1215). თავი გამოიჩინა შამქორის ბრძოლაში (1195) – ხელთ იგდო სახალიფოს დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერს შესწირა. ბასიანის ბრძოლაში (1202) წარმატება დიდწილად განაპირობა მესხთა მეწინავე ლაშქრის სიმტკიცემ. ჯავახეთში, ახალციხელთა კუთვნილ სოფელ განძაში (დღევანდელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ფარავნის ტბასთან, შალვას ქტიტორობით ორი ეკლესია აიგო: ერთი მისი მეჭურჭლეთუხუცესობის, ხოლო მეორე მანდატურთუხუცესობის პერიოდში. ეკლესიათა ფასადებზე ამოკვეთილ წარწერებში ხუროთმოძღვარნი შალვას ძმასა და შვილსაც იხსენიებენ. თვითონ შალვა შეუდარებელ მეომრად ჰყავთ წარმოჩენილი. „ძლიერი და უძლეველი ყოელთა მტერთაგან..., რომელმან ძალითა ღმრთისათა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნვა ყოელი სოფელი სპარსეთისაჲ“. ძმები ახალციხელები მეწინავე ჯარს სარდლობდნენ ჯალალედინის წინააღმდეგ გამართულ გარნისის ბრძოლაში (1225). ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის მუხანათობის გამო ისინი გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ აღმოჩნდნენ. უკან დახევისას ივანე გარნისის კლდიდან დაგორებულმა ლოდმა მოკლა, ხოლო შალვა, მას შემდეგ, რაც ცხენი მოუკლეს და ხმალი მტრის ჩაბალახზე გადაუტყდა, ტყვედ ჩავარდა. ჯალალედინს მოახსენეს მისი ვაჟკაცობისა და სიმამაცის შესახებ. ხორეზმ-შაჰი ბევრს ეცადა შალვას ისლამზე მოქცევას. როდესაც ვერც დაყვავებით და ვერც მუქარით საწადელს ვერ მიაღწია, „მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთროსაგან წმიდა შალვა, და მოწამობისა გვირგვინითა შემკული აღვიდა წინაშე ქრისტესა“. ქართულმა ეკლესიამ შალვა ახალციხელი წმინდანად შერაცხა. ქართველმა ხალხმა გმირი შალვას სახე შემოინახა დიდებულ სიმღერაში „შავლეგო“.
შალვა და ივანეს შემდეგ ახალციხელები დასუსტდნენ და სამხრეთ საქართველოში კვლავ თორელთა ძირითადი შტო გაბატონდა. XIII ს. 40-იან წწ. მონღოლებმა სამხრეთ საქართველოს დუმნის თავად გამრეკელ-თორელი დანიშნეს.
შალვა ახალციხელის ძე ფარადავლა იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო. რუმის სასულთნოში თავშეფარებული, წინაპართა მსგავსად „კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“. სულთანმა ყიასედინმა მონღოლ-ქართველთა გაერთიანებული მხედრობის წინააღმდეგ 1244 წელს გამართულ ბრძოლაში დარდინ შერვაშიძესთან ერთად მთავარსარდლად დააყენა. რუმელები დამარცხდნენ. დარდინ შერვაშიძე ბრძოლის ველზე დაეცა, ფარადავლა ახალციხელი სულთანმა მოაკვლევინა. XIII ს. II ნახ-ში ახალციხეც და სამეფო ქალაქ კარის გამგებლობაც ხელთ იგდეს ჯაყელებმა. XIII ს. 70-იან წწ. „დაჯდა კარსა, და მისი მიმდგომი ქუეყანა მოივერაგა (ე. ი. გაიძვერობით ჩაიგდო ხელში). ახალციხელთაგან“ სადუნ მანკაბერდელმა თავისი მფლობელობის კანონიერების დასამტკიცებლად „ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა“. არსებობს მოსაზრება, რომ ახალციხელების დაკნინებული საგუარეულო შიდა ქართლში გადასახლდა. მათი შთამომავლობა მოხსენიებულია 1487 წ. ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის სიგელში.
გ. ოთხმეზური
ლიტერატურა
- ოთხმეზური გ., XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981;
- შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ., „შოთა რუსთველი“, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966.