ანბანები ქართული გრაფიკის საფუძველზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზური დამწერლობის ნიმუში

ანბანები ქართული გრაფიკის საფუძველზე − სხვადასხვა დროის ანბანები, რომელთაც ქართული გრაფიკული სახეები (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) დასდებიათ საფუძვლად.

ქართული ასომთავრული გრაფიკის დიდი გავლენა ჩანს ალბანურ ასომთავრულზე (V ს), რასაც ცხადყოფს მასში ქართული ასომთავრულის რელევანტური მახასიათებლის – ზედა და ქვედა ჰორიზონტალური ხაზების არსებობა. ამით ქართული და ალბანური კაპიტალური დამწერლობები პრინციპულად განსხვავდებიან კავკასიური ანბანური სამყაროს მესამე წარმომადგენლის, სომხური კაპიტალური დამწერლობის – ერკათაგირისაგან (ალბანური ანბანური რიგის განსხვავება ქართულისაგან ადვილად აიხსნება მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობით).

ოსური დამწერლობის ნიმუში

ნუსხური გამოიყენა იოანე იალღუზიძემ ოსური ენისათვის: 1820 თბილისში გამოიცა მის მიერ ოსურად თარგმნილი „ლოცვანი, კათეხიზმოსი და მოკლე ქრისტიანებრი ზნეობითი სწავლა“, 1821 მოსკოვში – „საღმრთო მსახურება“, პარალელური ქართული და ოსური (იალღუსიძის თარგმანი) ტექსტები; 1824 კი, მოსკოვშივე – „გამოკრებილი ესე კურთხევანი ქართულისა და ოსურისა ენასა ზედა“. ნუსხური და მხედრული შრიფტები იოანე იალღუზიძემ ერთდროულად გამოიყენა ოსური ანბანის (ლოცვანითურთ) შესადგენად და გამოსაცემადაც.

სხვადასხვა ენის ანბანების შესაქმნელად უფრო ფართოდ გამოიყენებოდა მხედრული დამწერლობის გრაფიკა. 1938-54 სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში (საქართველოში) ოფიციალურ დონეზე ფუნქციონირებდა ქართული მხედრული დამწერლობის გრაფიკულ საფუძველზე შექმნილი ოსური ანბანი, 1954 ეს ანბანი რუსულ გრაფიკაზე (კირილიცა) დაფუძნებული ანბანით შეიცვალა.

ლაზური ანბანი

ქართული მხედრული დამწერლობის გრაფიკა დაედო საფუძვლად აფხაზურ ანბანსაც, რომელიც 1938–54 ფუნქციონირებდა აფხაზეთის ასსრში. 1954 ეს ანბანიც რუსულ გრაფიკაზე – კირილიცაზე, დაფუძნებული ანბანით შეიცვალა. თუმცა, როგორც ლინგვისტური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანის გამოყენება ყოველმხრივ მიზანშეწონილი იყო აფხაზური ღა ოსური ენებისათვის.

1930–37 ქართული მხედრული დამწერლობის გრაფიკაზე დაყრდნობით შეიქმნა და ფუნქციონირებდა ანბანი მეგრულისათვის. 1930 თბილისში გამოიცა საანბანო წიგნი „ჭითა ჩხორია. ანბანი მოჭიშაფილეფიშო („წითელი სხივი. ანბანი მოზრდილთათვის“), ხოლო რაიონებში გამოდიოდა ოფიციალური პრესა და წიგნები. XX ს. 80-იან წლებში ქართული გრაფიკის შრიფტით პერიოდულად კვლავ გამოდიოდა წიგნები და გაზეთები მეგრულად.

1927-37 საბჭოთა საქართველოში შემოღებულ იქნა ლაზური (ჭანური) ანბანი ლათინური გრაფიკის საფუძველზე. 1991 გერმანიაში, ქ. ფროიდენშტადტში, გამომცემლობა «Cavcasus Verlag-მა ქართული და ლათინური დამწერლობების საფუძველზე შექმნილი ანბანებით გამოსცა ოსმან ტამტრულის ლაზური (ჭანური) დედაენა – „ნანანენა“ (ოსმან ტამტრული ორი ქართველი მეცნიერის: ისტორიკოსის – წ. ბაწაშისა და ლინგვისტის – მ. ქურდიანის ფსევდონიმია). წიგნის გამოცემას წინ უძღოდა ოსმან ტამტრულისივე შედგენილი, ქართულ მხედრულ გრაფიკაზე დაფუძნებული ლაზური ანბანის პუბლიკაციები ლათინური პარალელური ანბანით როგორც პრესაში, ასევე ცალკე პლაკატების სახით. ქართულის გრაფიკულ სტრუქტურაზე დაფუძნებული ლაზური ანბანის შექმნა, ისევე როგორც მისი ლათინური ვერსიისა, ნაკარნახევი იყო პრაქტიკული საჭიროებით, კერძოდ, დაიწყო ლაზურად, მაგრამ თურქულ ვარიანტზე დაფუძნებული ლათინური გრაფიკით, წიგნებისა და ჟურნალების გამოცემა, რაც არ იყო მიზანშეწონილი ლაზურისათვის. ამჟამად ლაზურ გამოცემებში ქართული და ლათინური გრაფიკის საფუძველზე შექმნილი ანბანები თანაარსებობენ.

მ. ქურდიანი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები