ალოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალოტი – სოფელია ივრის ხეობაში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, თბილისი-თიანეთის გზატკეცილზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. სახლობენ ძირითადად ხევსურები. ეს სოფელი, ერწო-თიანეთის არაერთი დასახლებული პუნქტის მსგავსად, გვიანდელი წარმონაქმნია. იგი „დაშენებულა“ ფშავ-ხევსურთა მიგრაციის შედეგად, რომელიც ჩვენში XIX საუკუნის II ნახევარში ხდებოდა. ბუნებრივია, რომ ამ რეგიონის სოფლებს შორის თავიანთ აღწერებში ალოტს არ ასახელებს არც ვახუშტი და არც იოანე ბატონიშვილი.

სახელწოდება ალოტი აქ მიგრირებული ხევსურების მიერ ჩანს გადმოტანილი. საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა აყრილ ხალხს ახალ სამოსახლო ადგილებში თან მიაქვს თავისი დაცლილი სოფლის სახელწოდება რათა „უცხოობაში“ უფრო თავისუფლად, შინაურ გარემოცვაში იგრძნოს თავი. მშობლიურ ადგილთა სახელები ხომ ადამიანებს, უცხო სოციალურ გარემოში მოხვედრილთ, ყველაზე უკეთ ეხმარება ნოსტალგიის დაძლევაში, თან გამოყოლილი მონატრების შემსუბუქებაში.

მაინც რას ნიშნავს სახელწოდება ალოტი? მისი მნიშვნელობა ახლა ალბათ მხოლოდ ღრმად მოხუცებულმა ხევსურებმა თუ იციან; ახალუხლებს კი დრომ სხვა საზრუნავი გაუჩინა...

თუშეთში, სოფელ ჩიღოში, აგრეთვე სოფელ ქუმელაურთაში, არის განთქმული სამკურნალო წყალი, რომელსაც ალოტი ეწოდება. „ჩიღოს ძირს, წყალს ეძახიან ალოტს“ (თ. უთურგაიძე). ალოტი კი თუშურად იგივე ვეძაა, მლაშე მინერალური წყალია, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ (ალოტს ფშავ-ხევსურეთმი და ქართლის ზოგ კუთხეში მუჯა (||მუნჯა) ან მიტალა ეწოდება). ტოპონიმ ალოტის ერწო-თიანეთში „მოსულობაზე“ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იგი მთელ ამ კუთხეში მარტოდმარტოა, ეულად გამოიყურება. თუშეთში კი (ალბათ ხევსურეთშიც) ალოტტ – სიტყვის შემცველი ადგილის სახელი არაერთგან გვხვდება. თუშეთში, მაგალითად, ცნობილია ადგილი, რომელსაც ალატოან-ი||ალატოვან-ი ეწოდება. მის მიხედვით შერქმევია ერთ-ერთ გადასასვლელს ალატოვნის ხორხი. ეს ალატოან-ი იგივე ალოტ-ო-′ვ′-ან-ია, რაც ამ ადგილებში ვეძა წყლის, ალოტის, არსებობაზე მიგვანიშნებს ალოტ-ოვან-ი-საგან ალატოან- ფორმის მიღება ფონეტიკურად დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: წინამავალ ხმოვანს მომდევნო ხმოვანი ასიმილაციის ძალით დაუმსგავსებია და ისიც ა-დ უქცევია.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები