ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Iveriis Rvtismshobeli.jpg

ათონის მთის ივერიის მონასტრის „კარის“ ღვთისმშობელი - ივერიის „კარის“ ღვთისმშობლად წოდებული ხატი ქ. ნიკეის მახლობლად მცხოვრები კეთილმორწმუნე ქვრივი ქალის ოჯახის სიწმინდეს წარმოადგენდა.


სარჩევი

ხატის ისტორია

რომის იმპერატორ თეოფილეს (829-842) მმართველობის დროს ხატმებრძოლები ანადგურებდნენ წმ. ხატებს და ამავე მიზეზით მივიდნენ ამ ქვრივის სახლში. დაინახეს რა იქ ღვთისმშობლის ხატი, ერთ-ერთმა მებრძოლმა დააპირა მისი აღება, მაგრამ ხატის პატრონი გადაეფარა ხატს და ჯარისკაცს არ დაანება მისი ხელყოფა. მაშინ ხატმებრძოლმა ხმალი მოიქნია ქალის დასაშინებლად და შემთხვევით იგი ლოყაზე მოხვდა ღვთისმშობლის ხატს, საიდანაც შადრევანივით იფეთქა სისხლმა. გაკვირვებულ და შეშინებულ ჯარისკაცებს დედაკაცმა ერთი ქისა ვერცხლი შესთავაზა, ოღონდ ერთი ღამით მაინც დაეტოვებინათ ეს ხატი მათთვის. ხატმებრძოლებმა ხარბად დაავლეს ქისას ხელი და შეშინებულები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

დედაკაცმა, ხატი ხატმებრძოლთა დევნისაგან რომ ეხსნა, იმ ღამეს თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ზღვაში ჩაუშვა და დედა-შვილი მაშინვე სასწაულის მოწმე გახდა, რათა თავიდანვე ნათელი გამხდარიყო მისთვის, რომ კარის ღმრთისმშობელი ნამდვილად სასწაულმოქმედია: ხატი ზეაღიმართა ზღვაზე და დასავლეთის მიმართულებით გასცურა, თითქოსდა უხილავი ძალა მართავსო.

ღმრთის მორწმუნე ქალი ტიროდა და ოხრავდა საუნჯის დაკარგვის გამო, მაგრამ სიზმარში ღმრთისმშობელმა დაამშვიდა: „ხატი ჩემი უნდა გავაგზავნო ერთ-ერთ მონასტერში, რათა მას საუკუნეების მანძილზე თაყვანი სცენ ხალხებმა, სხვადასხვა რასისა და ერის წარმომადგენლებმა. ძე შენი იქ უნდა გავაგზავნო, ხოლო შენ კი ჩემთან მოგიხმობ, რათა მიხილო საკუთრივ მე და არა ჩემი ხატი“. ამ დიდი სიხარულის შემდეგ ღმრთისმოსავმა ქალმა კიდევ ერთხელ დალოცა თავის ძე, რომელიც ათონის მთისკენ გაემართა, ივერიის მონასტერში. იგი კეთილმსახურ ბერად აღიკვეცა და იქადაგა ხატის შესახებ.

ივერონის ღვთისმშობლის ხატი - „კარისა“ - 989 წლის (ზოგიერთი ცნობით 999 წლის) 27 აპრილს (ძვ. სტილით), ბრწყინვალე სამშაბათს, ივერიის მონასტრის სანაპიროსთან საოცარი სანახაობა იხილეს ივერიონის მონასტრის ბერებმა: ზღვაზე რაღაც საგანს ეფინებოდა ზეციური ნათელი ისე, რომ იგი ალმოდებული სვეტივით ჩანდა. გაკვირვებული ბერები ნავებით ჩავიდნენ ზღვაში და იხილეს, რომ ეს სვეტი ღმრთისმშობლის ზეაღმართულ ნაიარევ ხატზე ეშვებოდა.

დიდხანს დასდევდნენ ხატს ათონის მთის ბერები ნავებით, მაგრამ ხატი გაურბოდა, მიუხედავად ბერების მხურვალე ვედრებისა.

ივერიის მონასტრის „კარის“ ღვთისმშობელის ხატის ამობრძანება ზღვიდან

იმ დროს ივერთა სავანეში კლდის გამოქვაბულში ანგელოზებრივი ცხოვრებით გამორჩეული ქართველი ბერი გაბრიელი მოღვაწეობდა. წმიდა ბერს ძილში ზეციური ნათლით გაბრწყინებული ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „გადაეცი წინამძღვარს და ძმებს, რომ სათნოდ მიჩნს ჩემი ხატის თქვენთვის მომადლება. ნიშნად ამისა, გულდაჯერებით შედი ზღვაში და რწმენით გაიარე მის ტალღებზე და ამ სასწაულით ყველა შეიტყობს თქვენი მონასტრისადმი ჩემს შეწევნას და მფარველობას“. ბერმა გამოცხადება წინამძღვარს მოუთხრო და იმავე დილით, ივერონის მამები სავედრებელი გალობით გავიდნენ ზღვის ნაპირზე. ბერმა გაბრიელმა სასწაულებრივად გაიარა ზღვის ტალღებზე, მიეახლა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მის წინ დაიჩოქა და ღმრთისმშობლის სახენაიარევი ხატი კრძალვითა და სასოებით გამოაბრძანა ნაპირზე. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენა წმ. გაბრიელმა, ამოხეთქა მაკურნებელმა წყარომ. ღვთიური სიხარულით აღვსილმა ძმებმა სამი დღე-ღამის განმავლობაში სამადლობელი პარაკლისები აღუვლინეს მოწყალე უფალს და ღმრთისმშობელს. ხატი საკურთხეველში დააბრძანეს, როგორც ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე ივერონთა მონასტრისა.

(ერთ-ერთი გადმოცემით ხატი წყლიდან წმ. გაბრიელ ქართველმა ამოაბრძანა 25 თებერვალს).

ივერონის ღვთისმშობლის ხატის „კარისა“-ს წინასწარმეტყველება

სამდღიანი პარაკლისების შემდეგ ღმრთისმშობლის ნაიარევი ხატი საკურთხეველში შეაბრძანეს, მაგრამ მეორე დღეს კარიბჭეზე ნახეს ჩამოკიდებული. ვერ გაიგეს, თუ როგორ მოხდა ეს. დიდი მოწიწებით ჩამოხსნეს, პარაკლისი გადაუხადეს და დიდი რუდუნებით შეაბრძანეს ისევ საკურთხეველში. მაგრამ მეორე და მესამე დღესაც იგივე განმეორდა: ხატი კარიბჭეზე ხვდებოდათ ჩამოკიდებული. მაშინ ღმრთისმშობელი ისევ გაბრიელ ქართველს გამოეცხადა და უთხრა: „უთხარი იღუმენს, რომ ხატი ჩემი გადმოვეცი თქვენს მონასტერს იმისათვის, რათა ვუდარაჯო და დავიცვა თქვენი მონასტერი და არა მხოლოდ ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც, რათა სასოებდეთ წყალობას ძისა ჩემისა და მეუფისა. ყოველთათვის ამ მთაზე კეთილი რწმენითა და ღმრთის შიშით მცხოვრები ბერებისათვის ეს მადლი ვითხოვე და მივიღე მის მიერ და აი გაძლევთ თქვენ ნიშანს და ვიდრემდისცა იხილავთ ხატს ჩემსას ივერიის მონასტერში, მადლი და წყალობა ძისა ჩემისა არა მოგაკლდებათ ჩემს მიერ“.

სიხარულით აავსო ათონელი ბერები ღმრთისმშობლის დანაპირების მოსმენამ. ივერიის მონასტრის მამებმა ამ დღიდან „კარისა“ ანუ „კარის დარაჯი“ უწოდეს და ასე ჰქვია ამ ხატს დღესაც. მონასტრის კარიბჭესთან ააშენეს საგანგებო ტაძარი და დააბრძანეს იგი ამ ტაძარში.

საეკლესიო წმიდა გადმოცემით, გაბრიელ ქართველის შემდეგ, ღმრთისამშობელი მონასტრის წინამძღოლსაც გამოცხადებია და ასე უთქვამს: „თქვენ კი არ უნდა დამიცვათ, არამედ მე უნდა დაგიცვათ. სანამ მე აქ ვიქნები, არც თქვენ და არც მონასტერს არაფერი დაგიშავდებათ, ხოლო როცა მე დავტოვებ ათონის მთას, იჩქარეთ იბერიისაკენ, რამეთუ ეს იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს. ჩემი გაუჩინარება იქნება ნიშანი ჩემი ღმრთაებრივი ძის მეორედ მოსვლისა. ამ დროს ათონის მთაზეც გამრავდება ურჯულოება, რის გამოც იგი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირება და იბერია გაბრწყინდება.

ამ წინასწარმეტყველებით დაშინებული ბერები ყოველ კვირა დღეს ათონის მთის ყველა მონასტრიდან მოდიან და თაყვანს სცემენ „სახიერ მეკარეს“ - ღმრთისმშობელს და რადგანაც ხატს თავის ადგილას ნახულობენ, მშვიდად ბრუნდებიან უკან.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია - ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,- თბილისი 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები