ადონისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენუსი და ადონისი. ა. კაზანოვა. მარმარილო (1789-1794 წწ.). ჟენევა.
ადონისის სიკვდილი. ჯ. მაცუოლი, მარმარილო, სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ადონისი – სირიულ-ფინიკიურ და ძველ ბერძნულ მითოლოგიაში განასახიერებს მომაკვდავ და კვლავ გაცოცხლებად ბუნებას, ზამთრისა და ზაფხულის ცვლას.

ვენუსი და ადონისი. ტიციანი (1553 წ.), მადრიდი, პრადო.

სახელი „ადონისი“ ითარგმნება როგორც „მეუფე“, „მბრძანებელი“. იგი ფინიკიური წარმომავლობისაა (adon). ადონისის კულტი სწორედ ფინიკიიდან და სირიიდან შემოვიდა საბერძნეთში.


მითოსის ბერძნული ვარიანტის მიხედვით, ერთხელ კვიპროსის მეფე კინირასის მეუღლემ დაიტრაბახა, რომ მისი ქალიშვილი სმირნა თვით აფროდიტეს აღემატებოდა სილამაზით. აფროდიტემ ვერ აიტანა შეურაცხყოფა და სმირნას საკუთარი მამისადმი ვნება აღუძრა. ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ძიძამ ისე დაათრო კინირასი, რომ გონება დაუბნელა. ამას ელოდა შეყვარებული სმირნა. იგი მამის თალამოსს ეწვია და მისი სარეცელი გაიზიარა. როდესაც კინირასი გამოფხიზლდა და შეიგნო, რაც ჩაიდინა, ისე განრისხდა, რომ მახვილით დაედევნა სმირნას. როდესაც დაეწია და მოსაკლავად აღმართა ხელი, აფროდიტემ მირას ხედ გარდასახა მისი სული. ვერც ახლა შეიკავა თავი კინირასმა და ეს ხე ორ ნაწილად გააპო თავისი მახვილით. ნაპრალიდან გადმოვარდა ბავშვი, რომელსაც ადონისი შეარქვეს.


მწარედ ინანა აფროდიტემ. ჩვილი ზარდახშაში მოათავსა და მიცვალებულთა დედოფალს, პერსეფონეს, გაუგზავნა გადასამალად.


ვენუსი და ადონისი. რუბენსი (დაახ. 1614 წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი
ცნობისწადილმა სძლია პერსეფონეს, გახსნა ზარდახშა და მასში ჩვილი ადონისი აღმოაჩინა. ისე ლამაზი იყო იგი, რომ დედოფალმა სასახლეში წაიყვანა აღსაზრდელად. დღითიდღე იზრდებოდა და მშვენდებოდა ადონისი. ეს რომ აფროდიტემ გაიგო, უმალ ჩაეშვა ტარტაროსში და მოითხოვა ადონისი, მაგრამ უარი მიიღო პერსეფონესგან, რადგანაც ჭაბუკი უკვე მისი საყვარელი გამხდარიყო. აფროდიტეც მოიხიბლა მისი მშვენებით, დასატოვებლად ვერ გაიმეტა და დავის გადასაწყვეტად ზევსს მიმართა. ღმერთთა მეუფემ მოიწვია სამსჯავრო მუზა კალიოპეს მეთაურობით. მან კი თანაბარი უფლებები მიანიჭა შეყვარებულ ღვთაებებს. თან მოითხოვა, რომ ადონისს ჰქონოდა დასვენების უფლება რათა ცოტა ხნით მაინც განრიდებოდა ამ სიყვარულით გაუმაძღარ ღვთაებებს. შესაბამისად, კალიოპემ წელიწადი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. წლის ერთი მესამედი ადონისს აფროდიტესთან უნდა გაეტარებინა, ერთი – პერსეფონესთან, დარჩენილი დრო კი – სურვილისამებრ.


მაგრამ აფროდიტე უსამართლოდ მოიქცა: თავისი ჯადო სარტყელით აიძულა ადონისი, რომ მისთვის კუთვნილი დროც აფროდიტესთვის დაეთმო. ამასთანავე მიითვისა პერსეფონეს დროის ნაწილიც და, ამგვარად, უარი თქვა სამსჯავროს გადაწყვეტილების აღსრულებაზე.


სამართლიანად აღშფოთებულმა პერსეფონემ აფროდიტე დააბეზღა მის მეუღლესთან. ეჭვითა და რისხვით აღივსო ომის ღვთაება არესი, უმალ გარეულ ტახად გარდაისახა და იქით გაემართა, სადაც მეტოქე ეგულებოდა. ნადირობის ჟამს დაესხა იგი თავს ადონისს და აფროდიტეს თვალწინ დაფლითა. მისი სისხლის წვეთებიდან აღმოცენდნენ ყვავილები – ანემონები, ხოლო სული კი ტარტაროსში ჩაეშვა. სასოწარკვეთილი აფროდიტე ზევსს მიეახლა და შეევედრა, ისე ექნა, რომ ადონისს წლის მკაცრი თვეები პერსეფონესთან გაეტარებინა, ხოლო ზაფხულის მშვენიერი დღეები – მასთან, რაზეც დიდსულოვნად დასთანხმდა მეხთამტყორცნელი.


ადონისის მითი ფართოდ იყო გავრცელებული მრავალ ქვეყანაში. ფინიკიაში, სირიასა და საბერძნეთში იმართებოდა დიდი დღესასწაულები, ადონიები, რომელთაც თან ახლდა მისტერიები მომაკვდავი ღმერთის დატირებითა და გაცოცხლებული ღვთაებისადმი მიძღვნილი ბრწყინვალე ზეიმით.


ხელოვნებაში ადონისს წარმოსახავდნენ ულამაზეს ყმაწვილად, ჩვეულებრივ, აფროდიტეს გვერდით. ადონისის მითოსის შთაგონებით შეიქმნა ჯორჯონეს, ტიციანის, ტინტორეტოს, ვერონეზეს, რუბენსის, პუსენის, ტორვალდსენის, კაუფმანის და სხვათა დიდებული ტილოები. შექსპირის, ლოპე დე ვეგას, ლაფონტენის და სხვა მწერალთა ქმნილებები.


გადატანითი მნიშვნელობით ადონისს უწოდებენ იშვიათი სილამაზით დაჯილდოებულ კაცს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები