ძველი ატიკური კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ატიკური კომედია – ლიტერატურული კომედიის ადრეული სახეობა ძველ საბერძნეთში, გავრცელებული ატიკაში (მხარე შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში).

ძველი ატიკური კომედია ჩაისახა დიონისესადმი მიძღვნილ სოფლის დღესასწაულებზე. არისტოტელე გვატყობინებს („პოეტიკა“, თ.4), რომ კომედია წარმოიშვა იმპროვიზაციისაგან და სათავეს იღებს ფალიკური სიმღერების წამომწყებთაგან. პირველი ცნობები ძველი ატიკური კომედიის შესახებ დაკავშირებულია ქიონიდეს შემოქმედებასთან (დაახლ. 487 ძვ.წ.), რომელსაც არისტოტელე კომედიების პირველ ავტორად მოიხსენიებს. დაახლ. 464 ძვ.წ. კომედია პირველად იქნა დაშვებული სახელმწიფო დღესასწაულებზე წარმოსადგენად. ძველი ატიკური კომედია ვითარდებოდა ათენის დემოკრატიის პირობებში და შეიცავდა პოლიტიკურ მინიშნებებს. მასში ასახული მოვლენები მოიცავდა საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველა სფეროს და ამასთანავე კარიკატურული შტრიხებით ასახავდა ძალაუფლების წარმომადგენლებს, პოეტებს, ფილოსოფოსებს. ძველი ატიკური კომედიის განუყოფელი ნაწილი იყო ქორო, რომელიც შედგებოდა 24 წევრისაგან და გაყოფილი იყო ორ ნახევარქოროდ. ძველი ატიკური კომედიის წყობა კვლავაც ატარებდა სოფლის დღესასწაულების ანაბეჭდს. მისი არსობრივი ნაწილი კვლავაც იყო აგონი – მთავარ მოქმედ პირთა სიტყვიერი პაექრობა, და ასევე პარაბასა – ქოროს პირდაპირი მიმართვა მაყურებლისადმი. ძველმა ატიკურმა კომედიამ მწვერვალს მიაღწია არისტოფანეს შემოქმედებაში (ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მისმა 11 კომედიამ). მისი წინამორბედები და თანამედროვენი იყვნენ – კრატინი, კრატეტი, ფერეკრატი, ფრინიხი, ევპოლიდი. მათი ნაწარმოებები შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტების სახით. ათენელების მარცხმა პელოპონესის ომში, „ოცდაათი ტირანის“ ძალაუფლების დაწესებამ (404-403 ძვ,წ.) და დემოკრატიის დაცემამ, პოლიტიკურ კომედიას შეუქმნა არახელსაყრელი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტები აღდგენილ იქნა (403 ძვ.წ.), ათენში ჩაცხრა მძაფრი პოლიტიკური ცხოვრება და ძველმა ატიკურმა კომედიამ დაკარგა მასაზრდოებელი ნიადაგი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები