აგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგონი - „საჯარო ასპარეზობა“ ანუ „საზოგადოებრივი შეჯიბრება“ და, ასევე, მისთვის მზადების, სპეციალური ვარჯიშების მთელი სისტემა. აგონისტიკა (ბერძნ. აგონისტიკოს - ბრძოლის უნარის მქონე), უნიკალური მოვლენა იყო, რომელიც შეჯიბრებითობის პრინციპს გულისხმობდა ცხოვრებაში, ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში. ის, თავისთავად, ძველი ბერძნების ეთნიკური ფსიქოლოგიისთვის, კულტურისა და ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უნიკალური თავისებურება თუ ნიშან-თვისება გახლდათ, რაც მას ძველი დროის სხვა ხალხების კულტურებისაგან მკვეთრად განასხვავებდა.

აგონი შეიძლება ყოფილიყო ფილოსფიური, ათლეტური, პოეტური, მუსიკალური და ა.შ. ოლიმპიური თამაშები აგონისტიკის უშუალო გამოვლინება გახლდათ. თანამედროვე ადამიანის მასობრივ ცნობიერებაში ანტიკური აგონი აღიქმება, როგორც ათლეტური, სპორტული შეჯიბრება, მაგრამ აგონისტიკა ანტიკურ ეპოქაში ასე ვიწროდ არ განიხილებოდა. ის არ გახლდათ თვითკმარი, თავისთავადი მოვლენა, არამედ ფართო რელიგიურსა და საზოგადოებრივ კონტექსტში მოიაზრებოდა. აგონები რელიგიური დღესასწაულის ცენტრალურ ელემენტს და საკულტო ქმედებას წარმოადგენდნენ - რიტუალის ორგანულ, შემადგენელ ნაწილს - და არა მხოლოდ ათლეტური ოსტატობისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. აგონის გარდა საკულტო დღესასწაული გულისხმობდა მსხვერპლშეწირვას და საზეიმო პროცესიებს. რიტუალური დღესასწაულის მონაწილენი ამ გზით ღვთაებისადმი რწმენასა და ერთგულებას გამოხატავდნენ, თავის გამარჯვებებს მას უძღვნიდნენ და პირადი ძალისხმევით განადიდებდნენ.

მოკლედ, ელინთა ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო შეჯიბრებითობის, ღირსეული ასპარეზობის, ანუ აგონისტიკის პრინციპი, რომელშიც მონაწილეობდნენ ცალკეული პიროვნებები - პოლისების წარმომადგენლები. ასპარეზობის მიზანი საუკეთესო შედეგის მოპოვება, ანუ გამარჯვება გახლდათ (მეორე და მესამე ადგილი არანაირად არ აღინიშნებოდა), მაგრამ გამარჯვება შეჯიბრების წესების სრული დაცვით, ანუ ღირსეულად უნდა მომხდარიყო. ჯილდოდ გამარჯვებული საზოგადოებრივ აღიარებასა და პატივ-დიდებას იღებდა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები