ყვითელი ასფოდელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი ასფოდელო - Asphodeline lutea (L.) Reichenb.

Asphodeline lutea (L.) Reichenb. – ყვითელი ასფოდელო

მრავალწლოვანი, მოკლე ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ხაზურია, სამწახნაგოვანი, კიდეებზე გლუვი; მტევანი გრძელია და ხშირყვავილიანი; ყვავილები მომწვანო-ყვითელია, თანაყვავილებს აღემატება; თანაყვავილები მურა ფერისაა. ნაყოფი ფართო და მოკლე ელიფსურია, თესლი მსხვილია, გვერდებჩაზნექილი, ზურგის მხარეს აშკარად გამოსახული ორი ღარით, წვრილბორცვიანი და წერტილოვანი ზედაპირით. ყვ. IV-V; ნყ. VI-VIII.

მნიშვნელოვანია მეყვავილეობაში ფართოდ დასანერგად, როგორც იშვიათი, ფრიად დეკორატიული მცენარე. გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთური სახეობაა. საერთო გავრცელება: ყირიმი, ხმელთაშუაზღვის მხარე, მცირე აზია. კავკასიაში გვხვდება: იმიერკავკასია, შავი ზღვის სანაპირო; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი (Гроссгейм, 1940; საქ. ფლორა, 1941).

საქართველოში დიზუნქციური არეალითაა წარმოდგენილი. სპორადულადაა გავრცელებული აფხაზეთში, რაჭასა და ქართლში (საქ. მც.სარკვ., 1969). თბილისის შემოგარენი უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარია სახეობის არეალში, სადაც თანახმად ლიტერატურული მონაცემებისა აღრიცხულია შემდეგ პუნქტებში: მართაზის ხეობა, საგურამო (ზედაზენი), მარტყოფი (Гроссгейм, Сосновский, 1920; მაყაშვილი, 1953).

ყინვა და გვალვაგამძლე მცენარეა. იზრდება ღია ადგილებში, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის კლდოვან და ღორღიან ფერდობებზე, გამეჩხერებულ მდელოს ბალახნარში, ზღ.დ. 700-1200 მ-ის ფარგლებში.

დღევანდელი მდგომარეობით თბილისის მიდამოებში სახეობას გაქრობა ემუქრება. გვხვდება ერთეულად ან პატარა ლაქებად. დაკავებული ფართობი და მასთან ერთად რიცხოვნობა უკიდურესად მცირეა. ინდივიდთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეულით თუ განისაზღვრება.

ძირითადი ლიმიტირების ფაქტორი თვით მცენარის ბიოლოგიაში დევს (დაბალი კონკურენტუნარიანობა), რომელსაც ემატება ადამიანი (მაღალი დეკორატიულობის გამო იკრიფება თაიგულებებისათვის). სადღეისოდ მცენარე როგორც ჩანს ანთროპოგენური სტრესის გამო, ძნელად მისაწვდომ კლდე-ტყის კომპლექსებშია შემორჩენილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები