ოშოშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოშოშა - Glechoma hederacea L.

Glechoma hederacea L. – ოშოშა, ოშოში.
მეგრულადოშოშია.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 60 სმ-მდე სიგრძის დატოტვილი, მხოხავი, მუხლებში დაფესვიანებული ღეროთი, მრავალი წამოწეული ან სწორმდგომი ყლორტებით. ფოთლები მომრგვალო თირკმლისებრია, კიდეებზე მსხვილ მრგვალკბილა, ზედა მხარეზე – მუქი მწვანე, ქვედაზე – უფრო ღია ფერის, მოწითალო იისფერი. ყვავილები შეკრებილია 3-4 - ერთად შუათანა და ზედა ფოთლების იღლიებში ჩხროსებრ ყვავილედებად; გვირგვინი მოცისფრო-იისფერია. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI.

იზრდება ტენიან ადგილებში, ტყის პირებზე, მდელოებზე. მდინარის სანაპიროებზე და როგორც სარეველა ბოსტნებსა და ბაღებში, მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე.

კარგი თაფლოვანი მცენარეა. ნორჩ ყლორტებს, როგორც ბოსტნეულს საჭმელად ხმარობენ.

სამკურნალო ნედლეულს ბალახი, მცენარის მიწისზედა ნაწილები წარმოადგენს, შეიცავს: ტანინებს (მთრიმლავ ნივთიერებებს), საპონინებს (გლიკოზიდებს), ფენოლურ შენაერთებს, მწარე და ფისოვან ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ვიტამინ В4 (ქოლინს), პროვიტამინ А (კაროტინს), მინერალებს: მარგანეცს, კალიუმს, თუთიას, მოლიბდენს, ეთერზეთებს, ამინომჟავებს.

ხასიათდება შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ჭიისმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. წარმოადგენს ანტისეპტიკს. ხალხურ მედიცინაში მცენარის მიწისზედა ნაწილი (ბალახი) რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გასტრიტი, წყლულები, კუჭის კატარი, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ანგინა, ტრომბოფლებიტი, თავისა და კბილის ტკივილი, ბრონქიალური ასთმა, მასტოპატია, ნიკრისის ქარი, ფსორიაზი, ეგზემა, მუნი, თირკმელკენჭოვანი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები; დამტკიცებულია მცენარის ეფექტურობა კიბოსა და ღვიძლის ციროზის დროს. აუმჯობესებს მადას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

გასათვალისწინებელია, რომ მცენარე შხამიანია და მისი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები