ორბელიანი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ორბელიანი

ორბელიანი ალექსანდრე (1802-1869) — პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარომადგენელი. ერეკლე მეფის შთამომავალი.

სწავლობდა კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ — პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წ. აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წ. მსახურობდა მრჩეველის თანამდებობაზე გუბერნიის სამმართველოში. იყო 1832 წ. შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1840) ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთის დაარსების, სკოლების გახსნისთვის.

ა. ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილებისა. მისი პირველი ლექსი „მთოვარე“ გამოქვეყნდა 1832 წ. „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში“. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსების ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში („რუსთაველი“, 1853). მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის მხოლოდ ერთ საკითხს ეხება — ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მართალია, მას საკმაოდ აქვს ინტიმური ხასიათის მიძღვნები, ბუნების ამსახველი ლექსები, მაგრამ ძირითადად პატრიოტული ტენდენცია განსაზღვრავს მის ლირიკასაც („მთოვარე“, „ეპიტაფია საქართველოს მეფის ირაკლისადმი“), პროზასაც („უმანკო სისხლი“) და დრამატურგიასაც („კეთილი ბერიკაცი“, „დავით აღმაშენებელი“, „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო“). 50-60-იან წლებში, საქართველოში დრამის საერთო აღორძინების დროს, ა. ორბელიანიც შეეცადა ამ მხრივ შეევსო მშობლიური ლიტერატურა, მაგრამ მისი დრამატურგია არსებითად განსხვავდებოდა ახალფეხადგმული რეალისტური დრამისგან როგორც თემატურად, ისე სტილის მხრივ. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ა. ორბელიანის უმთავრესი მიზანი. დრამატურგის მიერ წარმოსახული ისტორიული გმირები, მართალია, დიდი პატრიოტული გზნებით გამოირჩევიან, მაგრამ სქემატურობის გამო მოკლებულნი არიან მხატვრულ დამაჯერებლობას. წარსულის იდეალიზება ჩანს ა. ორბელიანის პუბლიცისტურ წერილებშიც („ქართველების ძველი დრო“, „უწინდელი დროის ბატონყმობა საქართველოში“, 1859). ავტორის აზრით, საქართველოში ძველად კლასობრივ ბრძოლას ადგილი არ ჰქონია და ბატონ-ყმობა მამაშვილურ ურთიერთობას იყო დაფუძნებული. იგი ოცნებობდა ფეოდალურ-პატრიარქალური ყოფის რესტავრაციაზე, მის შეგუებაზე აწმყოსთან.

ყურადღებას იმსახურებს ა. ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“. საგულისხმოა ა. ორბელიანის მოსაზრებები ენის საკითხებზე. 60-იანი წლების დასაწყისში. მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას („ქართული უბნობა ანუ წერა“). ა. ორბელიანის ნაწერები 1879 წ. ცალკე კრებულად გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ.

ლიტერატურა

  • ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1913;
  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, 1959;
  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, 1962;
  • ა. გაჩეჩილაძე, ალექსანდრე ორბელიანი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, 1969;
  • ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, 1974.

წყარო

‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები