მშვიდობიანი გავლის პრინციპი ტერიტორიულ წყლებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობიანი გავლის პრინციპი ტერიტორიულ წყლებში – გემების მიერ გზის შემოკლების ან ღია ზღვაში გასვლის მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების გადალახვა, შიდა წყლებში შესვლით ან შეუსვლელად, გემის გასვლა ტერიტორიულ წყლებში ითვლება მშვიდობიანად, თუ მის მიერ არ ირღვევა სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობა, წესრიგი და უშიშროება. მშვიდობიანი გავლის პრინციპი აისახა ჟენევის კონვენციაში ტერიტორიული ზღვისა და მომიჯნავე ზონის შესახებ, ასევე კონვენციაში გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ 1982.

გაეროს კონვენციის თანახმად, უცხოეთის გემების მიერ, რომლებიც ახორციელებენ მშვიდობიანი გავლის უფლებას, დაუშვებელია ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოყენება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მანევრებისა და სწავლების ჩატარება, ინფორმაციის შეგროვება და პროპაგანდა სანაპირო სახელმწიფოს უშიშროების საზიანოდ, გარემოს დაბინძურება, კავშირგაბმულობის ადგილობრივი სისტემის დარღვევა და ა.შ. მშვიდობიანი გავლის დროს უცხოეთის გემი უნდა შედიოდეს იმ კურსის და იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სანაპირო სახელმწიფოს მიერ. მშვიდობიანი გავლისათვის წინასწარი შეტყობინება საჭირო არ არის. წყალქვეშა გემები და სხვა წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები ტერიტორიულ წყლებს ამოტივტივებულ მდგომარეობაში გადიან. ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას უცხოეთის გემები ვალდებულნი არიან დაიცვან სანაპირო სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონები და წესები, რაც შეიძლება ეხებოდეს ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გემების მოძრაობის რეგულირებას; თევზჭერის წესების დარღვევის აღკვეთასა და რესურსების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, საზღვაო სამეცნიერო გამოკვლევებს, საბაჟო, სანიტარიულ, ფისკალურ რეჟიმებს. სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს მიიღოს ზომები არამშვიდობიანი გავლის აღკვეთის მიზნით, მოითხოვოს უცხოეთის გემის მიერ ტერიტორიული წყლების დატოვება, თუ იგი არ იცავს მშვიდობიანი გავლის კანონებსა და წესებს. მშვიდობიანი გავლის დროს გემი არ იხდის არავითარ ბაჟს და მასზე „ალმის კანონი“ მოქმედებს. სანაპირო სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია ვრცელდება ტერიტორიულ წყლებში მყოფ გემზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) ჩადენილი დანაშაულის შედეგები ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოზე;
ბ) დანაშაული არღვევს ქვეყნის სიმშვიდეს ან ტერიტორიულ წყლებში მოქმედ წესრიგს;
გ) თუ ამას ითხოვს ხომალდის კაპიტანი, დიპლომატიური აგენტი ან ხომალდის ალმის ქვეყნის საკონსულო თანამდებობის პირი;
დ) ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული ნივთიერებებით არაკანონიერი ვაჭრობის აღკვეთის მიზნით.
გაეროს კონვენცია მშვიდობიანი გავლის უფლებას ანიჭებს სამხედრო გემებსაც, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით სანაპირო სახელმწიფოს იურისდიქციისაგან. თუმცა თუ ისინი არ იცავენ სანაპირო სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, მას შეუძლია მოითხოვოს სამხედრო გემების მიერ ტერიტორიული წყლების დატოვება. ეს არის კონვენციური მოთხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს და ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა მოწესრიგდეს დიპლომატიური გზით.


იხილე აგრეთვე

  • ჟენევის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციები 1958

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები