დროშა ჯვარისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯვარის მსახურნი მიაბრძანებენ ჯვარის დროშებს.
ხევსურეთი

დროშა – ყველა ღვთისშვილს ანუ ჯვარს, რომელიც პატრონობს რომელიმე საყმოს, თავისი დროშა აქვს. დროშის ნაწილებია: დროშის ტარი („ალმისტანი“), ჯვარსახიანი ბუნიკი, ზანზალაკები და, რაც მთავარია, სხვადასხვა ფერის საკადრისები, რომლებიც დროშის ტარზეა შებმული. დროშას ასევე ამშვენებს ვერცხლის შიბები, ძეწკვები, ვერცხლისავე მონეტები, ვერცხლის სხვადასხვა სამკაულები, რომლებიც მთლიანად შეწირულობებია.

დაშლილი დროშის ნაწილები საგანგებო ზარდახშაში ინახება; დღეობის წინ დროშას შეკაზმავენ, შეაბამენ მასზე სამკაულებს... დროშის აბმა საიდუმლო და საპასუხისმგებლო რიტუალია, იგი მდუმარებაში სრულდება. როცა დღეობაში დროშას ხალხის წინაშე გამოაბრძანებენ, როგორც საქორწინოდ გამზადებულ სასძლოს, მოდღესასწაულენი ქედმოხრით და ჩოქით ეგებებიან მას, როგორც ჯვარის ნიშანს, რომელიც მის სიწმიდეს განასახიერებს. მთელი დღესასწაულის განმავლობაში დროშა სადროშო კოშკზეა მიყუდებელი და მას, მედროშისა თუ მკადრეს გარდა, ვერავინ მიეკარება. დღესასწაულის დასრულებისთანავე დროშას მედროშე წააბრძანებს, კვლავ დაშლიან და მომავალ დღეობამდე ზარდახშაში შეინახავენ.

როცა ჯვარის მსახურნი და ყმანი სოფელში ჩაივლიან, თან მოაქვთ დროშა, რომელიც თავისი ზანზალაკებით ხმას გამოსცემს და ეს ხმა ყველას ესმის, როგორც თავად ღვთისშვილის ხმა. მისი ისეთივე რიდი აქვთ, როგორც პატრონი ღვთისშვილისა, და, როცა მედროშე თუ ხევისბერი მოჩხუბართა გასაშველებლად მათ შორის დროშას ჩადგამს, ვეღარავინ ბედავს ჩხუბს, თითქოს თავად ღვთისშვილი ჩამდგარიყოს მათ შუა. დროშა თავისი სიწმიდის მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა ის ხევისბერს უპყრია ხელთ. ამ დროს არათუ დროშას, მის დამჭერსაც კი ვერ შეეხება კაცი. აი რას წერს ალ. ყაზბეგი „ხევისბერ გოჩაში“: „ხალხმა გაკვირვებით შეხედა ხევისბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა...“

დროშა აუცილებელია როგორც დღესასწაულზე, ისე ბრძოლაში, რაზეც გვეუბნება ერთი ლექსი:

„დავნატრი დაბადებასა ხოშარას ხახაისასა,
აისხამს იარაღებსა ანგელოზსა ღგავ ცისასა,
მხარზედ გაიდებს დროშასა ლაღის
ლაშარის ჯვრისასა,
გამაუზღვება ფშავლებსა, სახელს
ახსენებს ღვთისასა“.

მედროშე ცენტრალური ფიგურაა ლაშქარში და მისი დაცემა დამარცხების ტოლფასია:

ღმერთმა იცოდეს, მეწყინა სიკვდილი ერეკლისაო,
დარჩომა ნაროვანზედა მედროშე ბღარაინაო,
ლეკვებისაგან წაღება ბღარაის ბოვარისაო...

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები