ასსარგადონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასსარგადონი ასურეთის მეფე

ასსარგადონი (აშურ-ახა-იდინ, ძვ.წ. 680-669)ასურეთის მეფე, სინაქერიბის მემკვიდრე. სინაქერიბის მმართველობისას ასსარგადონი ბაბილონის მმართველი იყო. მამამისი სინაქერიბი უმცროს ასსარგადონს უფრო აფასებდა ვიდრე მის უფროს ძმებს და მემკვიდრედ დანიშნა ჯერ კიდევ თავისი მეფობის პერიოდში. სინაქერიბის მკვლელობის შემდეგ (ძვ.წ. 680) მისმა მკვლელებმა სცადეს ტახტის დაკავება, მაგრამ ნინევიელებმა მათ მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც დედაქალაქისკენ ჯარით ასსარგადონი დაიძრა. სინაქერიბის მკვლელები ურარტუში გაიქცნენ. ასსარგადონი ტახტზე ავიდა და მაშინვე მამამისის მკვლელების საწინააღმდეგო მოქმედება დაიწყო. მან მელიდასთან დაამარცხა ურარტუს ჯარით დაბრუნებული მოწინააღმდეგეები და სამეფო ტახტი უფრო მკვიდრად დაიკავა.

ასსარგადონმა აღადგინა ბაბილონი და იქ უამრავი დიდებული შენობა ააგო, ხოლო მოსახლეობას განსაკუთრებული პრივილეგიები შესძინა. ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ სხვა რელიგიური, საკულტო ქალაქებიც. მაგალითად აშური.

პირველი ლაშქრობა ასსარგადონმა კიმერიელების წინააღმდეგ განახორციელა, რადგან ეს მამაცი ტომი თვითონ უქმნიდა საფრთხეს ასურელებს. ასსარგადონის ჯარებმა კიმერიელები ხუბუშნისთან გენერალურ ბრძოლაში გაანადგურეს. ამის შემდეგ მეფემ ეგვიპტის საზღვართან მდებარე აჯანყებული ქალაქის, არზანის დასაშოშმინებლად დაძრა არმიები.

ძვ.წ. 678 წელს ასსარგადონს ბაბილონში საკმაოდ ძლიერი აჯანყების ჩახშობა მოუწია.

ძვ.წ. 677 წელს ასსარგადონმა აიღო და დაანგრია მისი მოწინააღმდეგე ქალაქი სიდონი, რომელიც აბდიმილკუტის, მის აჯანყებულ ძმას მიემხრო. აბდიმილკუტიმ გაქცევა სცადა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. სიდონის ადგილზე ასსარგადონმა ციხე-სიმაგრე ააშენა და ქალდეველები დაასახლა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ასსარგადონს ძღვენი მიართვეს იუდეის მეფე მენაშემ, ფინიკიის მეფე ბაალ I-მა და სირია-ფინიკიის სხვა სამეფოთა მმართველებმა.

ძვ.წ. 676 წელს ასსარგადონმა ილაშქრა არაბეთში. ეს წამოწყებაც წარმატებით დაგვირგვინდა და მეფემ არაბებს დიდი სიმდიდრე და ტერიტორიები წაართვა.

ძვ.წ. 675 წელს მოხდა მცირე გაუგებრობა ელამის სამეფოსთან, თუმცა მალე ამ ქვეყნის მეფე ხუმპანხალთაშ III გარდაიცვალა (ან მოკლეს) და ეს კონფლიქტიც ჩაცხრა.

ძვ.წ. 674 წელს ასურელებმა მეტ-ნაკლები წარმატებით ილაშქრეს მიდიაში და დაიპყრეს ამ ქვეყნის მიწების ნაწილი. იმავე წელს ასსარგადონმა ეგვიპტეში ილაშქრა, თუმცა დამარცხდა ფარაონ ტაჰარქასთან (იმ დროს ეგვიპტე ქუშს ჰქონდა დაკავებული და ტაჰარქა ქუშელი იყო) ბრძოლაში და იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა. ამ ბრძოლის შემდეგ ასურეთის წინააღმდეგ ტიროსის მეფე ბაალიც ამოქმედდა.

ძვ.წ. 673 მიდიელთა ნაწილმა ასურელებისგან განთავისუფლება მოახერხა. ასსარგადონმა სცადა დაებრუნებინა დაკარგული მიწები, მაგრამ უშედეგოდ. იმავე წელს ასურელებმა მოახერხეს ჩრდილოეთით ტერიტორიის გაფართოება.

ძვ.წ. 673-672 წლებში მიდიაში დამოუკიდებელი სამეფო ჩამოყალიბდა და ასურეთის მომავალ დიდ მოწინააღმდეგედ იქცა.

ძვ.წ. 671 წელს ასსარგადონმა გაიმეორა ეგვიპტის დაპყრობის მცდელობა. მან ჯერ ალყა შემოარტყა ტიროსს და უდაბნოს გავლით ეგვიპტისკენ დაიძრა. ფარაონი ტაჰარქა დამარცხდა და ასურელებმა მემფისი აიღეს. ასსარგადონმა ტყვედ ჩაიგდო ტაჰარქას მთელი ოჯახი, თვითონ ქუშელმა ფარაონმა ეგვიპტის სამხრეთით დაიხია. ნილოსის დელტა ასურელებმა შეიერთეს და იქ თავიანთი მმართველები დანიშნეს. ეგვიპტის დამარცხების შემდეგ დანებდა ტიროსიც.

ძვ.წ. 672 წელს მეფე ასსარგადონმა მემკვიდრედ თავისი ვაჟი აშურბანიფალი გამოაცხადა. ამის შემდეგ ასურეთის იმპერიის მესოპოტამიურ ნაწილში მღელვარებები დაიწყო. მეფე იძულებული გახდა თავისი მეორე ვაჟი (ბაბილონელი ქალისგან) ბაბილონის ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა იგივე უფლებებით, რაც აშურბანიფალს ჰქონდა. ძვ.წ. 669 წელს ეგვიპტეში მღელვარება დაიწყო და იქ ჩაყენებული ასურული გარნიზონები ალყაში მოექცნენ. იმავე წელს მეფე მესამედ დაიძრა ნილოსის დელტისკენ, მაგრამ გზად გარდაიცვალა 12 წლიანი წარმატებული მეფობის შემდეგ.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები