ყარაშვილი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარაშვილი ანდრია

ყარაშვილი ანდრია ნიკოლოზის ძე (დ. - 30.XI.1857, თბილისი - გ. - 12.IV.1925, თბილისი) - კომპოზიტორი. პირველი ქართველი პროფესიონალი მევიოლინე. ქართული სავიოლინო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჯერ კიდევ მოწაფეობისას თავისი ხელით დაამზადა ვიოლინო. 1873 გაემგზავრა იტალიაში სასწავლებლად, შემდეგ კონსტანტინოპოლში სასულიერო სასწავლებელში შევიდა და მუსიკის თეორია, გალობა და ორღანზე დაკვრა შეისწავლა. 1878-81 წლებში პეტერბურის კონსერვატორიაში, პროფესორ კრასნოკრუტსკისთან ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა. 1881 გაემგზავრა პოლონეთში და ვარშავის კონსერვატორიაში ცნობილი პედაგოგის, ისიდორ ლოტოს, ხელმძღვანელობით განაგრძო ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა. 1885 წარმატებით დაამთავრა ვარშავის კონსერვატორია, თავისუფალი ხელოვანის წოდება მიიღო და შეუდგა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვარშავაში დაწერა და გამოაქვეყნა თავისი პირველი სავიოლინო ნაწარმოებები „პერპეტუმ მობილე“, „მაზურკა I“ და „მაზურკა II“.

1893 დაბრუნდა საქართველოში. 1894-97 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ქართული დრამატული თეატრის გუნდს, 1895-1920 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. 1900 თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩამოაყალიბა პირველი ქართული სიმებიანი კვარტეტი. დამოუკიდებლობამდეც, დამოუკიდებლობის პერიოდშიც და გასაბჭოების შემდეგაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1905-1919, 1920-22 წლებში იყო „ქართული ფილარმონიული სამუსიკო სასწავლებლის“, 1920-25 წლებში კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის II კონსერვატორიის პედაგოგი. გარდაიცვალა გულის მანკით. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაწარმოებები: ოპერები: დაუმთავრებელი ოპერა „ვეფხისტყაოსანი“. სავიოლინო ნაწარმოებები: „პერპეტუმ მობილე“ (პირველი ქართული სავიოლინო ნაწარმოები), „ბაიათი“, „ფუტკარი“, რომანსები: „ისევ შენ და ისევ შენ“, „დავრდომილი, სნეული“. სიმღერები: „მრავალჟამიერ“, „პატარა მურია“. საფორტეპიანო პიესები: „პოლონეზი“, „ობერეკი“, „საზანდარი“ და სხვ. სიმებიანი კვარტეტები: „ლოთებო“(ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსზე).

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძე, გ. ჩხიკვაძე, ქართული მუსიკის ისტორია, წ. I, „განათლება“, თბ., 1990;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • გ. საყვარელიძე, კომპოზიტორი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1915, №29, №31.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები