სტრატეგიული შეიარაღება
სტრატეგიული შეიარაღება - იარაღის სახეობები, სპეციალური საინფორმაციო-მმართველობითი სისტემები და უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებები სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად. იყოფა სტრატეგიულ შეტევით (სახმელეთო-სარაკეტო კომპლექსები საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებითა და საშუალო სიშორის რაკეტებით, სტრატეგიული წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები) და სტრატეგიულ თავდაცვით (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, საჰაერო თავდაცვის, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის და სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის სარაკეტო კომპლექსები) შეიარაღებად.
სტრატეგიული შეიარაღების საინფორმაციო-მმართველობით სისტემებს განეკუთვნება საბრძოლო მართვის და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო-საანგარიშო, რაკეტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების, კოსმოსური და საჰაერო სივრცის კონტროლის, დაზვერვის კოსმოსურ სისტემებს და სხვა.
თანამედროვე სტრატეგიული შეიარაღების საფუძველს შეადგენს ბირთვული, სარაკეტო-ბირთვული და მაღალი სიზუსტის იარაღი, ხოლო მათი განვითარების მთავარი მიმართულებაა სახმელეთო და საზღვაო ბაზირების დიდი სიშორის მართვადი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებიც აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს.
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების გამოყენების შესაძლო გლობალური კატასტროფული შედეგები იწვევს საომარი კონფლიქტების შეკავების ფორმებისა და ხერხების ძებნის საჭიროებას.