ნაპოლეონის ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა ჟერარი, აუსტერლიცის ბრძოლა

ნაპოლეონის ომები - საფრანგეთის ომები ნაპოლეონ ბონაპარტის კონსულობისა (1799-1804) და ნაპოლეონ I-ის იმპერიის (1804-14 და 1815) პერიოდში, ევროპული სახელმწიფოების კოალიციებისა და ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ.

ნაპოლეონის ომების მთავარი მიზანი იყო საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონობის დამკვიდრება ევროპაში, ტერიტორიული დაპყრობები და მსოფლიო იმპერიის შექმნა, რომლის ცენტრი საფრანგეთი იქნებოდა.

თავდაპირველად ნაპოლეონის ომები მიმართული იყო ყველა ანტიფრანგული კოალიციის ორგანიზატორის – დიდი ბრიტანეთის და კონტინენტზე მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა ავსტრიის ჯარები გააძევა იტალიიდან, შემდეგ გაიმარჯვა რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთისა (1805) და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის (1806-07) ომებში. 1806-14 წლებში ნაპოლეონმა სავაჭრო ბლოკადა მოაწყო ინგლისის წინააღმდეგ („კონტინენტური ბლოკადა“). 1808 წელს საფრანგეთის ჯარები ესპანეთში შეიჭრნენ, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან პარტიზანულ ომს წააწყდნენ, რამაც ხანგრძლივი დროით (1814-ამდე) შებოჭა ფრანგული არმიის მნიშვნელოვანი კონტინგენტი.

ვატერლოოს ბრძოლა, ვილიამ სედლერი

1809 წელს, ავსტრია-საფრანგეთის ომში გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის არმიის კონტროლის ქვეშ თითქმის მთელი ევროპა აღმოჩნდა. 1812 წელს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა და მოსკოვს მიაღწია, მაგრამ მალე იძულებული გახდა მძიმე პირობებში დაეწყო უკან დახევა. ამ წარუმატებელმა ლაშქრობამ და 1813 წელს ლაიფციგთან დამარცხებამ (ლაიფციგის ბრძოლა) დააჩქარეს ნაპოლეონის დამხობა და ევროპის გათავისუფლება ფრანგთა ბატონობისაგან. ნაპოლეონის ომები, დამთავრდა 1815 წლის ვატერლოოს ბრძოლით. ნაპოლეონის ომების დროს შეიქმნა მასობრივი არმიები (ასეულობით ათასი ჯარისკაცი), რამაც გამოიწვია არა მარტო ომის ფორმების, არამედ ბრძოლის წარმოების ხერხების შეცვლაც. ხაზოვანი ტაქტიკა შეიცვალა კოლონებისა და გაფანტული წყობის ტაქტიკით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სახაზო ქვეითობა ბრძოლისათვის ეწყობოდა ბატალიონების კოლონათა ორ ხაზად, რომლებსაც გაფანტული წყობით წინ მიუძღოდა მსუბუქი ქვეითობა, ფლანგებზე იმყოფებოდა კავალერია, უკან კი - სარეზერვო კოლონები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები