ახსარგარდი
ახსარგარდ-ი (ოს. Æхсæргард) – ნართული ეპოსის პერსონაჟის – ახსარის ორლესული მახვილი, რომელიც მითიური ჯუჯა ხალხის – ბHცენთების კუთვნილი ციური მადანისაგან ქურდალაგონმა გამოჭედა და რომლის პირზე დონბეთირის რჩევით გმირმა ავაძ-საცხი წაუსვა. ახსარგარდი ისეთი მტკიცე გამოდგა, რომ მისი დარტყმისაგან ქვა და ლითონი შუაზე სკდებოდა. სწორედ ამ მახვილით ამოხოცა ახსარმა თავისი ძმის – ახსართაგის მკვლელი ქვესკნელის ბინადარი ჯუჯები და მათი ბელადი – ყარამაგი. სალაშქროდ მიმავალ ნართებს ახსარგარდით ხელში წინ მუდამ ახსარი მიუძღოდა. ახსარის სიკვდილის შემდეგ ახსარგარდი მის უფროს ვაჟს ერგო. აქედან მოყოლებული ასე დაწესდა ნართებში: უფროსი ვაჟი მემკვიდრეობით მახვილს იღებდა, უმცროსი – ცხენს.
ტერმინი Æхсæргард-ი ოსურ ენაში აღნიშნავს „ხმალს,“ უფრო ზუსტად æхсæр – „ხმალი“ + кард „დანა“, „მახვილი“. როგორც ჩანს, ახსარგარდის ქვეშ იგულისხმება განსაკუთრებული სახეობის ცივი იარაღი. შესაძლოა ეს იყოს მოკლე ხმალი ანუ დაშნა. აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციალისტების აზრით, ტერმინ æхсæр-ის, როგორც „ძალის“, „სიმამაცის“ გაგება გვიანდელი, მეორეული მოვლენა უნდა იყოს. ნართული თქმულებების მთხრობელებმა კი ახსარგარდი გაიაზრეს, როგორც გმირის – ახსარის მახვილი.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017