უზუნ-ჰასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:40, 20 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზუნ-ჰასანი – (თურქ. გრძელი ჰასანი), ჰასან-ბეგი (დაახლ. 1421-78), აყ-ყოინლუს („თეთრბატკნიან“) თურქმანული დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც 1454-დან განაგებდა დიარბაქირს, ხოლო 1467-1478 – მესოპოტამიას, სომხეთსა და ირანს. 1467 ბოლო მოუღო ყარა-ყოიუნლუს („შავბატკნიანთა“) თურმანთა სახელმწიფოს. 1468 მან თავისი სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი დიარბაქირიდან თავრიზში გადაიტანა. 1469 სძლია თემურიან აბუ საიდს და თავისი ძალაუფლება გაავრცელა ირანზე (ხორასნამდე).

XV ს.60-70-იან წლებში ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კავშირი დაამყარა ვენეციასთან, რომის პაპთან და უნგრეთთან. ანტიოსმალური კოალიციის შექმნას მხარს უჭერდა საქართველოც, მაგრამ უზუნ-ჰასანის პოლიტიკა ამ მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. მან ხელი ვერ შეუშალა ოსმალეთს 1461 დაეპყრო ტრაპიზონის იმპერია, რომელთანაც ნათესაური კავშირი ჰქონდა (მისი ცოლი დესპინა-ხათუნი ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორის დავითის და იყო), ხოლო 1473 სასტიკი მარცხი განიცადა თერჯანთან ოსმალებთან ბრძოლაში.

საქართველოს წინააღმდეგ უზუნ-ჰასანის ლაშქრობების ქრონოლოგია ქართულ და აღმოსავლურ წყაროებში განსხვავებულია. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ 1462 სამცხის მთავარმა უზუნ-ჰასანის დახმარებით სძლია მეფე გიორგი VII-ს. 1473 და 1477 მან ორჯერ დალაშქრა საქართველო. უკანასკნელი ლაშქრობისას აიღო თბილისი და გორი. მეფე ბაგრატ VI-მ და სამცხის მთავარმა ყვარყვარე II-მ მას ზავი სთხოვეს. უზუნ-ჰასანმა საქართველოს დატოვებისთვის (თბილისის გარდა) 16 ათასი დუკატი მოითხოვა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა იტალიელი ელჩი იოსაფატ ბარბარო. ქართველთა ცდა, აღნიშნული თანხის საფასურში მიეცათ ოთხი ძვირფასი ლალის თვალი (ბადახში), უშედეგოდ დასრულდა. უზუნ-ჰასანმა მოაოხრა სამცხეც. მან გაძარცვა აწყურის საკათედრო ეკლესია და თან წაიღო აწყურის განთქმული ხატი. ბაგრატი და ყვარყვარე იძულებული გახდნენ მიეღოთ უზუნ-ჰასანის მოთხოვნა. მათ დამატებით ყოველწლიური ხარკიც დაეკისრათ. უზუნ-ჰასანმა ამის შემდეგ დატოვა საქართველო, მაგრამ შეინარჩუნა თბილისი, ლორე და მისი სანახები და თან წაიყვანა დიდძალი ტყვე. უზუნ-ჰასანის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ თბილისის გამგებლად დატოვებულმა ხალილბეგ-გეგთაშმა დატოვა ქალაქი და თავრიზში დაბანაკდა. თბილისი ისევ ქართველებმა დაიკავეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები